კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის მერობის კანდიდატს ბრალს ფინანსურ მაქინაციაში სდებენ

26 თებერვალი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„საქართველოს ქალთა პარტია - სამართლიანობისა და თანასწორობისთვის" თავმჯდომარეს, ხათუნა მაჭავარიანს, რომელიც 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს ქუთაისის მერის პოზიციაზე იყრიდა, საკუთარი გუნდის წევრები ფინანსურ მაქინაციაში ადანაშაულებენ და მის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. მაჭავარიანს თანაგუნდელები სახელფასო უწყისზე ხელმოწერების გაყალბებაში და მათი კუთვნილი თანხების მითვისებაში სდებენ ბრალს.

„გარდა იმისა, რომ ამ ქალბატონმა გვამუშავა როგორც წინასაარჩევნოდ, ისე არჩევნების დღეს და შრომის საფასური არ აგვინაზღაურა, ეყო იმის გამბედაობა, რომ ჩვენი ხელმოწერები გაეყალბებინა. მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მიმდინარე თვის დასაწყისში პროკურატურიდან დამირეკეს და მთხოვეს, სასწრაფოდ მივსულიყავი. იქ მისულს მაჩვენეს სახელფასო უწყისი, სადაც ჩვენი კუთვნილი ხელფასის გაცემა იყო აღნიშნული. ფიქსირდებოდა, ასევე, ჩვენი ხელმოწერები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვეკუთვნის", - ამბობს humanrights.ge-თან საუბარში ლელა ცხვედიანი.

იგი ერთ-ერთია იმათთაგან, ვინც 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კონკრეტულ საარჩევნო უბანზე „ქალთა პარტიის" სახელით აკვირდებოდა. თუმცა, სხვების მსგავსად, შრომის საზღაური, რომელიც დამქირავებლის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად 120 ლარს შეადგენდა,  დღემდე არ აუღია. 

„ქალთა პარტიის" წევრისა და ქუთაისის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატის, ასმათ დვალიშვილის გამარტებით, ხათუნა მაჭავარიანი არჩევნებში წარუმატებლობის გამო ადამიანებს სჯის და მათ კუთვნილ თანხებს მხოლოდ ამ მიზეზის გამო არ უნაზღაურებს.

„საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს", რომლის ერთ-ერთი წევრი „ქალთა პარტიაა", ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარუმატებლობის გამო ჯავრს თავის წარმომადგენლებზე იყრის, რომლებიც საარჩევნო კომისიებში მუშაობდნენ და მათ კუთვნილ თანხას არ აძლევს. ეს არაა მისი საკუთარი ჯიბიდან გასაცემი თანხა, არამედ ის ფულია, რომელიც საარჩევნოდ სახელმწიფო ბიუჯეტით იყო  გათვალისწინებული. მაჭავარიანი, რომელიც ამ საქმის სათავეში დგას, სხვადასხვა ხრიკით ეცადა, თავი აერიდებინა გარკვეული პირებისთვის, ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატისთვის, კუთვნილი თანხის გაცემას, რითაც დიდი რაოდენობით თანხა მიითვისა", - აცხადებს „ქალთა პარტიის" წევრის, ასმათ დვალიშვილის ადვოკატი ნიკოლოზ კანკავა.

მისი განმარტებით, ხათუნა მაჭავარიანი კანონის წინაშე არა მხოლოდ სხვისი კუთვნილი თანხების მითვისების, არამედ ყალბი დოკუმენტის დამზადება -გამოყენებისთვის აგებს პასუხს.

„პროკურატურამ ასობით გაყალბებული ხელმოწერა ამოიღო და უამრავი ადამიანი დაკითხა ამ საქმეზე. გვითხრეს, რომ მოწმეებს და მტკიცებულებებს აგროვებენ. მარტო  ჩემი ოჯახიდან 4 ადამიანი ვართ მოტყუებული და გაბითურებული. როცა დავურეკე და ვუთხარი ამის შესახებ, ყვირილი დამიწყო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. იმის მაგივრად, რომ აეხსნა და ბოდიში მოეხადა ჩადენილის გამო", - ამბობს ლელა ცხვედიანი.

გუნდის წევრების ბრალდებას „საქართველოს ქალთა პარტია - სამართლიანობისა და თანასწორობისთვის" თავმჯდომარე  ხათუნა მაჭავარიანი პასუხობს. Humanrights.ge - თან საუბრისას ხათუნა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ პირები, რომელთაც დაკისრებული მოვალეობა არ შეუსრულებიათ, თანხას ვერ მიიღებდნენ.

„მე არ ვიცი, ეს ხალხი რას ითხოვს. მათ დაკისრებული მოვალეობა სათანადოდ არ შეასრულეს. საარჩევნო უბნებიდან ოქმებიც კი არ მოუტანიათ. არჩევნების პერიოდში ჩვენ, რა თქმა უნდა,  ვამოწმებდით მათ მიერ გაწეულ საქმიანობას. გარდა ამისა, გვიღალატეს და მოგვატყუეს, თითქოს, ჩვენთვის მუშაობდნენ. მე არ მესმის მათი პრეტენზიები, რატომ უნდა გაგვეცა მათზე ხელფასები. რაც შეეხება ხელმოწერებს სახელფასო უწყისზე, ალბათ, ტექნიკური შეცდომაა. კერძოდ, ჩვენ გადავაწოდეთ გვარები, რომელზეც რეალურად გაიცა ხელფასები და შესაბამისად, დაფიქსირდა გარკვეული პირების ხელმოწერებიც. მე არ ვიცი, როგორ მოხდა უწყისში იმ ხალხის ხელმოწერები, ვისაც ხელფასი არ აუღია. ალბათ ჩატარდება გამოძიება, რომელიც  სიმართლეს დაადგენს“, - განაცხადა ხათუნა მაჭავარიანმა.

ამ დროისთვის პროკურატურაში 162 პირია დაკითხული. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლითაა აღძრული. იმ შემთხვევაში, თუ მერობის კანდიდატს დანაშაული დაუმტკიცდა, მას 7- დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საუბარია, ასევე, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის გათვალისწინებულ სასჯელზე (362-ე მუხლი), რომელიც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ახალი ამბები