კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

”კრედო” ბანკს მომხმარებელი ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს

15 იანვარი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

შ.პ.ს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“- გურჯაანის ფილიალს სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ეკატერინე რუაძე ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. როგორც ეკატერინე რუაძე ამბობს, მან აღნიშნული ბანკიდან აღებული სესხი დაფარვის ვადამდე ადრე გადაიხადა, ბანკმა დაუდევრობა გამოიჩინა და სესხის განულების ნაცვლად თანხა მის ანგარიშზე ჩარიცხა, აღნიშნული თანხა კი, ყოველთვიურად ეჭრებოდა  სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ანგარიშზე  თანხის გამოლევის შემდეგ კი უკვე დავალიანება დაერიცხებოდა. მომხმარებელმა აღნიშნულის შესახებ მისივე  რვა თვის შემდეგ შეიტყო.

ეკატერინე რუაძესა  და შ.პ.ს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ გურჯაანის ფილიალის სესხების მენეჯერის გიორგი ბუბუნაურს შორის  2013 წლის 11 ივნისს  გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №20130611ERUAD. სესხის მოცულობა იყო 3 700 ლარი, სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 24 თვეს, 2015 წლის 18 ივნისის ჩათვლით. 

ეკატერინე რუაძე სესხის დაფარვას გრაფიკის თანახმად დეკემბრამდე ყოველთვიურად ახორციელებდა. ხოლო 2014 წლის დადგომისთანავე გადაწყვიტა, ვადაზე ადრე დაეფარა სესხი სრულად, რადგან ამის საშუალება მიეცა. ამის გამო მიმართა ბანკს და   სესხის ოფიცერს იოსებ ყანდიაშვილს სთხოვა, დაეანგარიშებინათ მისთვის გადასახდელი ძირი, დაფარვის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და სადაზღვევო პრემიის გადასახდელი.

რუაძის თქმით, ის სესხის ოფიცერს ორი კვირის განმავლობაში აკითხავდა, თუმცა მან არ დაიანგარიშა გადასახდელი თანხის სრული ოდენობა. ამიტომ ეკატერინე რუაძემ თავად დაიანგარიშა   გადასახდელი სესხის სრული ოდენობა და 2014 წლის 18 იანვარს შეიტანა სრულად 3 150,50 ლარი. 

მისი თქმით, ამ თანხაში შედიოდა ძირი თანხაც, პროცენტიც და სადაზღვევო პრემიაც. რომ დარწმუნებულიყო თანხა სრულყოფილად გადაიხადა თუ არა, მან ორ დღეშივე ისევ მიაკითხა ”კრედო” ბანკს.

”20 იანვარს გადახდის ქვითრით მივაკითხე "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს"გურჯაანის ოფისს, შევხვდი ჩემი სესხის ოფიცერს, იოსებ ყანდიაშვილს და მენეჯერს, თორნიკე მეგრელიშვილს, რომელთაც წარვუდგინე გადახდის ქვითარი და ვთხოვე, განემარტათ, რაიმე პრობლემა ხომ არ მექნებოდა მომავალში სესხთან დაკავშირებით. მათი განმარტებით, ყველაფერი წესრიგში იყო და როგორც კარგ მომხმარებელს, შემომთავაზეს ახალი სესხი კარგი პირობებით, რაზეც  უარი განვაცხადე. 2014 წლის სექტემბერში სრულიად შემთხვევით, თავმდებისგან  გავიგე, რომ თურმე ჩემი პირველი სესხი არ არის სრულად დაფარული, ჩემ მიერ შეტანილი თანხა განთავსებული ყოფილა ანგარიშზე და ყოველთვიურად ეჭრება  სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ანგარიშზე  თანხის გამოლევის შემდეგ კი დამერიცხება დავალიანება, რადგან ”კრედო”არ მითვლის სესხს დაფარულად,  შეიძლება დამატებით მომთხოვოს 767.45 ლარის გადახდა”-განაცხადა ეკატერინე რუაძემ. 

ეკა რუაძესთვის აღნიშნული ინფორმაცია  ძალიან მოულოდნელი იყო, ვინაიდან მას  „კრედოდან“ ორი სხვა სესხი ჰქონდა აღებული. 2013 წლის 22 ივლისს   864,0 და 2013 წლის 15 ნოემბერს 799.00 ლარი  განვადებისათვის. ვალების დასაფარად მას აღნიშნულ ბანკში ხშირად უხდებოდა მისვლა, მაგრამ არავის არ უკითხავს თუ რა მიზნით შეიტანა პირველი სესხის ანგარიშზე 3 150,50 ლარი. 
ეკა რუაძემ აღნიშნულის შესახებ განცხადებით მიმართა ბანკის მმართველს ალექსი სოზაშვილს.

