კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომპანია RMG-ის თანამშრომლები პროფკავშირებს ტოვებენ - ხორციელდება თუ არა ზეწოლა თანამშრომლებზე

2 მარტი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

26 თებერვალს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ბოლო პერიოდში კომპანია RMG-ის საწარმოებში განვითარებული მოვლენები იყო, კერძოდ კი, პროფკავშირების წევრებზე კომპანიის მხრიდან ზეწოლის, დევნისა და იძულების ფაქტები.

პროფკავშირების წარმომადგენელთა ინფორმაციით, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, სს „RMG Copper“-ისა და შპს „RMG Gold“-ის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის 1000-მდე წევრი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დამსაქმებელი კომპანია RMG-ის მხრიდან დისკრიმინაციული ქმედებებისა და სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მეთოდებით განხორციელებული ზეწოლის მსხვერპლი გახდა. 

2014 წლის 23 მარტს კომპანია RMG-ს ადმინისტრაციასა და დასაქმებულთა წარმომადგენლობას შორის დაიდო შეთანხმება, რომელმაც კომპანიის თანამშრომელთა ორმოცდღიანი გაფიცვა დაასრულა. ეს შეთანხმება ხანგრძლივი მედიაციის შედეგი იყო, რომელიც პრემიერ მინისტრის სპეციალური ბრძანებით დანიშნული მედიატორის მიერ განხორციელდა. ამ პროცესს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი როჯერ ლეკურიც აკვირდებოდა.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, კომპანიამ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების იგნორირება პირველივე კვირიდან დაიწყო. ამასთან, მისი თქმით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ  ვადებში შრომითი დავების მომწესრიგებელი პარიტეტული კომისია არ შეიქმნა. 

„ამ დროის განმავლობაში განხილული არ ყოფილა კოლექტიური ხელშეკრულების პროექტი. რის შემდეგაც, ორი თვის ვადაში უნდა მომხდარიყო კომპანიასა და დასაქმებულების პოზიციების შეჯერება, ანუ ორი თვის თავზე მხარეებს უნდა გამოეთქვათ საკუთარი აზრი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ასევე, დროულად არ აღმოფხვრილა სახელფასო ბადეებში არსებული უთანასწორობები. შრომის ანაზღაურების მატების მიზნით, არ მომხდარა საკითხის განხილვა. დასაქმებულები სპეცტანსაცმლითა და დამცავი საშუალებებით არ უზრუნველყვეს. ამასთან, კომპანია არ ასაქმებს სარეზერვო სიაში მყოფ გათავისუფლებულ მუშაკებს. საქმე ისაა, რომ შარშანდელი გაფიცვის დროს, დაახლოებით, 150 ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან, კომპანია ამის მიზეზად ეკონომიკურ კრიზისს ასახელებდა. თუმცა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო დისკრიმინაციული დევნა, გაფიცვასთან დაკავშირებული სადამსჯელო ღონისძიება. შემდგომ მოლაპარაკებების შედეგად, მოხერხდა 80 მუშის სამსახურში აღდგენა, ხოლო დანაჩენ ორმოცდაოთხ მათგანზე სასამართლოში სარჩელი გვაქვს შეტანილი. ამ ადამიანების სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, დაიდო ხელშეკრულება, რომ შედგებოდა სარეზერვო სია. ამ ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიაში როგორც კი დაიწყებოდა საწარმო სიმძლავრეების აღდგენა და გამოჩნდებოდა ვაკანსიები, სწორედ ამ სარეზერვო სიიდან აიყვანდნენ თანამშრომლებს და ეს ადამიანები დაუბრუნდებოდნენ სამუშაო ადგილებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვაკანსიებზე, ძირითადად, ხალხი  გარედან შეჰყავთ, მათ შორის გამოუცდელი კადრებიც“, - განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

