კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გასაუბრებაზე დაკვირვების უფლება არასამთავრობოებმა კომპრომისის გზით მოიპოვეს

25 ნოემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის თვითმმართველობაში გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საატესტაციო კონკურსი აქტიურ ფაზაში შედის. ხმაურიანი წინა ორი ეტაპის შემდეგ წინ მესამე - გასაუბრების პროცესია. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია ობიექტურად მუშაობს, რასაც კონკურსანტების ნაწილი არ ეთანხმება. მეტი გამჭვირვალობისთვის პროცესში ჩართვას არასამთავრობო სექტორი ითხოვს. 

თხოვნაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯერ უარი მიიღეს, მოგვიანებით კი, გასაუბრებაზე დაკვირვების უფლების მიღება მხოლოდ კომპრომისის გზით მოხერხდა. კერძოდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დანარჩენ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ურთიერთშეთანხმების გზით, ერთობლივად უნდა განსაზღვროს, თუ რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელი როგორი რიგითობითა და პერიოდულობით დააკვირდება აღნიშნულ პროცესს. დეტალებზე Humanrights.ge-ს საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ჭიქაბერიძე ესაუბრება.

- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქუთაისის რეგიონულმა ოფისმა, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განცხადებით მივმართეთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. ვითხოვდით ჩამოთვლილი ორგანიზაციების წარმომადგენლების კონკურსის და ატესტაციის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრებას.

- კომისიამ თავიდან  უარი განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები გასაუბრების ეტაპს დაკვირვებოდნენ. მოგვიანებით კი  კომისიის წევრობა შემოგთავაზათ.  თქვენი უარის შემდეგ პოზიცია კვლავ შეცვალა და დღეს მზადაა, თქვენი წინადადება მიიღოს. რით იყო ეს გამოწვეული? 

- კომისიის წევრობა ჩვენთვის არ იყო მისაღები, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვაწარმოებდით დაკვირვებას თავად კომისიაზე და მხოლოდ კონკურსანტის დაკვირვებით შემოვიფარგლებოდით. არადა, ჩვენი მიზანი სწორედ საკონკურსო-სააპელაციო კომისიის მუშაობაზე დაკვირვებაა. ჩვენი ამ პოზიციის შემდეგ კომისიამ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შემდეგი რამ შემოგვთავაზა: აღნიშნულმა ორგანიზაციებმა კონსესუსის გზით შევარჩიოთ კომისიის წევრი, რომელსაც საშუალება ექნება, სრულად ჩაერთოს კომისიის მუშაობაში, მათ შორის - ნებისმიერ კონკურსანტს (მისი კვალიფიკაციისა და ცოდნის ხარისხის შესამოწმებლად) დაუსვას ნებისმიერი რაოდენობისა და სირთულის შეკითხვა. გაცემული პასუხი მხედველობაში მიიღება კონკურსანტის შეფასებისას. ასევე, მას საშუალება ექნება, არ მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიღების დროს და შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია. გარდა ამისა, ზემოთაღნიშნული შეთავაზების უარყოფის შემთხვევაში, კომისია მზად არის, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოგვცეს საშუალება, კონსესუსის გზით განვსაზღვროთ კონკურსზე დამსწრეთა საერთო რაოდენობა და განრიგი, რაც კომისიის მხრიდან შეუზღუდავია. თუმცა, გასაუბრების პროცესზე დასწრების უფლება თავად ჩვენი - არასამთავრობოების მიერ ერთობლივად განსაზღვრული რიგითობით გვექნება. ანუ, გასაუბრებას ჩვენგან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი დაესწრება.

- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტმა საერთოდ არ მოისურვა თქვენი წარმომადგენლის დასწრება? 

- კომისია მას აძლევს  უფლებას, მისი სურვილის შემთხვევაში მოითხოვოს გასაუბრების მის მიმართ წარმოება დამსწრეს გარეშე, რაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კომისიის განმარტებით ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდება.

-  როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ კომისიის მხრიდან არასამთავრობოებს გეძლევათ პროცესზე მხოლოდ  რიგითობით დაკვირვების უფლება და არა საშუალება, რომ ჩაერთოთ ყველანი? მით უფრო, რომ ბევრნი არა ხართ - საუბარია მხოლოდ ოთხ ორგანიზაციაზე.  

- ჩვენი მხრიდან პროცესზე დაკვირვების მიზანი ერთია. გვსურს აღნიშნული კონკურსი და ატესტაცია სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ობიექტურად და მიუკერძოებლად იმუშაოს. დაცული იქნას ყველა კონკურსანტის უფლებები და ინტერესები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, გასაუბრებაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთდროულად, ერთ წარმომადგენელზე მეტის დასწრების შესაძლებლობის მიზეზად დამკვირვებელთა სიმრავლე და კონკურსანტის შესაძლო სტრესის ფაქტორი დასახელდა. თუმცა, მიგვაჩნია, რომ სტრესის   და დამსწრეთა სიმრავლის ფაქტორი თავისთავად გამორიცხულია, რადგან ჯამში სულ ოთხი დამკვირვებელი იგულისხმებოდა. მითუფრო, რომ კონკურსანტს აქვს უფლება საერთოდ უარი თქვას ერთის დასწრებაზეც კი.

ვფიქრობთ, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გასაუბრების პროცესში  არასამთავრობო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა  ის იქნებოდა, რომ  ჩვენ,  ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის ოთხ დამკვირვებელს (თითოდან თითო წარმომადგენელს) ერთდროულად მოგვცემოდა  გასაუბრების ეტაპზე დასწრების უფლება.“

ახალი ამბები