კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროტესტო აქცია გორის პროკურატურასთან

12 ნოემბერი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორში იუსტიციის სახლთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ გიგა ზარხოზაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 11 ნოემბერს ქალაქ გორის პროკურატურასთან აქცია გამართეს და სასამართლო პროცესის გაჭიანურება გააპროტესტეს.  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 553-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

გიგა ზარხოზაშვილი 10 სექტემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილეა. იგი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანას. საპატრულო პოლიციის შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ ზარხოზაშვილსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ინციდენტის დეტალებზე საუბრისას, სამართალდამცველები მოქალაქის დაუმორჩილებლობასა და კანონდარღვევაზე მიუთითებენ. ზარხოზაშვილის ახლობლები კი პოლიციის მხრიდან უფლებების გადამატებაზე ამახვილებენ ყურადრებას.

მარინე გაგლოშვილი, გიგა ზარხოზაშვილის დედა: „ერთ-ერთმა თანამშრომელმა დამარტყა. ჩემი შვილი ამაზე აღელდა და ამიტომ გაუწია წინააღმდეგობა. მათ არ იცოდნენ, რომ მე დედა ვიყავი. მოვითხოვ პოლიციის მიერ ჩაწერილ მთლიან ფირს. თუ ჩემი შვილი დამნაშავეა და თუ წინააღმდეგობას უწევდა, გვაჩვენონ. პასპორტიც ხელში ეჭირა და მართვის მოწმობაც, ჯდებოდა მანქანაში და ამ დროს სამ-სამი პოლიციელი ზემოდან დაახტა და სამჯერ გამოიყენეს ელექტროშოკი. გადავიხდი ჯარიმას. საპროცესო გარიგებაზე წამოვიდნენ და გაანთავისუფლონ. რაც დაისაჯა, ეყო. ორი თვე საკმარისი იყო მისი დასჯისთვის“.

ეკა ქარელი, თვითმხილველი: „ეს ბავშვი ეუბნებოდა - ხელი არ დამადოთ, მანქანაში ჩემით ჩავჯდებიო. მე ისეთ დროს მივედი, როცა ეს ბავშვი წაქცეული ჰყავდათ და ზედ აჯდა სამი პოლიცელი და ამდენი ხალხის თვალწინ ელექტროშოკს ადებდნენ და ვერ იმორჩილებდნენ. მე თვითონ რაც დავინახე, სამჯერ გამოიყენეს ელექტროშოკი. ჩემი ვარაუდია და ყველასი, ისევ რომ ჩასვეს მანქანაში (ჩატენეს, რასაც ქვია), ბორკილებიანს ისევ დაადეს ელექტროშოკი და როგორც საქონელი, ისე ბღაოდა ბავშვი“.

შსს-ს პრესსამსახურში პოლიციის მხრიდან ელექტროშოკის გამოყენებას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაკავება მას შემდეგ განხორციელდა, რაც ზარხოზაშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი წინააღმდეგობა გაუწია.  

პოლიციის ვერსიას არ იზიარებს დაკავებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მამუკა ნოზაძე, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს.

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი: „გიგა ზარხოზაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არანაირი სახის მტკიცებულება. ბრალდების მხარეს სასამართლო განხილვის დროს ვერ მოყავს ვერც ერთი მოწმე და მიზანმიმართულად აჭიანურებენ პროცესს.  ამავდროულად დანაშაული პოლიციელების მიერ ჩადენილია გიგა ზარხოზაშვილის დედის მიმართ, რაზეც გაგვაჩნია სამედიცინო დოკუმენტაცია. პროკურატურა სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენს - არ ატარებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას, ვინაიდან არსებობს უამრავი მოწმე და ექსპერტიზის დასკვნითაც გამყარდება ის, რომ პოლიციელები ჩადიან მოქალაქეების მიმართ დანაშაულს. პროკურატურას არ სურს ჩვენი მოწმეები დაიკითხონ. სასამართლომ კი ეს უკვე დასაშვებად სცნო. თვალნათლივ დადგინდება, რომ ზარხოზაშვილი არის უდანაშაულო. პროკურატურის ერთადერთი ქმედება ახლა არის ის, რომ გააჭიანუროს საქმის განხილვა“.  

გორის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის რიგით მესამე სხდომა 13 ნოემბერს არის ჩანიშნული. მოსამართლემ ბრალდების და დაცვის მხარეს დამატებითი მტკიცებულებები მოსთხოვა. 

ახალი ამბები