კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრალდება თვითმხილველის გარეშე

1 დეკემბერი, 2014
 
ნათია გოგოლაშვილი

ახალციხის რაიონული სასამართლო მოქალაქე ლელა შველიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც „ცემას ან სხვაგვარ ძალადობას“ გულისხმობს. საქმეზე დაზარალებულად ცნობილია ასპინძაში მცხოვრები ზინა ზედგინიძე-ნინუა. საქმეს მოსამართლე გიორგი ლონდარიძე იხილავს. 25 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე ჩავიდა და სასამართლო პროცესს დაესწრო.

ლელა შველიძე იეჰოვას მოწმეა და ერთი წელია, ასპინძაში, ერეკლე II-ის ქუჩა №10-ში ცხოვრობს. მის წინააღმდეგ აძრული სისხლის სამართლის საქმე 2014 წლის 3 ივლისს მომხდარ ფაქტს ეხება. ბრალდებულის თქმით, ზინა ზედგინიძე-ნინუა თვითონ მიიჭრა მასთან სახლში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ლელა შველიძემ პოლიცია გამოიძახა, ნინუა კი არც პოლიციის თანდასწრებით ერიდებოდა მის სიტყვიერ შეურაცხყოფას. 

„ერთი წელია, ზინა ნინუა მუდმივად ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფის, შევიწროებისა და დევნის  საბაბს ეძებს. არაერთხელ უთქვამს, რომ წავსულიყავით ამ სახლიდან. იგი ყველა მეზობელთან არის ნაჩხუბარი, ყველას ჩაგრავს. მას არაერთხელ ვულანძღივარ ჩემი რელიგიური მრწამსის გამო, არაერთხელ უთქვამს ჩემი შვილებისთვის, რომ ცუდ გზას ვადგავარ. ჩემს შვილებს ემუქრება, თქვენს თავს მასწავლებელს კლასში ჩავატოვებინებო“, - აცხადებს ლელა შველიძე.

ზინა ნინუასგან შველიძეების ოჯახის შევიწროვების ფაქტებს მეზობლებიც ადასტურებენ. ერთ-ერთი მათგანის, ეკა გორელიშვილის განცხადებით, იგი რამდენჯერმე მივიდა პოლიციაში, რომ ზინა ნინუას მხრიდან შველიძეების ოჯახის შევიწროვებასთან დაკავშირებით, განცხადება დაეწერა, მაგრამ ეს პოლიციამ საჭიროდ არ ჩათვალა. 

„ზინა ნინუა უმიზეზოდ გვავიწროვებს და შეურაცხყოფას გვაყენებს. ჩემი და 15 წლისაა, ისე გაანერვიულა, ფსიქოლოგთან დამყავს და წამლებს იღებს. გვწყევლის, ილანძღება, ნათესავების მოსვლას გვიკრძალავს, ამბობს: ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და აქ იეჰოვას მოწმეები რატომ მოდიანო“, - აცხადებს ეკა გორელიშვილი.

საქმეში მეზობლების კოლექტიური განცხადებაცაა წარმოდგენილი, რომელსაც ხელს  11 პიროვნება აწერს. მათი განცხადებით, ზინა ზედგინიძე-ნინუა განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და მუდმივად ავიწროვებს მეზობლებს. „ასპინძაში, ერეკლე მეორის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები მეზობლები შეწუხებულები ვართ ზინა ზედგენიძე-ნინუასაგან, რომელიც აგრესიულია მეზობლების მიმართ, ილანძღება და შეურაცხყოფას გვაყენებს როგორც უფროსებს, ისე ბავშვებს. არ გვაქვს ნორმალურად ცხოვრების საშუალება. გვიშლის საერთო მოკლე გზით სარგებლობის უფლებას. წლების განმავლობაში გვიწევს მისგან შეურაცხყოფის ატანა. არ ვიცით, რომელი ჩვენგანი გავხდებით ხვალ მისი ლანძღვისა და შეურაცხყოფის ობიექტი“, - ვკითხულობთ მეზობლების განცხადებაში.

