კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური ვენდეტა აზერბაიჯანელი უფლებადამცველების წინააღმდეგ

23 თებერვალი, 2015
 
ქეთევან ღვედაშვილი, ლიბერალი 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანში ათეულობით ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი დააკავეს. ყველა მათგანი ხელისუფლებისადმი ღია კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ბრალდებებიც თითქმის ერთნაირია  - ნარკოტიკისა და იარაღის ფლობა, ხულიგნობა, სახელმწიფოებრივი ღალატი, გადასახადების დაფარვა, საბუთების გაყალბება, არაკანონიერი მეწარმეობა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ა.შ. საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა Amnesty International  და Human Rights Watch, მათ დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

„აზერბაჯანის მთავრობამ საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი  ნაწილის წინააღმდეგ რეპრესიები  გაამწვავა, რითაც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ისედაც ცუდი იმიჯი კიდევ უფრო გააუარესა. ხელისუფლებამ 33 უფლებადამცველი, პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტი,  ჟურნალისტები და ბლოგერები პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით გაასამართლა“,- ვკითხულობთ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2015 წლის ანგარიშში.

ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხმის მისაწვდენად ყველა მათგანი მისთვის ხელმისაწვდომ პლატფორმას იყენებდა - ჟურნალისტები - მედიასაშუალებებს, სოციალური აქტივისტები - სოციალურ ქსელებს, უფლებადამცვლები სხვადასხვა კამპანიებს აწარმოებდნენ,  საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ევროსაბჭოსთან, ადამიანის უფლებათა კომისარსა და საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან თანამშრომლობდნენ. ამ მხრივ ყველზე მეტად ინტიგამ ალიევი, ლელია იანუსი და რასულ ჯაფაროვი აქტიურობდნენ. ისინი  პოლიტიკური პატიმრების თემაზე ხშირად აპელირებდნენ.

2014 წლის ივნისში, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სიტყვით მიმართავდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ემინ ჰუსეინოვმა, რასულ ჯაფაროვმა და ინტიგამ ალიევმა სტრასბურგში შეხვედრა მოაწყეს და ადამიანის უფლების მდგომარეობის შესახებ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ანგარიში გააკრიტიკეს.

მათ წინააღმდეგ აგორებული უარყოფითი კამპანიები, მათი თანმიმდევრული დაკავება და ერთნაირი ბრალდებები საქმეების პოლიტიკურად მოტივირების  შესახებ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს. საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ იარაღად პროკურატურას იყენებს. სახელმწიფო ბრალდების მიმართ კითხვებს რასულ ჯაფაროვისა და ინტიგამ ალიევის ამჟამად მიმდინარე სასამართლო პროცესებიც ბადებს, სადაც ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები  ამ დრომდე არ გამოკვეთილა.

ამ მხრივ გამონაკლისს არც სასამართლო წარმოადგენს, რომელმაც პატიმრობა უკვე ბევრ უფლებადამცველს, სამოქალაქო აქტივისტსა თუ ჟურნალისტს მიუსაჯა. არსამთავრობო ორგანიზაცია „არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის კვლევების ცენტრის“ თავმჯდომარეს, 2013 წელს დაკავებულ ანარ მამადლის სასამართლომ თავისუფლება 5,5 წლით აღუკვეთა, ჟურნალისტ ფარიზ ჰაშიმლის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, 2014 წელს დაკავებული სოციალური მედიის აქტივისტებს, აბდულ აბილოვს, ომარ მამადოვსა და ელსევერ მურსელის 5 და 5,5 წლით აღუკვეთა თავისუფლება. ეს არასრული ჩამონათვალია იმ პირებისა, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაასამართლეს. იმ ფონზე, როცა პროკურატურა ბრალეულობის დამადასტურებელ საკმარის  მტკიცებულებებს ვერ წარადგენს, სასამართლო კი ბრალდების მხარის ყველა შუამდგომლობას აკმაყოფილებს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაც და მის მიერ გამოტანილი განაჩენებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ხელისუფლების, უფრო კონკრეტულად კი პრეზიდენტის ზეგავლენის უგულებელყოფა რომ რთულია, ამაზე ბაქოში, მძიმე დანაშაულთა სასამართლოს კედელზე გამოკრული აზერბაიჯანის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების, მამა-შვილი ალიევების პორტრეტებიც მეტყველებს.

აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პრობლემები ყოველთვის იყო. ამაზე  საერთაშორისო პარტნიორებიც ხშირად საუბრობდნენ. თუმცა 2013 წლიდან სიტუაცია  კიდევ უფრო დაიძაბა, რასაც მასობრივი დაჭერებიც მოჰყვა. ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და დამოუკიდებელ ჯგუფებზე ზეწოლა  საკანომდებლო მექანიზმებით დაიწყო.

2009  წელს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. 2011 წელს აღნიშნული ხელშეკრულების დასადებად გარკვეული კრიტერიუმები დაწესდა. ვენეციის კომისიამ საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა.

2011 წლის საპარალამენტო ასამბლეის კონფერენციის დროს აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ საქმიანობის შეწყვეტის შესახებ იუსტიციის მინისტრის ბრძანება მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ  2009-2011 წლის საკანონმდებლო ცვლილებებს ფორმალური დატვირთვა ჰქონდა, მან 2013 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მყარი ნიადაგი მოუმზადა. კანონმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი, დაურეგისტრირებელი ჯგუფების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეზღუდა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად,  ჯერ თავად არასამთავრობოს, შემდეგ კი მიღებული გრანტის დარეგისტრირება გახადა აუცილებელი. ამ პროცესში საბოლოო სიტყვა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებას უმეტესად არასამთავრობოების წინააღმდეგ იყენებს. მას 2014  წლიდან უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტები აღარ დაურეგისტრირებია.

არასამთავრობო ორგანიზაციებზე ხელისუფლების ზეწოლა 2014 წელს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილმა საკანონმდებლო ცვლილებამ კიდევ უფრო გაზარდა. მან ხელსუფლებას ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის აკრძალვის უფლება მისცა.

შედეგი კი 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვა და მათი ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაა. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იძულებული გახდა, საქმიანობა შეეწყვიტა.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველებისთვის, ე.წ. შავი სია შეიქმნა. მათ ან აღარ უშვებენ ქვეყნიდან, ან საზღვარზე დაბრკოლებას უქმნიან. ვინც ქვეყნის დატოვება ამ დრომდე ვერ მოახერხა, უსაფრთხო თავშესაფრის მოძებნას აზერბაიჯანის შიგნით ცდილობს. დანარჩენები კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აგრძელებენ მუშაობას.

აღნიშნული პროცესები რამდენიმე ფაქტმა დააჩქარა. ერთ-ერთი ბაქოში  გასამართი 2015 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებია. ხელისუფლებას 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის საკმაოდ არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდა. უფლებადამცველებმა კონკურსი ყურადღების მისაპყრობად გამოიყენეს და კამპანია „იმღერე დემოკრატიისთვის“ წამოიწყეს. მას რასულ ჯაფაროვი და ელენა იანუსი ხელმძღვანელობდნენ. იგი მალევე გადაიზარდა უფრო დიდ კამპანიაში „ხელოვნება დემოკრატიისთვის“. აზერბაიჯანელმა უფლებადამცველებმა კონკურსის გასაშუქებლად ჩასული ჟურნალისტების ყურადღების მიპყრობა მოახერხეს და მათი მეშვეობით ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს მიაწოდეს.

„იმ პერიდოში, როცა არასამთავრობოები ინტერვიუს აძლევდნენ, ცდილობდნენ გაეპროტესტებინათ და მერე გადაეღოთ ეს. შეიკრიბებოდა 10 კაცი, მერე მათ ასი პოლიციელი ესხმოდა თავს, იჭერდა და მედია ამას ძალაუნებურად აშუქებდა“, - იხსენებს სამხრეთ კავკასიაში Human Rights Watch-ის წარმომადგენელი და უფროსი მკვლევარი გიორგი გოგია, რომელიც ფაქტების უშუალო თვითმხილველი იყო.

გოგია ერთ-ერთ ინდიკატორად უკრაინის მოვლენებსაც მიიჩნევს და ფიქრობს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მაიდანზე მიმდინარე პროცესებით შეშინდა და საფრთხის პრევენციას შეეცადა. მისი თქმით, კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილი აზერბაიჯანის ხელისუფლებას წლების განმავლობაში ჰყავდა, თუმცა ასეთი მძიმე ვითარება არასოდეს ყოფილა. 

ზეწოლასა და დაკავებებს ხელი საერთაშორისო საზოგადოების პასიურობამაც შეუწყო. გიორგი გოგია მიიჩნევს, რომ  მსოფლიო ლიდერების მხრიდან ამ ფაქტებს ისეთი კრიტიკა არ მოჰყოლია, რომელსაც აზერბაიჯანი ვერ გადალახავდა.

„ამ ყველაფერზე საერთაშორისო საზოგადოების პასუხი გარკვეული ხარისხით შეშფოთების გამოხატვაა, რაც მაქსიმუმი იყო“,- აღნიშნავს გოგია. ის ამ პასიურობას უკრაინის კონფლიქტითა და ევროპის ენეგროპრობლემით ხსნის.

„ჩვენი მოწოდებაა, აშშ-მ და ევროსაბჭომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ძალიან ღიად მოუწოდონ, რომ უფლებადამცველები ციხიდან გაათავისუფლოს დარეპრესია შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი იმავე პოლიტიკას გამოიყენებს, ეს იმ ორმხირვ ურთიერთობებზე იმოქმედებს, რომელიც მას საერთაშორისო საზოგადოებასთან აქვს“, - აღნიშნავს „ლიბერალთან“ საუბრისას გიორგი გოგია.

სამოქალაქო აქტივისტთა და უფლებადამცველთა დაკავებები აზერბაიჯანის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავჯდომარეობის პერიოდში ხდება. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ერთი მხრივ, ქვეყანაში მიმდინარეობს მოვლენები, რომელსაც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და, მეორე მხრივ, აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის შექმნაზე უამრავ ფულს ხარჯავს.

ეს ბადებს გარკვეულ იმედს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენას ამით მაინც შეძლებს. თუმცა მთავარი მსოფლიო ლიდერების ნებაა, რათა მხოლოდ ზეპირი განცხადებებით არ შემოიფარგლონ და ზეგავლენის მოხდენის რეალური ბერკეტები გამოიყენონ. მით უფრო იმ ფონზე, რომ მათი უმრავლესობა ამ დაკავებებში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს.

ახალი ამბები