კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რელიგიის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

24 თებერვალი, 2015
 
მაკა შამუგია 

15 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრში  პროექტის - „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა. ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ თურქეთში არსებული კანადის საელჩოს დაფინანსებით ახორციელებს. 

პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრი შეისწავლის ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირებული რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიის თავისუფლების დარღვევის სავარაუდო ფაქტებს. მრგვალი მაგიდის მთავარი თემაც სწორედ რელიგიურ უმცირესობათა მიმართ გამოვლენილი უფლებადარღვევათა ფაქტები იყო. დისკუსიაში რელიგიური უმცირესობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დისკუსიას უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი და თანადირექტორი ნინო ცაგარეიშვილი. 

დისკუსიის მსვლელობისას ის მთავარი პრობლემური საკითხები გამოიკვეთა, რომლებიც რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებმა მრგვალ მაგიდასთან წამოჭრეს. როგორც მსჯელობისას გამოიკვეთა, საქართველოში ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პრობლემები მუსლიმებს ექმნებათ.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის თქმით, სახელმწიფო რელიგიური უმცირესობების მიმართ არასწორ პოლიტიკას ახორციელებს. მისი აზრით, რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული სხვადასხვა სახის უსამართლობის შედეგად გამოწვეული პრობლემები მხოლოდ მოლაპარაკებების დონეზე გვარდება, ან კიდევ უფრო მეტად მწვავდება.

„ვფიქრობ, მოხის მეჩეთთან დაკავშირებით შექმნილი კომისია  უსარგებლოა. ეს ფაქტი, ჩემი აზრით, უფრო მეტად ხელს შეუწყობს საქართველოში ესკალაციასა და  სიტუაციის არევას, რაც ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე უფრო მეტად შეარცხვენს. სამთაწყაროშიც არის გარკვეული სახის პრობლემები, მაგ: მუსლიმი მრევლი დადის მეორე სოფელში, რათა პარასკევის ლოცვა შეასრულოს. ამ სოფელში, ნიგვზიანთან და წინწყაროსთან შედარებით, გაცილებით უფრო სერიოზული ინცინდენტი მოხდა. ღამის საათებში, დაახლოებით, ორასამდე ადამიანი მოლას ოჯახში თავს დაესხა, ამის კადრებიც არსებობს. მოსახლეობა შეშინდა, რამდენიმე ხნის განმავლობაში წინამძღვარს სოფელი დატოვებული ჰქონდა. დაიწყო ამაზე გამოძიება, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ადგილობრივი მოსახლეობა ისე შეაშინეს, რომ მუსლიმები საკუთარი უფლებების დაცვაზეც კი უარს ამბობენ. ქობულეთში შემზარავი ფაქტი მოხდა ღორის თავის მიჭედებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური თავისუფლება არ იზღუდება აქ  ფაქტობრივად, იზღუდება განათლების მიღების უფლება. რთულია, ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტებზე სახელმწიფომ გარკვეული ზომები მიიღოს. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას პრეცენდენტი იმისა, რომ ქვეყანაში ასეთი უკანონობები ხდებოდეს“,- განაცხადა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ.

სამცხე-ჯავახეთის მუფთის მოადგილემ, ჯამბულ აბულაძემ შეხვედრაზე ყურადღება ბოლო ორი წლის განმავლობაში ჭელასა და მოხეში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა. მისი თქმით, კონფლიქტში ჩართული სამართალდამცავები მხარეს წარმოადგენენ, რომლებიც, დასჯის სანაცვლოდ, მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან, რაც, მისი აზრით, სამინისტროში არსებულ საკადრო პრობლემებზე მიუთითებს.

„ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების პრობლემაა, რაც, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში იგრძნობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, მოხის სკოლის წინ ბავშვების მშობლები მიწაზე ახოხეს და სცემეს. რა თქმა უნდა, ამ ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა შემდგომში გართულდება. ჩვენ როგორ უნდა ჩავხედოთ მათ თვალებში და მომხდარი როგორ ავუხსნათ მაშინ, როდესაც ამაზე პასუხი არ გაგვაჩნია. მთავარი პრობლემაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. საჭიროა, ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, რათა ჩვენმა საზოგადოებამ დემოკრატიული პრინციპები უფრო კარგად გააცნობიეროს. თუ მართლმადიდებელი არ ხარ, საზოგადოების აზრით, არ ხარ ქართველი და როგორც მტერს, ისე აღგიქვამენ“,- განაცხადა ჯამბულ აბულაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე სამცხე-ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემაც ისაუბრა.

„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 1960 წლიდან აჭარიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა ვცხოვრობთ, დაახლოებით, 2500 კომლამდე. ამ ბოლო დროს გამოიკვეთა მუსლიმთა დისკრიმინაციის პრობლემა. გულსატკენია, როდესაც ჩვენმა დედებმა, რომლებმაც ქართულ იავნანაზე გაგვზარდეს და თავიანთ მანდილში ქართული ენა შემოგვინახეს, ასეთ დედას 75 წლის ქალბატონს, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, და კერძოდ სამმართველოს უფროსი აგინებს. აგრესიული დამოკიდებულება განსაკუთრებით გასული წლიდან ფიქსირდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვ, ყურადღება გაამახვილოს, ასევე საკანონმდებლო ორგანომაც ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოები უნდა შეასრულოს“, - აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ.

შეხვედრაზე პროტესტანტული რელიგიის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, პროტესტანტული რელიგიის წინააღმდეგ გამოვლენილ  უფლებადარღვევით ფაქტებზე ისაუბრეს და რამდენიმე პრობლემური საკითხი წამოჭრეს.

„პროტესტანტულ რელიგიებსაც გვაქვს გარკვეული სახის პრობლემები. მაგალითად, ზაფხულში გვინდოდა სპორტის სასახლეში, იმედის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება, მაგრამ უარი მივიღეთ, რაზეც დაწვრილებით ანგარიშს შემდგომში გამოვაქვეყნებთ. ასევე, აუცილებელია აღინიშნოს სკოლებში ინდოქტრინაციის საკითხი. რაც გამუდმებით ყოველ გაკვეთილზე ხორციელდება. სასულიერო პირის წარმომადგენელი აკადემიურ საათებში შედის გაკვეთილზე, იკავებს მასწავლებლის ადგილს და გაკვეთილებს ატარებს. ამავე დროს,  ბავშვები სკოლებიდან გაჰყავთ, მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური ფილმების საყურებლად. მასწავლებლების მხრიდან ხორციელდება მართლმადიდებლური რელიგიის პროპაგამდა, რაც უდავოდ დასაგმობი და მიუღებელია“, - განაცხადა სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა, ლელა ხონელიძემ.

„ყველაზე მეტად პრობლემურია ადამიანის მიმართ არატოლერანტული კულტურა, მიუღებლობა განსხვავებულის მიმართ. კონკრეტულად, სამ ძირითად საკითხს  გამოვყოფ: საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც არანაირ სტანდარტებში არ ჯდება. საუბარია პედაგოგთა განწყობაზე. ჩატარებული კვლევების შედეგად, გამოკითხულთა 80%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები საშიშროებას წარმოადგენენ საზოგადოებისათვის. მეორე, ეს გახლავთ მედია, რომელიც დისკრიმინაციულია. მესამე ეს არის ხელისუფლების ნება, ამ მხრივაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აღსანიშნავია, რელიგიურ უმცირესობათა სააგენტო, რომელიც პრობლემების მოსაგვარებლად ჩამოყალიბდა, თუმცა იგი უფრო მაკონტროლებელი ინსტიტუციაა, ვიდრე მომგვარებელი. იგი უხეშად ერევა რელიგიური თემების ცხოვრებაში, უხსნის და უნიშნავს წინამძღოლებს. ეს არ არის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი“, - აღნიშნა ევანგელურ- ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარმა, რუსუდან გოცირიძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი, თამარ ავალიანი პროექტის „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაეცნო რელიგიურ უმცირესობათა მიმართ გამოვლენილ სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს. მისი თქმით, პოლიცია ყოველთვის ერიდება, გამოკვეთოს რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ. 

„ჩემთვის, როგორც იურისტისთვისა და პროექტის მონიტორისთვის, საინტერესოა, სახელმწიფოს რა ვალდებულება გააჩნია კონფლიქტის, როგორც პრევენციის, ისე აღმოფხვრის კუთხით.  აღსანიშნავია სავარაუდო გადაცდომის ფაქტები, რომლებიც ჭელასა და მოხეში დაფიქსირდა. გარკვეულწილად, პოლიცია ვალდებული იყო, დისციპლინური სამართალწარმოება დაეწყო სავარაუდო გადაცდომის ფაქტებში გამოვლენილი პოლიციელების მიმართ. პროექტის მსვლელობისას იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ საქმეში პოლიცია კონფლიქტის მხარედ მოგვევლინა. 

არსებობს კანონმდებლობის პრობლემაც, ხშირად რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე გამოძიება 125-ე მუხლით იწყება. ამით პოლიცია ცდილობს, დანაშაულში არსებული რელიგიური ნიშნის გამოკვეთას თავი აარიდოს, რაც გაცილებით მძიმე დანაშაულია, ვიდრე - ფიზიკური შეურაცხყოფა“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, თამარ ავალიანმა. 

სამართალდამცავი პირების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა, ქეთი სართანიამაც ისაუბრა.

„ჩვენ  ვიყავით  მოხეში და ძირითადი პრობლემა, რაც მე აღმოვაჩინე, იყო უფლებამოსილების გადამეტება სამართალდამცავი პირების მხრიდან. ფიზიკური დაპირისპირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოძიების არარსებობა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. 

აღსანიშნავია საკულტო ნაგებობები და ქონების პრობლემები, რაც სხვადასხვა რელიგიის ჯგუფებს გააჩნიათ, ასევე ეკონომიკური განვითარების პრობლემები და განათლების თემა. საშუალო სკოლებში ხშირია რელიგიური უფლებების დარღვევისა  და დისკრიმინაციის ფაქტები. ასევე იკვეთება რელიგიური ნაციონალიზმის პრობლემა, ქართველ მუსლიმებს ხშირად უწოდებენ  „თათრებს“, „თურქებს“, რაც, თავის მხრივ, განათლების საკითხსა და სახელმწიფოს პოზიციას უკავშირდება“,- განაცხადა ქეთი სართანიამ.

სახალხო დამცველის აპარატის ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაკა გიოშვილის თქმით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კანონი სახალხო დამცველს  უფრო მეტ ძალაუფლებას ანიჭებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, გამოკვეთოს, გამოიძიოს, შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები და შეიმუშაოს რეკომენდაციები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ვარლამ ხათრიძის განცხადებით, შსს-მ რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოვლენილ სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შსს-ს წარმომადგენლებს ეხებათ.
 
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ეცნობა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. ჩვენი ინიციატივაა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები კიდევ  გაიმართოს, რათა ვიმსჯელოთ რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოვლენილ კონკრეტულ სამართალდარღვევების ფაქტებზე. მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემებზე საფუძვლიანი მსჯელობა უფრო შედეგიანი იქნება“,- განაცხადა ვარლამ ხათრიძემ.

რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ინიციატივას მიესალმნენ და იმედი გამოთქვეს, რომ სამინისტროს ინიციატივა რეალურად განხორციელდება და სახელმწიფო უფრო მეტად ტოლერანტული გახდება რელიგიური უმცირესობების მიმართ. 

ახალი ამბები