ლელა შველიძის ადვოკატის, მანუჩარ ციმინტიას ინფორმაციით, ზინა ნინუა 11 ნოემბერს კვლავ მიიჭრა შველიძეების საცხოვრებელ სახლში და შეეცადა ლელა შველიძეს ფიზიკურადაც გასწორებოდა. ადვოკატმა ადამიანის უფლებათა ცენტრს ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც მიაწოდა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ლანძღავს, ემუქრება და შეურაცხყოფს ზინა ნინუა ლელა შველიძესა და მის შვილს, რომელიც მის აგრესიას მობილური ტელეფონის კამერით იღებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ზინა ნინუას დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ლელა შეველიძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „ეს ყველაფერი მოდის დედამისისგან, ის აქეზებს. დედამისი 22 წელია, მაწამებს. ქმარი რომ დამეღუპა,  ნაქირავებში ვცხოვრობდი. ამის გამო მთავრობამ ძველ ბინაში შემასახლა. ამიტომ სულ მეჩხუბება, უნდა, რომ ამ ოროთახიანი ბინიდან გამომიყვანოს და თავისი მეორე გოგო შეასახლოს. თვითონ რამდენიმეა თვეა, სპორტსკოლის შენობაში შემოიჭრნენ  და ყველას გვავიწროვებენ. ლელას შვილები ვიდეოკამერით დამსდევენ. როცა მარტო ვარ სახლში და მეზობლები არ არიან, მაშინ ცდილობენ, შემავიწროვონ და ამაღელვონ. მას შემდეგ, რაც სასამართლოზე დაზარალებულად გამოვედი, არ იციან, რა გააკეთონ. ჩხუბს რომ დამიწყებენ, პირჯვარს ვიწერ და ამაზე ცოფდებიან. მთავაზობდნენ, რომ გავხდარიყავი იეჰოვას მოწმე. მე უარი ვუთხარი. ამის შემდეგ გადამემტერნენ. ის მეზობლებიც, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ მოწმედ გამოდიან, თავისნაირები, იეჰოვას მოწმეები არიან“, - აცხადებს ზინა ზედგინიძე-ნინუა. 

ლელა შველიძისა და მისი მეუღლის განმარტებით, მათ არაერთხელ მოითხოვეს სამართალდამცავი ორგანოებისაგან რეაგირება ზინა ზედგენიძე-ნინუას ქმედებებზე, მაგრამ უშედეგოდ. მათი თქმით, საქმე ლელა შველიძის წინააღმდეგ მას შემდეგ აღიძრა, როდესაც უარი უთხრეს პროკურორს მის მიმართ განრიდების მექანიზმის გამოყენებაზე, რაც უფრო მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებდა. ამას მათი ადვოკატი მანუჩარ ციმინტიაც ადასტურებს: „29 ივლისს გელა და ლელა შველიძეები დაიბარეს პოლიციაში და შესთავაზეს განრიდების გაკეთება. ხოლო 30 ივლისს ღამის 10 საათზე ისინი, არასრულწლოვან შვილთან ერთად, ქუჩიდან მიიყვანეს პოლიციაში, სადაც ალექსანდრე კენჭოშვილმა კვლავ შესთავაზა განრიდება. უარმა ისინი ძალიან გააღიზიანა, რის შემდეგაც დაემუქრნენ, რომ მისცემდნენ პასუხისგებაში“. 

პროკურატურამ ლელა შველიძის წინააღმდეგ საქმე მომხდარიდან (3 ივლისიდან) რამდენიმე კვირის შემდეგ აღძრა და მალევე ბრალდებულად სცნო. საქმეში მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი მოწმე არსებობს - მათი მეზობელი გიორგი გორელიშვილი, რომელიც 25 ნოემბრის სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა. მოსამართლის კითხვაზე, თუ რატომ არ გამოცხადდა პროცესზე გიორგი გორელიშვილი, პროცესზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ტარიელ ზაზაძემ (გამომძიებელმა) განაცხადა, რომ გორელიშვილი მოცემულ მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გიორგი გორელიშვილს დაუკავშირდა. ჩვენთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის და არც ფაქტს შესწრებია. „დაკითხვისას ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი. ჩვენება თავად დაწერეს და ხელი მომაწერინეს. გამომძიებელმა კაკაბაძემ მომაწერინა ხელი. მე არაფერი დამინახავს. ძალიან ნასვამი ვიყავი, როცა საღამოთი მოვიდნენ და წამიყვანეს. მგონი, ბირჟიდან წამიყვანეს. სიმართლე გითხრათ, აღარც მახსოვს. მეორე დღეს, დილით ჩემთან სამსახურში მოვიდნენ, ჩვენება წამიკითხეს და მითხრეს, რომ არაფერი მოხდებოდა, თუ ამ ჩვენებას მოვაწერდი ხელს“, - ამბობს გიორგი გორელაშვილი. მისი თქმით, 25 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გზის ფულის უქონლობა იყო.

