კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვეტოდაძლეულ კანონპროექტს არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს

1 დეკემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

"2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხალხის დაკვეთა მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ცხოვრება იყო. კანონპროექტით კი, რომელიც პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ მიიღო, ხელისუფლება სწორედ ხალხის ნებას, დაკვეთას ეწინააღმდეგება. ხელისუფლების შეცვლის დროს ქართულ საზოგადოებას უკანონო მოსმენებსა და მიყურადებებზე არ უოცნებია. მან "ქართულ ოცნებას" ხმა სწორედ უკეთესი მომავლისთვის მისცა. ეს კანონპროექტი კი, უკეთეს მომავალს ნამდვილად არ ნიშნავს" - ასე გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებულ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონპროექტს, რომლის მიხედვით ერთ გასაღებს შს სამინისტრო, მეორეს კი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ფლობს.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის მიღებამდე, პარლამენტმა ვახტანგ ხმალაძის ალტერნატიული პროექტი  "ჩააგდო." "რესპუბლიკელებმა" ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის ფარგლებში მისი ე.წ. "გაკეთილშობილებისთვის" აქტიური მოქმედების პირობა დადეს, თქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომელიც ამ პროექტში იკვეთებოდა. თუმცა, მოგვიანებით "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ნაციონალების" მსგავსად, მისი მუხლობრივი განხილვის პროცესი დემონსტრაციულად დატოვეს.

"ამ დოკუმენტში არაფერი შეცვლილა. თუ რამე შეიცვალა - მხოლოდ უარესობისკენ. შს სამინისტროა მხოლოდ უფლებამოსილი, როცა მოუნდება და როგორც მოუნდება, ისე მოუსმინოს საქართველოს მოქალაქეებს. უმრავლესობას ცალსახა გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ისინი აგრძელებენ "ნაციონალების" ხელისუფლების დროს დამკვიდრებულ მანკიერ მოქმედებებს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით. ეს არის უარესი, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო" - ამ შეფასებების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქართველ კანონმდებლებს უკანონო მოსმენების პრაქტიკის შეწყვეტისკენ, პრეზიდენტს კი, მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდეს. 

მანამდე კი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ "სირცხვილის დერეფანი" მოაწყვეს. ფარული მოსმენების შესახებ კანონზე მსჯელობა 2013 წლის მაისში სწორედ მათი ინიციატივით დაიწყო. სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებების დიდი ნაწილი, რომელიც  არასამთავრობოთა  კამპანიას "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ," მოჰყვა, მაშინ პარლამენტმა გაიზიარა და კანონად აქცია. 

ნინო ლომჯარია, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" თავმჯდომარე: "ეს არ არის წინ, დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი. პირიქით, ეს არის რეგრესული კანონპროექტი, რომლის მიხედვით მთელ რიგ საკითხებში ვითარება უარესდება. ვფიქრობთ, რომ სისტემაზე, რომელიც ამ კანონის მიხედვთ ამოქმედდება, ვითარებაზე, რომელიც ამ ყველაფერს მოჰყვება,  წარმოდგენა არა აქვთ თავად ამ კანონის ინიციატორებს. სხვა შემთხვევაში ისინი მას არ მიიღებდნენ." 

ლაშა ტუღუში, საქართველოს პრესის ასოციაციის დირექტორი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი: "ეს არის დრაკონული, არადემოკრატიული კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შემთხვევაში შს სამინისტროს ექნება საშუალება, როცა უნდა და როგორც უნდა ისე მოუსმინოს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რაც არ შეიძლება. არ შეიძლება ვიღაცეები ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს უძვრებოდნენ სულში, გულში, ჯიბეში." 
  
73 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ამ მაჩვენებლით საქართველოს პარლამენტმა 28 ნოემბერს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი მეორე მოსმენით მიიღო. 30 ნოემბერს კი, პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული საკანონმდებლო დოკუმენტი 82 ხმით, 13 წინააღმდეგ საპარლამენტო უმცირესობისა და სასამოქალაქო სექტორის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დაძლია.

კანონი, რომლის მიხედვით ერთი გასაღები შს სამინისტროს რჩება,  მეორე კი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა, პრეზიდენტმა დაიწუნა და და პარლამენტს გაუმჯობესებული, როგორც თავად განმარტა, "ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული" მოდელი შესთავაზა. მარგველაშვილის ვერსიის მიხედვით მიყურადებას უფლებამოსილი ორგანოები  ახორციელებენ, გასაღები სასამართლოს აქვს, ხოლო ზედამხედველობა ამ პროცესზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პრეროგატივად რჩება. პრეზიდენტის ხედვას ქართველმა კანონმდებლებმა საკუთარი არჩიეს - ვეტოდაძლეულ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. 
     
საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ. აცხადებენ, რომ ყველა კანონიერი გზით გააგრძელებენ ბრძოლას უკანონო მოსმენების წინააღმდეგ, რომლის ლეგალიზაცია ხელისუფლებამ დაუშვა. ისინი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. 

ახალი ამბები