კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაწინაურებული მაღალჩინოსნები, რომლებიც პოლიტპატიმართა საქმეების გამოძიებაში მონაწილეობდნენ

11 თებერვალი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

10 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე“ მუხლი და „საზოგადოებრივი დამცველი“ - პრესკონფერენცია გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ პირთა დაწინაურების გამო, რომლებიც წარსულში მონაწილეობდნენ ყოფილი პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სხვა ტიპის სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში.

ნინო ელბაქიძე („კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი): „საუბარი გვაქვს იმ ადამიანებზე, რომლებიც წარსულში, მეტნაკლებად, დაკავშირებულები იყვნენ  ყოფილი პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სხვა ტიპის სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან. ცნობილია, რომ ამ საქმეების გამოძიება წარიმართა კონკრეტული დარღვევებით, ჩვენებები როგორც ბრალდებულებს, ასევე  მოწმეებს ჩამოართვეს ზეწოლით. ამასთან, მათი მხრიდან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასაც ჰქონდა ადგილი. ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს ამ ადამიანების მაღალ თანამდებობზე დანიშვნის გამო. ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ დღემდე გრძელდება ამ ადამიანების წახალისება, რაც, ჩვენი შეფასებით, ძალიან ცუდი ფაქტია.“

ალეკო ცქიტიშვილი (ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი): „რამდენიმე ადამიანზე გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი დაწინაურებულები არიან მაღალ ინსტანციებში როგორც თავდაცვის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში. მაგალითად, სახელდება რობერტ გრიგალაშვილის გვარი, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროში სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე და, ჩვენი ინფორმაციით, მას წარსულში შეხება ჰქონდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან ე.წ. „ჯაშუშების საქმესთან.“

ირინა ფუტკარაძე („საზოგადოებრივი დამცველი“, თავმჯდომარე): „ამ ადამიანების საქმეები უნდა შეისწავლონ. პასუხები უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: რა გადაცდომები ჰქონდათ, არიან თუ არა ჩართულები დანაშაულებრივ ქმედებებში, ახორციელებდნენ თუ არა ზეწოლას, იყო თუ არა მათი მხრიდან წამების ფაქტები დაფიქსირებული. ზუსტად ეს ის კითხვებია, რომლითაც ჩვენ ასევე მივმართავთ პროკურატურას, რომ დაინტერესდნენ ამ ადამიანების მიერ განვლილი სამსახურეობრივი მოვალეობების შესწავლით.“

ყოფილი პოლიტპატიმრების განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე საქართველოს უახლოეს წარსულში უმაღლესი ხელისუფლების, მთავრობის წარმომადგენელთა და ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ.

„ჩემი დაპატიმრების ე.წ. „ოპერაციის“ ხელმძღვანელი იყო ვალერი ზუმბაძე. 2006 წლის 28 მარტს ჩემს კაბინეტში შემოიჭრნენ და დამაპატიმრეს ყალბი ბრალდების, ჯაშუშობის გამო. მინდა, რომ ბატონი ვალერი გამოვიდეს და თქვას, რომ ჩემი დაკავების ვიდეოკადრებზე თვითონ არ არის ან თქვას, ვინ დაავალა ჩემი დაპატიმრება და რის საფუძველზე“, - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი სიმონ კილაძე.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს ამ ფალსიფიცირებული საქმეების გადახედვა, გრიფით საიდუმლოს მოხსნა და იმ ადამიანების კანონის წესით დასჯა, რომლებმაც ჩვენი საქმეების გამოძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ასევე ჩვენ მოვითხოვთ იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც შემსრულებლებს უშუალოდ დავალებებს აძლევდნენ“, - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია.

ყოფილმა პოლიტპატიმრებმა პრემიერ მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარი პროკურორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას მიმართვა გაუგზავნეს, სადაც დაასახელეს იმ მოქმედ მაღალჩინოსანთა გვარები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მათ დაკავებებში. მათი თქმით, ეს მაღალჩინოსნები არიან: ვალერიან ზუმბაძე, ვლადიმერ დათაშვილი, ოთარ ორჯონიკიძე, არჩილ გვადიბაძე, პოლკოვნიკი სადათეირაშვილი, გიორგი მაზმიშვილი, მიხეილ ბერეკაშვილი, ზვიად ესებუა, დავით დევნოზაშვილი. ყოფილი პოლიტპატიმართა განცხადებით, ეს ადამიანები მოქმედებდნენ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილის, ამირან მესხელისა და ზურაბ ადეიშვილის დავალებებით.

10 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილე ვალერი ზუმბაძე  თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ მან სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:

„ჩემ წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ვრცელდება ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებული ბრალდებები და მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია. იმისათვის, რათა არ მოხდეს საქართველოს თავდაცვის უწყების იმიჯის შელახვა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. მზად ვარ, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში, პასუხი გავცე ჩემი მისამართით დასმულ ყველა კითხვას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გადავწყვიტე, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო სასამართლოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს, გააძლიეროს საპარლამენტო კონტროლი როგორც მსგავსი საქმეების გამოძიებაზე, ისე მიმდინარე საკადრო პოლიტიკაზე.

ახალი ამბები