”განცხადებაზე წერილობითი პასუხი არ მიმიღია,თუმცა პირად საუბარში სოზაშვილმა ამიხსნა, რომ „პროგრამული“ მიზეზით არ შეეძლოთ სესხის განულება, მაგრამ  ახალი სესხის აღება შემომთავაზა, რათა წინა სესხიც დამეფარა და არ დავზარალებულიყავი. მე განვუცხადე უარი, რადგან აშკარა იყო მათი მხრიდან ჩემ მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. მე განვუცხადე, რომ სესხი დაფარული მქონდა სრულად და გადმოეცათ განულების ფურცელი, მე მათ არა მარტო მატერიალური, არამედ მორალური ზარალიც მომაყენეს”-აღნიშნა ეკატერინე რუაძემ. მისივე თქმით, მან თბილისში, სათაო ოფისსაც ამაოდ მიაკითხა დახმარებისათვის.

"არის თუ არა სესხის ოფიცერი ვალდებული, არაინფორმირებულობის შემთხვევაში, თუ თვალს ადევნებს სესხების დაფარვას, გაარკვიოს მსესხებელთან რატომ იქნა შეტანილი საკმაოდ დიდი თანხა გრაფიკით გათვალისწინებულის მაგივრად? რომ არ ყოფილიყო ინფორმირებული, მაინც უნდა მომხდარიყო გადამოწმება, მით უმეტეს, რომ მსესხებელს ორი სხვა სესხი-განვადებაც აქვს და კარგი გადამხდელია. ეს იქნებოდა კარგი მენეჯმენტი. მე კი, არა თუ შევატყობინე, ორი კვირა დავდევდი სესხის ოფიცერს, რომ დამხმარებოდა თანხის დაანგარიშებაში, რასაც ვერც მაშინ და ვერც ახლა მივაღწიე. მე აქამდე არ მაქვს პასუხი ოფისიდან, თუ საკმარისი არ იყო, რა თანხა აკლდა ჩემ მიერ გადახდილ 3150 ლარს სესხის სრულად დასაფარად.საკუთარი შეცდომის არაღიარებით ბანკი ჩემს გაძარცვას ცდილობს"–განმარტავს ეკატერინე რუაძე.

ადამიანის უფლებთა ცენტრი დაინტერესდა იყო თუ არა ვალდებული სესხის ოფიცერი სრულად დაეანგარიშებინა გადასახდელი თანხა ეკატერინე რუაძესთვის, რაც აკლდა დაახლოებით 13 ლარამდე თანხა ისიც გადაეხდევინებინა და გაენულებინა მისთვის აღებული სესხი რისთვისაც მიმართა შ.პ.ს.  „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“- გურჯაანის ფილიალს, აღმოჩნდა, რომ ბანკის მმართველი ალექსი სოზაშვილი სხვაგან გადაუყვანიათ და პირველი იანვრიდან, მის ადგილას ახალი მმართველი, ჯარჯი ფოთოლაშვილი დაუნიშნავთ. როგორც მან თქვა, ეკა რუაძის საქმეს უკვე გასცნობია და ისიც იმავეს ამბობს, რომ მსესხებლის მიერ წინსწრების დაფარვის შესახებ განცხადება უნდა ყოფილიყო შეტანილი.

"ჩვენ დოკუმენტებით ვხელმძღვანელობთ, ოფისში ვერ ვნახეთ განცხადება წინასწარ დაფარვის თაობაზე  ქალბატონ ეკასი და მაგის გამო არ მოხდა დაანგარიშება დარჩენილი სესხისა. რაც  წერილშიც არის განმარტებული, რომელიც ჩვენმა იურისტებმა მოამზადეს. თანხა ზედმეტიც რომ გადაეხადა გურჯაანის ფილიალის მმართველმა ჯარჯი ფოთოლაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეკითხვაზე  ამხელა თანხას რომ იხდიდა კლიენტი, რატომ არ დააკვალიანა სესხის მენეჯერმა,  მე მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთო– განაცხადა ბანკის მმართველმა.

როგორც ეკატერინე რუაძის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებიდან ჩანს, ხელშეკრულება არ ავალდებულებს მსესხებელს წერილობითი შეტყობინების ფორმას სესხის წინასწარ დაფარვის დროს. აღნიშნული მოითხოვება მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას, რასაც ეკატერინე რუაძის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

"აღსანიშნავია, რომ ოფისში განმიცხადეს, ისევ რომ მუშაობდეს იოსებ ყანდიაშვილი, ამ ფაქტის გამო გავათავისუფლებდითო. ე.ი. თავადაც იციან, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ დაუდევრობას, რამაც მოქალაქეს ზიანი მიაყენა"–განმარტავს ეკატერინე რუაძე. მისივე  თქმით, იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ამ საფინანსო ორგანიზაციის კარგი კლიენტი და შექმნილი ვითარება მით უფრო მძიმე და გულსატკენია მისთვის. 
ეკატერინე რუაძემ გადაწყვიტა  სასამართლოს მიმართოს. 

ახალი ამბები