კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა მოქალაქის პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე

15 იანვარი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია მოქალაქე ნატო უსენაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო, რამაც სისტემატიური ხასიათი მიიღო. 

ნატო უსენაშვილი 2012 წლის 20 ივლისს დაინიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორად. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კი იგი იყო სიღნაღის №13 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნატო უსენაშვილს იბარებდნენ პოლიციასა და პროკურატურაში, ეუბნებოდნენ, რომ იგი იყო დამნაშავე, რადგან ერთდროულად იღებდა ხელფასს სამსახურიდან და საოლქო საარჩევნო კომისიიდან. 

როგორც ნატო უსენაშვილი აცხადებს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი მისგან პირდაპირ მოითხოვდნენ, დაეტოვებინა სამსახური; ასევე მოითხოვდნენ, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა თანამშრომლები. ნატო უსენაშვილის მიერ გაგზავნილი მიმართვები საკრებულოს სახელზე რჩებოდა უპასუხო ან პასუხს სცემდნენ ორი და სამი თვის დაგვიანებით, რაც ხელს უშლიდა სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და უსენაშვილის  მოვალეობების დაუბრკოლებელ შესრულებას. 

რამდენიმეთვიანი უშედეგო დევნის შემდგომ, 2013 წლის 8 აპრილს  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნატო უსენაშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაანთავისუფლა სამსახურიდან. საპასუხოდ, უსენაშვილმა სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც დააკმაყოფილა სარჩელი და ნატო უსენაშვილი აღადგინა სამსახურში. 

2013 წლის 6 აგვისტოს ნატო უსენაშვილმა კვლავ დაიწყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. პარალელურად საკრებულოს და გამგეობის მხრიდან განახლდა სხვადახვა კომისიებით და შემოწმებებით ნატო უსენაშვილზე ზეწოლა, რათა მას კვლავ დაეტოვებინა სამსახური. საკრებულოს დავალებით შეიქმნა საფინანსო კომისია, რომელმაც დაიწყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების საბუღალტრო დოკუმენტაციის შემოწმება. 

სამსახურში აღდგენიდან ორი თვის შემდეგ საკრებულომ უსენაშვილი ისევ გაანთავისუფლა სამსახურიდან. თუმცა, 2014 წლის 27 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ნატო უსენაშვილი სამსახურში აღადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილება ნატო უსენაშვილს ჯერ არ ჩაბარებია და საკრებულომ მისი მუშაობის გარკვეული პერიოდი ახლა უკვე საფინანსო პოლიციას გადაუგზავნა შესამოწმებლად. 

როგორც უსენაშვილი აცხადებს, მას ასევე დევნის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, გელა გელაშვილი, რომელიც დაემუქრა დაპატიმრებით, თუ თავისი სურვილით არ დატოვებდა სამსახურს.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს: 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მაჟორიტარ დეპუტატს, შეწყვიტოს მოქალაქე ნატო უსენაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს, გაითვალისწინოს სიღნაღის რაიონული სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და საგამოძიებო მოქმედებები არ გამოიყენოს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს,   განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი  ნატო უსენაშვილის დარღვეული სამართლებრივი უფლებების აღსადგენად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები