კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტენდენციები შეიცვალა, თუმცა პრობლემები კვლავ ბევრია - ახალგაზრდა იურისტები 2014 წელს აჯამებენ

16 დეკემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

უკანონო, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები საჯარო დაწესებულებებში; დისკრიმინაციული  ქმედებები რელიგიური კუთხით; ძალადობა დაკავებების დროს; პოლიციის მხრიდან მუქარა და ძალისმიერი ქმედებები მოქალაქეების მიმართ;  კანონმდებლობა, რომელიც ხალხს პრობლემებს უქმნის - ამ და სხვა საკითხებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურისტებმა მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.

იურისტები თვლიან, რომ წინასაარჩევნო დაპირებებისა და ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში კვლავ არასახარბიელო ვითარებაა. გრძელდება უკანონო, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები საჯარო დაწესებულებებში, საკრებულოებსა თუ გამგეობებში. ხარვეზებია საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის - თვითმმართველობის კოდექსშიც.

"გასული წლის 12 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. იმავე დღეს საკანონმდებლო ორგანოს წარვუდგინეთ რეკომენდაციები თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებთ. სამწუხაროდ, რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული. არადა, თუ ეს მოხდებოდა, ჩვენ მივიღებდით თვითმმართველობის ბევრად ეფექტურ, მოქნილ მექანიზმს, ვიდრე ეს გვაქვს დღეის მდგომარეობით. რეკომენდაციები ეხებოდა საშტატო ნუსხას. ჩვენი შეთავაზება იყო ადგილობრივ თვითმმართველობებში საშტატო ერთეულები მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე განსაზღვრულიყო  და აღარ იქნებოდა ის ქაოსი, რაც ამჯერად არის," - ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია. იგი საუბრობს, ასევე, რეკომენდაციებზე თანაზიარი გადასახადების შესახებ. იმაზე, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა არასამთავრობო სექტორის მიერ დასახული რეგულაციები ქვეყნის ფინანსური დეცენტრალიზაციის  მიმართულებით.

"მთავარი, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებში უნდა მოხდეს, ესაა - აღმოიფხვრას "ბატონყმური სტანდარტები" - ითქვა შეხვედრაზე. ყურადღება გამახვილდა, ასევე, მოქალაქეების მიმართ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე პოლიციის მხრიდან. 

საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის გიორგი ჭიქაბერიძის განმარტებით, მიმდინარე წლის განმავლობაში საიას არაერთმა პირმა მომართა, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიციის მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, იარაღის ან ნარკოტიკების ჩადების, არჩადენილი დანაშაულის აღიარების იძულების ფაქტებს. 

"ეს ფაქტები მედიის ყურადღების ცენტრშიც არაერთხელ მოექცა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიების ეფექტურად წარმართვის მოთხოვნით საია სისტემატურად      მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ძალოვანი უწყებების მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ეფექტური გამოძიება, დამნაშავის გამოვლენა და ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრება დღემდე პრობლემად რჩება," - ამბობს გიორგი ჭიქაბერიძე. იგი, პროკურატურის არაეფექტურ საქმიანობაზეც ამახვილებს ყურადღებას და გამოსავალს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაში ხედავს. 
 
"ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასევე პრობლემური იყო პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის საკითხი. საიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი არ არის პროკურატურის პოლიტიკურად მიუკერძოებელი საქმიანობისათვის საჭირო გარანტიები. კითხვები ჩნდება ზოგიერთი საქმის გამოძიების სავარაუდო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით, რაც აზიანებს ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს იმიჯს. ზემოაღნიშნული პრობლემების დასაძლევ ერთერთ გზად საიას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ესახება, რაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის სათანადო გამოძიებას უზრუნველყოფს," - განმარტავს ჭიქაბერიძე.

მისი აზრით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ტენდეციები შეიცვალა, თუმცა პრობლემები კვლავ ბევრია. პრობლემად რჩება საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", რომლის მიხედვით ერთი გასაღები შს სამინისტროს რჩება,  მეორე კი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა. "ჩვენი მოთხოვნაა - გავიდეს ე.წ. გასაღები შს სამინისტროდან. აღნიშნულ კანონში, ჩვენი, არასამთავრობოების ჩარევით არაერთი ცვლილება შევიდა. თუმცა, ბოლოს, ყველაფერი მაინც არა ხალხის სასარგებლოდ გადაწყდა. ინტერნეტ სივრცე კონტროლის გარეშე დარჩა," - ამბობს გიორგიჭიქაბერიძე.

იგი აღნიშნული კანონის "გასაჯანსაღებლად" არასამთავრობო სექტორის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებს აანონსებს, რომელიც, მისი განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის პარალელურად გაიმართება და მანამ არ დასრულდება, სანამ უკანონო მოსმენების პრაქტიკა წარსულში არ დარჩება.

ახალი ამბები