კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონკურსის მონაწილეების ინტერესებს საია დაიცავს

26 იანვარი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის თვითმმართველობაში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საატესტაციო კონკურსის შედეგებს ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ. კონკურსი, რომელიც საზოგადოების ინტერესის საგანი მისი გამოცხადების წუთიდან გახდა, კვლავ აქტუალურია.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩატარებულ კონკურსს „ბლეფს“ უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია-ს“ ხელმძღვანელი გია გოქაძე: „აქ ტესტირების შედეგები არაფერ შუაშია. ბუნებრივია, იგი არც არავის აინტერესებდა და არც გაითვალისწინებდნენ. მთავარი ქუთაისის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის სურვილები იყო, დაეკმაყოფილებინათ ახლობლების ინტერესები. ასეც მოიქცნენ, გამოცხადებულ პოზიციებზე საკუთარი კადრი დანიშნეს. მით უფრო, რომ კომისიას, სწორედ, საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა და ეს ამბავი არ გაუჭირდებოდათ“.

ქუთაისის მერიაში აღნიშნულს უარყოფენ. მეტიც, აცხადებენ, რომ „სწორედ კონკურსის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები დღეს, როგორც არასდროს, კომპეტენტური კადრითაა დაკომპლექტებული“.
„რა თქმა უნდა, მოსწონთ ეს ყოველივე, რადგან ყველაფერი ისეა, როგორც გათვალეს - საკუთარი კადრი მოიყვანეს. კონკურსიც ხალხის თვალის ასახვევად ჩატარდა. სინამდვილეში, როგორც მერიის, ისე საკრებულოს სამსახურებში ქუთაისის მერის შოთა მურღულიას, ასევე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა  ახლობლები დაინიშნენ“, - აცხადებს „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი  სულხან ქობულაძე.

კონკურსის პირველი ეტაპის - ტესტირების შედეგები (უშუალოდ აპლიკანტთა ქულები) ოფიციალურად უკვე გამოითხოვა საკრებულოს „რესპუბლიკელმა“ წევრმა ნატო ქათამაძემ. როგორც ქათამაძე აცხადებს, მას ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია და მკვეთრი განცხადებების გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. თუმცა, დასძინა,  რომ სხვადასხვა პოზიციაზე დაბალქულიანები, მეტიც, ისეთი ადამიანები დაინიშნენ, რომელთაც კონკურსი საერთოდ არ გაუვლიათ.

ქუთაისის თვითმმართველობაში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საატესტაციო კონკურსის მიმდინარეობას სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად (საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაციის ქუთაისის ფილიალი აკვირდებოდა. თუმცა,  სადამკვირებლო მისია როგორც მას, ისე დანარჩენ სამ ორგანიზაციასაც, მხოლოდ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმართულ გასაუბრების ეტაპზე დაეკისრა. 

საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მზადყოფნა გასაუბრებაზე ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მხოლოდ ერთი კანდიდატის დაშვების შესახებ გამოთქვა, რომელსაც არასამთავრობო სექტორი ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოადგენდა და კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში დააკვირდებოდა პროცესს. კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე, დახურა გასაუბრების შემდგომ მონაწილე პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი. 

„ვფიქრობთ, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა ჩვენთვის, რათა განგვეხორციელებინა პროცესის სრულყოფილი დაკვირვება და მთლიანობაში შეგვეფასებინა გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიების მუშაობა. ის ფაქტი, რომ კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის დახურა გასაუბრების შემდგომ მონაწილე პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი, გვართმევს შესაძლებლობას ვუპასუხოთ  შეკითხვას: რამდენად ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი იყო კომისია თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ჭიქაბერიძე. 

იგი მზადყოფნას გამოთქვამს, ორგანიზაციამ იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს კონკურსის მონაწილეებს, რომლებიც შედეგებს აპროტესტებენ. კონკურსის მონაწილეებმა  დახმარებისთვის საიას უკვე მიმართეს.

ახალი ამბები