კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ემზარ კვიციანი სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

30 იანვარი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„სამართალმა გაიმარჯვა, კოდორის შვილი თავისუფალია" - ამ სიტყვებით შეხვდნენ 28 იანვარს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულ ემზარ კვიციანს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში შეკრებილი ოჯახის წევრები, ახლობლები, დევნილები კოდორის ხეობიდან და სრულიად უცნობი ადამიანები. სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ზემო სვანეთის რეგიონში 11 თვიანი პატიმრობის შემდეგ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განმარტებით, კვიციანს, რომელსაც ბრალად უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა-ხელმძღვანელობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილი) და ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულება ედება  (სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მესამე ნაწილი), საპროცესო გარიგება თავად პროკურატურამ შესთავაზა.

მხარეები 11 თვიან პატიმრობაზე შეთანხმდნენ, რომელიც ალექსანდრე კობაიძის განმარტებით, ემზარ კვიციანს უკვე მოხდილი აქვს.

კვიციანმა სააკაშვილის ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და 2006 წელს ქვეყანა დატოვა. ძებნილად გამოცხადებული კვიციანი საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2014 წლის 28 თებერვალს დაბრუნდა. იგი აეროპორტშივე დააკავეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენის სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრებას მხარეების საპროცესო   შეთანხმება, საბოლოოდ კი, 28 იანვარს კვიციანის დარბაზიდან გათავისუფლება მოჰყვა. თუმცა, მანამდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზში დასწრების მსურველთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი დაუშვა. მიზეზად კი, დარბაზში ადგილების შეზღუდული რაოდენობა დაასახელა. კარს მიღმა დარჩენილებს შორის აღმოჩნდა თავდაცვის ყოფილი მინისტრიც. დავით თევზაძე დანარჩენებისგან განსხვავებით, პროცეზე მოგვიანებით დაუშვეს. დაცვის თანამშრომლებსა და კვიციანის გულშემატკივრებს შორის კი, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. თუმცა, მოგვიანებით, როცა მსჯავრდებული დარბაზიდან გაათავისუფლეს, მღელვარება დაცხრა. 

„ესაა შეთანხმება სასჯელზე და არა - ბრალზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ბრალდებას არ ვცნობთ. ემზარ კვიციანი ბრალს არ აღიარებს", - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.  

რაც შეეხება ემზარ კვიციანს, მან სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განმარტა, რომ უსაფუძვლოდ იყო ძებნილი, ისევე, როგორც გასამართლებული და აპირებს, ყოფილ ხელისუფლებას ამისთვის სასამართლოში უჩივლოს. 

„ამ შეთანხმებას ერთი მიზეზით დავთანხმდი - სხვანაირად, ამ ვითარებაში, სასამართლოს პირობებში სიმართლეს ვერ დავამტკიცებდი. საქართველოს პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სააკაშვილი დაეცვა. ადამიანი, რომელმაც დაარღვია კონსტიტუცია, ხეობაში თავს დაგვესხა ყაჩაღურად. ამისთვის ჯარი გამოიყენა. მას მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებდა. მე ვიცოდი, რომ ჯარი მიატოვებდა იქაურობას და ხეობას ჩააბარებდნენ. ჩვენ ბოლო 10 წელი ვიბრძოდით  კოდორისთვის, ვიცავდით მას. მის დაკარგვას არავის ვაპატიებთ," - განაცხადა ემზარ კვიციანმა. 

ახალი ამბები