კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის მერიის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

20 ოქტომბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

2015 წლის პირველი იანვრიდან ქუთაისის ადგლობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს, რომლებიც პოზიციებს გამოცხადებული საატესტაციო კონკურსის გზით სავარაუდოდ ორ თვეში დაიკავებენ, ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ ქუთაისის მერი შოთა მურღულია აცხადებს. მან აღნიშნულის თაობაზე  სპეციალური განცხადება რამდენიმე დღის წინ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ დაიცავს ყველა "კარგი თანამშრომლის" "კარგ ხელფასს", რადგან ეს ის ხალხია, ვინც ხელმძღვანელობის მოთხოვნით, საქმე კარგად უნდა აკეთოს. 
 
"ხელფასების გაზრდა კანონსა და კონკურსთან შესაბამისობაში მოხდება. ჩვენ განვიხილავთ ვერსიას, რომლის მიხედვით, ქუთაისის მერიის განყოფილებებისა და სამსახურების ხელმძღვანელებისათვის ხელფასის 200 ლარით გაზრდა განიხილება. მათ სჭირდებათ სტიმული იმისთვის, რომ დაკისრებული მოვალეობა ხარისხიანად შეასრულოს. გაიზრდება, ასევე, პირველი ვიცე-მერის ხელფასი. თუმცა, ეს იქნება 50 ლარიანი და არა მეტი დანამატი," - განაცხადა მურღულიამ.

რაც შეეხება ქუთაისის მერის ხელფასს, მისივე განცხადებით, იგი არ იზრდება და ძველებურად, კვლავ 2750 ლარი რჩება. ვიცე-მერები კი, მომავალი 2015 წლიდან სახელფასო ანაზღაურების სახით 2100 (პირველი ვიცე-მერი) და 2050 (ვიცე-მერი) ლარს მიიღებენ. 

სადაო რჩება პრემიების თემა, რომელზეც როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც დავა დღემდე გრძელდება. 

"აუცილებელი არაა საკრებულოს დეპუტატები, ქალაქის მერები, მუნიციპალიტეტების გამგებლები და ა. შ. ყოველთვე პრემიებს იღებდნენ, ისე როგორც ეს ხდება ქუთაისსა თუ სხვა ქალაქებში," - საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის ეს შენიშვნა რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" ანალიტიკური მოკვლევის საფუძველზე კონკრეტული ციფრებით გაამყარა. აღნიშნული ორგანიზაციის განცხადებით, ქუთაისის მერიის თანამშრომლებზე გასულ, 2013 წელს პრემიის სახით მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯა. 

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ როგორც ქუთაისში, ისე იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებში ამ მიმართულებიით საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იხარჯება და აუცილებელია ყოველივე, რაც შეიძლება მალე, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს.  

"ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს პრემიები არ მიუღიათ. თუმცა, თუ ეს საკითხი გადაიხედება და ადამიანები დამსახურების მიხედვით  სახელფასო დანამატს მიიღებენ, ამაში ცუდი არაფერია. მთავარია, თითოეული დეპუტატის თუ ნებისმიერი თანამდებობის პირის ხელფასი და პრემია გასაჯაროვდეს და ამის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს," - ამბობს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნატო ქათამაძე.

მიუხედავად არსებული წინააღმდეგობისა, როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  ქუთაისის თვითმმართველობის წევრები პრემიებს წლის მანძილზე მაინც მიიღებენ. ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი აცხადებს: "თუ აქამდე ეს ადამიანები წელიწადში სამჯერ იღებდნენ პრემიას, ამიერიდან ორჯერ მიიღებენ. ამით ქალაქის ბიუჯეტიდან ჩვენ 300 ათას ლარს დავზოგავთ. ეს თანხა კი, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას მოხმარდება." 

ახალი ამბები