კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხოვრება ავარიული ელექტროსადენების ქვეშ

22 დეკემბერი, 2014
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობა დენის ბოძების გადატანას რამდენიმე წელია, ითხოვს. მოსახლეობის თქმით, დაზიანებული ბოძები საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

მაღალი ძაბვის ხაზები, რომლითაც ელექტროენერგია სოფელ ვაჩნაძეანს სოფელ ვაზისუბნიდან მიეწოდება,  მოსახლეობის ეზოებსა და სახლებზე გადის. საყრდენი ბოძები უმეტესად დაზიანებულია, რის გამოც სადენებმა დაბლა დაიწია და მიწიდან, დაახლოებით, 5 მეტრის სიმაღლეზეა. ადგილობრივი ვახტანგ ძულიაშვილის ეზოში კი, მაღალი ძაბვის ხაზი მიწიდან 3,5 მეტრითაა დაშორებული.  

„ჩემს ეზოში სადენები ისეთი დაბლაა დაწეული, ხეხილი გადავჭერით, რადგან  ცეცხლის გაჩენის საშიშროებას ქმნიდა. ბავშვებს ეზოში სათამაშოდ არ ვუშვებთ, გვეშინია, შემთხვევით რამე არ მოარტყან სადენებს და ტრაგედია არ დატრიალდეს. მე სამჯერ გადავრჩი, მსუბუქად დამარტყა დენმა.  გარდა ამისა, ჯანმრთელობა გვაქვს შერყეული, რასაც მთავარი ძაბვის ქვეშ ასე ახლოს ცხოვრებას ვაბრალებთ. წლებია, ვდაობთ, მაგრამ ჩვენი გასაჭირი არავის აინტერესებს. უბედურ შემთხვევას ელოდებიან?!“ -აღნიშნა ვახტანგი ძულიაშვილმა.

ალექსანდრე სოლომნიშვილის თქმით, მაღალი ძაბვის ხაზები მისი საცხოვრებელი სახლის აივანზე გადის. სახლის გვერდით საყრდენი ბოძი დგას, სადაც სადენებია დამაგრებული. საყრდენ ბოძი ისეა დამწვარი, რომ მოსალოდნელია, ძირს ჩამოცვივდეს მაღალი ძაბვის ხაზები, რასაც შესაძლოა, მსხვერპლი მოჰყვეს.

სოლომნიშვილმა, მედიის დახმარებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და ენერგოდისტრიბუციის სათაო ოფისს მიმართა. მისი თქმით, შესაბამისი უწყებებიდან მოვიდნენ, შეამოწმეს და უთხრეს- ბოძი შენ იყიდე და ჩვენ გამოგიცვლითო.

2011 წელს სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანის სერვის- ცენტრის მენეჯერი, ილია ამონაშვილი მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა. ამონაშვილი ავარიული ბოძების გამოცვლას გეგმავდა, თუმცა დღემდე დანაპირები არ შეუსრულებია. 

სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობას განსაკუთრებით აშფოთებს სკოლის უკან მდგარი ბოძები.

„დენის ბოძები ისეა დამპალი, სულ მოლოდინი გვაქვს, რომ წაიქცევა. განსაკუთრებულ საფრთხეს ის ორი ბოძი ქმნის, რომელიც სკოლის უკან დგას. აქ ბავშვები მოძრაობენ და ძალიან საშიშია“, - განაცხადა მარინე სოლომნიშვილმა.

ს/ს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საზოგადოებასთან უთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას განაცხადა,  რომ უახლოეს თვეებში  ვაზისუბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებენ.

„ჩვენ ვიცით ვაზისუბნის მდგომარეობა, მაგრამ ბევრად უფრო კრიტიკული მდგომარეობაა სხვა სოფლებში. ამჟამად, ერთდროულად რამდენიმე სოფელში ქსელის რეაბილიტაციას ვატარებთ. უახლოეს თვეების განმავლობაში ვაზისუბნის ქსელსაც მივხედავთ“, - განაცხადა ბექა ბარამიძემ. 

ადგილობრივები კი, ს\ს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციისგან უსაფრთხოების ზომების დაცვას დროულად მოითხოვენ. 

ახალი ამბები