გიორგი გორელიშვილის შვილის, ეკა გორელიშვილის განცხადებით, როცა მამამისის ჩვენების შესახებ გაიგო, პოლიციაში წავიდა, რათა მომხდარი გაერკვია. „ვკითხე, თუ რატომ დაკითხეს მამაჩემი ნასვამ მდგომარეობაში, პოლიციამ ასე მიპასუხა: „მამაშენს თავზე რატო ახტები?!“ გამომძიებელმა კაკაბაძემ დამამშვიდა და ჩემი შვილის ჩამოყვანაში (რომელიც გაშორებულ მეუღლესთან იმყოფება) დახმარებას შემპირდა“, - ამბობს ეკა გორელიშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი კომენტარისთვის პროკურორს, ოთარ სანდოძეს, დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ მოვლენებს წინ ვერ გაუსწრებს და სასამართლო პროცესზე მოწმის ჩვენებას დაელოდება: „გიორგი გორელაშვილი სასამართლოზე მობრძანდება, დაიკითხება, გამოირკვევა ყველაფერი და, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“. ამასთან, პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მთავარი მოწმის გამოუცხადებლობა, ლელა შველიძის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მასაც ეჭვებს უჩენს. 

25 ნოემბრის პროცესზე მოწმედ შმაგი პაპიძე (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) და ტარიელ ზაზაძე (გამომძიებელი) დაიკითხნენ.

შმაგი პაპიძე ის ინსპექტორ-გამომძიებელია, რომელმაც გიორგი გორელიშვილი დაკითხა. სასამართლო პროცესზე პაპიძემ დაკითხვის ზუსტი თარიღი ვერ გაიხსენა. აღსანიშნავია, რომ თარიღი არც დაკითხვის ოქმზეა მითითებული, რაც ინსპექტორ-გამომძიებელმა ტექნიკური ხარვეზით ახსნა. შმაგი პაპიძის თქმით, გიორგი გორელიშვილი საკუთარი ნებით მივიდა ასპინძის რაიონის სამმართველოში. დაკითხვის პროცესი კი საპროცესო ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობდა. მისი თქმით, მოწმე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა, ჩვენება  საღ გონებაზე წაიკითხა და ხელი მოაწერა.

გამომძიებელ ტარიელ ზაზაძის თქმით, იგი ესწრებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სადაც ხარვეზები არ დაუფიქსირებია და დათვალიერება კანონის დაცვით განხორციელდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, შემდეგი სასამართლო სხდომა 2 დეკემბერს გაიმართება, იმ იმედით, რომ გიორგი გორელიშვილი მოწმის სტატუსით გამოცხადდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორის, ნინო ცაგარეიშვილის შეფასებით, საქმეში სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები სერიოზულ კითხვებს აჩენს: „ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს გამოეძიებიათ ლელა შველიძის მიმართ სავარაუდო რელიგიური მოტივით განხორციელებული შევიწროების ფაქტი, მათ საქმე მის წინააღმდეგ აღძრეს. ბრალდების მხარეს ერთადერთი პირდაპირი მოწმე ჰყავს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მას დანაშაულის ფაქტი არ დაუნახავს და ძალიან ნასვამ მდგომარეობაში მოაწერინეს ხელი ჩვენებას. იგივეს ადასტურებს მისი შვილიც. მეზობლები ასევე მიუთითებენ, რომ სამართალდამცავების მიერ „დაზარალებულად“ ცნობილი ზინა ზედგინიძე აგრესიულობით გამოირჩევა და შეურაცხყოფას აყენებს სხვა მეზობლებს. ისინი ასევე ადასტურებენ ლელა შველიძის მიმართ ზინა ზედგინიძის მხრიდან რელიგიური მოტივით განხორციელებული თავდასხმის ფაქტებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს შესაბამის ორგანოებს, გამოკვლეულ იქნას აღნიშნულ საქმეში სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებები“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს ლელა შველიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის მონიტორინგს. მონიტორინგი ხორციელდება კანადის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში („რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“). 

ახალი ამბები