კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში ნაგავსაყრელები ეპიდემიის საფრთხეს ქმნიან

30 იანვარი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში 4 წელია, რაც დასახლებიდან 100 მეტრში, ჭერმის ხევის ნაპირზე ნაგავსაყრელია გაკეთებული. ამ ნაგავსაყრელით წლებია, რაც სოფელ ველისციხის მოსახლეობაც სარგებლობს. გურჯაანის დასუფთავების სამსახური სოფელ მუკუზანის მცხოვრებლებს ჰპირდებოდა სოფელ ველისციხეში ნაგავსაყრელის გაკეთებას, რის შემდეგადაც მუკუზანის ნაგსავსაყრელის ტერიოტორიას გაასუფთავებდნენ. გურჯაანის დასუფთავების სამსახურმა დანაპირები არ შეასრულა, რის გამოც მუკუზანის ნაგავსაყრელზე შექმნილი ანტისანიტარია ეპიდემიის საფრთხეს ქმნის. 

ასეთივე მდგომარეობაა სოფელ ვაზისუბანშიც. დასახლებული პუნქტიდან 70 – 80 მეტრის დაშორებით, თელავი – თბილისის სარკინიგზო ხაზის გაყოლებაზე, სოფელ  შაშიანის ხევთან ახლოს. აქ ნაგავსაყრელი სპეციალურად იყო მოწყობილი, სადაც გაჭრილი ორმოები დიდი ხანია გადაივსო და 500 მეტრით არის ზღვარს  გადმოსული, რაც საფრთხეს უქმნის როგორც სოფლის მოსახლეობას, აგრეთვე პირუტყვს. 

„რა უნდოდა რკინიგზის პირზე ნაგავსაყრელს?! გარშემო  ვენახები, ბაღ–ბოსტნები და საძოვრებია, აქვე საცხოვრებელი სახლებია, გზაც ნაგავსაყრელად აქციეს. ირგვლივ ანტისანიტარიაა. გარდა ამისა, ეპიდემიის საშიშროებაცაა. ძაღლებით არის აქაურობა სავსე. ამ ზამთარს თოვლი რომ მოვიდა, ნაგავსაყრელზე მგელიც ნახეს. არადა გვპირდებოდნენ, რომ ნაგავსაყრელს წნორში გადაიტანდნენ“, - აღნიშნა ადგილობრივმა გია ცერცვაძემ.

„სოფელში ბევრი ხევებია და ნაგვით არის სავსე.  ნაგვის გადასაზიდი მანქანა კვირაში ერთხელ  დადის,  ზოგიერთ უბანში კი, სულ არ მიდის. ქარის დროს ნაგვით ივსება ბაღ–ბოსტნები, ჭაბურღილთანაც ნაგავი ყრია, ასეთი ანტისანიტარია არსად მინახავს,  ნაგავში იხრჩობა სოფელი“, - ამბობს ლია სოლომნიშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორი დავით გოგებაშვილი იმედოვნებს, რომ რაიონის ხელმძღვანელობა ნაგავსაყრელების პრობლემას ყურადღებას მიაქცევს.

„ჩვენი მოვალეობაა  ნაგვის მიტანა მითითებულ ნაგავსაყრელებზე. ალბათ, გეგმაში არ არის შეტანილი ის უბნები სადაც არ მიდის დასუფთავების სამსახური, დანარჩენ უბნებში კი, ნაგვის მანქანა ჩვეულებრივ დადის“, - აცხადებს დავით გოგებაშვილი.

სოფელ მუკუზნის რწმუნებულის ეკა ბენდელიანის თქმით, მან სოფელში 1 წლის წინ  გააუქმებინა ნაგავსაყრელი, ნაწილი მშენებლებს ჩაამარხვინა, მაგრამ რაც დარჩა, იმას მოსახლეობა ამატებს ნაგავს.  

„წინა ხელისუფლების დროს, ამ პატარა სოფელში  ველისციხის ნაგავიც იყრებოდა, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო, რადგან ეს ადგილი სოფლის ცენტრია და აქვეა საჯარო სკოლაც. ვაპირებ, უახლოეს პერიოდში მოვაგვარო ეგ საკითხი, გავასუფთაოთ აღნიშნული ტერიტორია და ამკრძალავი ნიშნები დავაყენოთ, რადგან უკანონოდ ნაგვის დაყრაზე ჯარიმებია შემოღებული”, - განაცხადა ეკა ბენდელიანმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ აღნიშნა, რომ ნაგავსაყრელების პრობლემა მხოლოდ მუკუზანის და ვაზისუბნის პრობლემა არაა, არამედ  - მთელი საქართველოს.

„ჩვენს რაიონში, ყველა სოფელში, 15-20 წლის ნაგროვები ნაგავსაყრელებია. ახალი წლიდან ჩუმლაყის ზემოთ სოფლებიდან ნაგავს თელავის ნაგავსაყრელზე გავიტანთ.

თებრვლიდან დავიწყებთ თითოეული სოფლის ნაგავსაყრელების გასუფთავებას. აქამდე ბიუჯეტი არ გვაძლევდა ამის საშუალებას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უბნებს  დასუფთავების სამსახური ემსახურება, მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითნებურად ისევ ნაგავსაყრელებზე ყრის. 

იმის გამო, რომ ნაგავსაყრელების პრობლემა გურჯაანის ყველა სოფელს აზარალებს, დასახმარებლად გარემოს დაცვის სამინისტროს მივმართეთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პრობლემა მალე მოვაგვაროთ“, - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გია გერგიძემ. 

ახალი ამბები