კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურას საქმეების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს

26 იანვარი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

23 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, მთავარი პროკურატურა არ იძიებს მთელ რიგ საქმეებს, სადაც იკვეთება პენიტენციალური სისტემისა და სამართალდამცველი სტრუქტურების სისტემური დანაშაულის ნიშნები. 

„მიგვაჩნია, რომ მთავარმა პროკურატურამ, და კერძოდ მთავარმა პროკურორმა, პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები, რადგან დღეს, შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურის ორგანოები, საქმეების გამოძიების თვალსაზრისით, არაეფექტურია. რიგ საქმეებზე გამოძიება არ იწყება, რიგ საქმეებზე კი გამოძიება ჭიანურდება“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თამარ ავალიანმა.

თამარ ავალიანის თქმით, წამებისა და  არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ხშირ შემთხვევაში პროკურატურის მიერ გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების ან ბოროტად გამოყენების მუხლით იწყება, რაც პროკურატურის საქმიანობის არასწორ პრაქტიკას წარმოადგენს. ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების თქმით, დღემდე არ არის გამოძიებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საქმეთა დიდი ნაწილი, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასობრივად შელახვისა და ხელყოფის ფაქტები იკვეთება.  

„ვეხმიანებით 2006 წელს კორტებთან მომხდარი ე.წ. სპეცოპერაციის შედეგად, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სავარაუდო მკვლელობის ფაქტს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება არაეფექტურია. დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი მოხდა, შესაბამისად, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პასუხი და საქმეზე გამოძიების კონკრეტული შედეგები უნდა იყოს დადებული. ამასთან, კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე დამნაშავეთა დაუსჯელობამ გამოიწვია ის, რომ 20 იანვარს იური ვაზაგაშვილი, სავარაუდოდ, მოკლული იქნა საკუთარი შვილის საფლავზე“, - აცხადებს თამარ ავალიანი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებული სავარაუდო ცემისა და წამების საქმეებზე პროკურატურაში, მოწმის სახით, დაუსრულებლად იკითხებიან მოქალაქეები, მაგრამ საქმეთა დიდ ნაწილზე შედეგი არ დგება. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი საქმე თამაზ რასოიანის საქმეა.

„თამაზ რასოიანი საქმეში ცნობილია დაზარალებულად. მან ჩვენებაში დაასახელა მის წამებაში დამნაშავე სავარაუდო პირები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ პირთაგან სასჯელი დამდგარია მხოლოდ ორი პიროვნების მიმართ. დანარჩენების შემთხვევაში კი ამოძიება მიმდინარეობს, თუმცა შედეგი დღემდე დამდგარი არ არის“, - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.
იურისტების თქმით, დღემდე გამოუძიებელია ყოფილ პოლიტპატიმართა ნაწილის საქმეები, რომელთა დიდი ნაწილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მიუხედავად ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხვნისა, რომ შეხვედროდნენ მთავარ პროკურორს და მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე ემსჯელათ, შეხვედრა ვერ შედგა. პროკურატურაში ამის მიზეზად ასეთი პრეცენდენტის არარსებობა დაასახელეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას და მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს საქმეები, რომლებიც ეხება ადამიანების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და უკანონოდ დევნის ფაქტებს. ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, განახორციელოს ქმედითი საპარლამენტო კონტროლი პროკურატურის საქმიანობაზე.
 

ახალი ამბები