კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაზისუბნის მოსახლეობა გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს

17 თებერვალი, 2015
 
„თუ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა, მაშინ ისმინოს მშიერი ძროხების ბღავილი“

ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე რომანოვების ყოფილი სასახლე, რომელსაც შემდეგ საცდელ ბაზად იყენებდნენ, შპს „ვაზისუბნის მამულმა“ შეიძინა. სახელმწიფომ რომანოვების ყოფილ სასახლესთან ერთად მის გარშემო არსებული საძოვრებიც გაყიდა. სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობა ამ ფაქტს აპროტესტებს. მათი თქმით, საძოვრები მოსახლეობის საკუთრებაში იყო და სახელმწიფომ ქონება ყოველგვარი გაფრთხილებისა და აუქციონის გარეშე გაყიდა.

იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მცხოვრებთ  კუთვნილ საძოვრებს არ დაუბრუნებენ, 18 თებერვალს მესაქონლეები პირუტყვის თბილისში, მთავრობის სახლთან გადარეკვას და აქციის გამართვას გეგმავენ.  

„სოფელს ადრეც გაუყიდეს საძოვრები. ახლა საცდელი ბაზის მიმდებარედ დარჩენილი საძოვრებიც გაგვიყიდეს. ჩვენი საძოვრები მიზერულ ფასად გაიყიდა, ერთი  კვადრატული მეტრი - 8 თეთრად. 57 ჰექტარი დაახლოებით,  -  50 000 ლარად", –აცხადებს ადგილობრივი გიორგი სოლომნიშვილი.  

ადგილობრივების თქმით, 50 ჰექტარზე მეტი ფართობის საძოვარი, პირდაპირი მიყიდვის გზით, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეზეა გასხვისებული. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალი მეპატრონე საძოვრებზე ვენახის გაშენებას გეგმავს. ასევე, აპირებს სასახლეზე მესამე სართულის დაშენებასა და მის სასტუმროდ გადაკეთებას, რაც დაუშვებელია, რადგან შენობა ისტორიული ძეგლია.

შპს „ვაზისუბნის მამულის“ დირექტორი მალხაზ ჩუგოშვილია. სოფლის მოსახლეობის თქმით, ის, პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის თამარ ჩუგოშვილის მამაა. კომპანიის დამფუძნებელი კი, ბიზნესმენი, თიბისი ბანკის მეპატრონე მამუკა ხაზარაძეა.

შპს „ვაზისუბნის მამულის“ დირექტორის, მალხაზ ჩუგოშვილის განცხადებით, კომპანია რომანოვების ყოფილ სასახლეს ძველ იერსახეს დაუბრუნებს.

„35 ჰექტარი მიწის ნაკვეთი პირდაპირი შესყიდვის გზით შევიძინეთ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი სახნავ-სათესად გამოიყენებოდა და საძოვრებისთვის არ იყო განკუთვნილი. ამის დადასტურება რეესტრსაც შეუძლია. ვაპირებთ, ყველა კანონის დაცვით, აღვადგინოთ სასახლის ძველი იერსახე. მესამე სართულის დაშენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ამ ეტაპზე პროექტის დასრულებული ვერსია არ გვაქვს. როცა შევჯერდებით, პროექტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ვგეგმავთ, შატოს სტილის ვენახების გაშენებას“,- განაცხადა humanrights.ge - თან საუბრისას შპს „ვაზისუბნის მამულის“ დირექტორმა,  მალხაზ ჩუგოშვილმა.

ვაზისუბნის მოსახლეობის თქმით, თითოეულმა მოსახლემ საკუთარი მამულებიდან 0,25 ჰექტარი დათმო, რათა სოფელს საძოვარი მიწები ჰქონოდა. ვაზისუბნის მოსახლეობის განცხადებით, მათ ადრეც შეიტყვეს საძოვრების გასხვისების შესახებ, ამიტომ განცხადებით მიმართეს გურჯაანის გამგეობას, ამ უკანასკნელმა კი მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

2014 წლის 11 მარტს გურჯაანის გამგეობა ოფიციალურ შეტყობინებას უგზავნის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი  მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ზურაბ არსენიშვილს.

„ბატონო ზურაბ, თქვენი 2014 წლის 12 თებერვლის № 133 მომართვის საფუძველზე გაცნობებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ არის თანახმა, სახნავი მიწის ფართობების პრივატიზება მოხდეს. აღნიშნული ნაკვეთები, ფაქტობრივად, სოფლის მიმდებარე საძოვრებს წარმოადგენს, რომლითაც სოფლის მოსახლეობა ყოველწლიურად სარგებლობს, რის გამოც კატეგორიული წინააღმდეგი არიან პრივატიზებისა", – ნათქვამია მიმართვაში.

მიუხედავად ვაზისუბნის მოსახლეობის პროტესტისა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის 13 მაისის განკარგულებით, სოფელ ვაზისუბნის საძოვრები პირდაპირი მიყიდვის გზით გადაეცა შპს „ვაზისუბნის მამულს“ 700 000 ლარის ინვესტიციების გასახორციელებლად.

მალხაზ ჩუგოშვილის თქმით, შპს „ვაზისუბნის მამული“ მოლაპარაკებას აწარმოებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

„მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, შევთავაზეთ, გამოყონ ადგილი, თუნდაც იყოს მაყვლოვანი.  ჩვენ უზრუნველვყოფთ ტერიტორიის ტრაქტორით გასუფთავებას, რათა  მოსახლეობამ საძოვრებისთვის გამოიყენოს. ასევე საუბარია,  შეძენილი მიწის ნაკვეთის 25 ჰექტარზე უარი ვთქვათ და სახელმწიფოს დავუბრუნოთ, თუმცა ამით პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან სხვა ინვესტორი გამოჩნდება და ისევ შეიქმნება გარკვეული სირთულეები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფლის მოსახლეობას გაყიდული საძოვრების ზემოთა მხარეს არსებული 15 ჰექტარი ტყის გაკაფვა და ნაკაფის საძოვრებად გამოყენება შესთავაზა. სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობის განცხადებით, საძოვრებს ზემოთ მდებარე ტყის გაკაფვა კიდევ უფრო დაუშვებელია და მძიმე ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს.

„მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე გვთავაზობენ, საძოვრების ზემოთ მდებარე ტყეს გაგიკაფავთო. ჩვენი წყლის სათავეზე მიდის საუბარი. 15 ჰექტარი ტყის გაჩეხვა სიცოცხლის მოსპობას ნიშნავს. ამასთან იქ წყლის სათავეა და წყლის სათავე რომ განადგურდება, ის არავის აღარ აინტერესებს. იმ შემთხვევაში, თუ საძოვრებს არ დააბრუნებენ,ძროხებს თბილისში გადავრეკავთ”, - აცხადებენ ადგილობრივები.

სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობამ ხელახლა შეაგროვა ხელმოწერები და 2015 წლის 30 იანვარს ერთობლივი განცხადება გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს. 

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩადენილია ენით აუღწერელი უსამართლობა. არ შეიძლება, ერთი ადამიანის სიხარბესა და გაუმაძღრობას შეწიროთ სოფელ ვაზისუბნის 2 000-მდე ოჯახის ინტერესი და ჩვენი ოჯახების მარჩენალი საქონელი საძოვრების გარეშე დატოვოთ. ჩვენ ეს ხელისუფლება იმისთვის არ აგვირჩევია, რომ შიმშილით დაგვხოცოს. ამ უსამართლობის გამო იძულებული ვხდებით, პროტესტის ნიშნად, ამა წლის 18 თებერვალს, ჩვენი სოფლის საქონელი, დაახლოებით, 1 000 სული ძროხა ჩამოვიყვანოთ თბილისში, მთავრობის კანცელარიის, ბიძინა ივანიშვილის სახლსა და მამუკა ხაზარაძის თიბისი ბანკის წინ. თუ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა, მაშინ ხელისუფლებამ ისმინოს მშიერი ძროხების ბღავილი“, -აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს  700 მოსახლე აწერს. 

ახალი ამბები