ამის საპასუხოდ, კომპანია RMG-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შეთანხმებაში არსებული ძირითადი პუნქტები უკვე შესრულებულია: „თამაზ დოლაბერიძის ცილისწამების პასუხად, თითქოს კომპანიის მხრიდან არ სრულდება სამედიაციო შეთანხმების პირობები, უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმებაში არსებული ძირითადი პუნქტები უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენ ვალდებულებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს დასკვნითი სამუშაოები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელშეკრულების დარღვევაზე საუბრობს არემჯი გოლდის პროფკავშირების თავმჯდომარე ჯონი რთველაძეც და აღნიშნავს, რომ კომპანიამ შეთანხმების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა: „ჩვენ კომპანიასთან დავდეთ შეთანხმება. კომპანიამ კი ამ შეთანხმების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა. ჩვენ მათ ყელში ვყავდით გაჩხერილი, ყოველდღიურად ვთხოვდით პასუხს, აპირებდნენ თუ არა შეთანხმების შესრულებას და როგორ აპირებდნენ ამის განხორციელებას, კომპანიის მიერ გაწერილ გეგმას ვითხოვდით, ამაზე კი პასუხები არ ჰქონდათ, გვეუბნებოდნენ, რომ დათვლის პროცესში იყვნენ“, - განაცხადა ჯონი რთველაძემ.

არემჯი გოლდის პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, სამუშაო ადგილებზე არ არის დაცული უსაფრთხოების წესები, მუშები საკმარისად არ მარაგდებიან სპეცტანსაცმლით. ამ საკითხის მოგვარება კი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

„არიან ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ კაბინეტიდან მანქანამდე უწევთ სიარული, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ აიღეს სპეცტანსაცმელი. ხოლო ადამიანებს, რომლებიც კარიერებში მუშაობენ, არ აუღიათ. დაახლოებით, სულ 400-მდე სპეცტანსაცმელი იყო, აქედან 100-მდე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალზეა გაცემული. აღსანიშნავია ისიც, რომ სიაში, რომელიც კომპანიამ გადმოგვცა, ერთი და იგივე პიროვნება ორჯერ ეწერა, სიაში ასევე არიან ისეთებიც, რომლებსაც ეს ტანსაცმელი საერთოდ არ სჭირდებათ. საქმე ისაა, რომ გაფიცვების შემდეგ, კომპანიის შიგნით მუშებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის გამო ისინი ცდილობენ, რომ იქ დასაქმებული მუშები, რაც შეიძლება მეტად, ჰყავდეთ წნეხის ქვეშ“, - აღნიშნა ჯონი რთველაძემ.

ჯონი რთველაძის თქმით, მუშებზე ზეწოლა ბოლო ორი კვირის მანძილზე განსაკუთრებით გააქტიურდა. მისი თქმით, კომპანია RMG-ის წარმომადგენლები პროფკავშირების წევრებს სამსახურის დაკარგვით აშინებენ.

„ყოველდღიურად აქტიურდება ზეწოლები, განსაკუთრებით, ბოლო თხუთმეტი დღე. ამ პროცესში პირდაპირ ჩართულია თითქმის ყველა უბნის ხელმძღვანელი. იმათზე კი, ვინც ვერ დააშინეს და ვერ გატეხეს, აგრესია ყოველდღიურად კიდევ უფრო მატულობს, სამსახურის დაკარგვით აშინებენ. ადამიანები, რომლებიც პროფკავშირების რიგებს ტოვებენ, ჩემთან არ მოდიან. ისინი იძულებით აწერენ ხელს კომპანიის მიერ წინასწარ ამობეჭდილ ბლანკებს. ამ ბლანკებში განცხადების ადრესატად მთავარი ბუღალტერია მითითებული, ტექსტში წერია, რომ მათ აღარ სურთ, საწევრო დაუკავდეთ და პროფკავშირებიდან გადიან. საინტერესოა, ბუღალტერიას რამდენად ეხება ეს საკითხი, რამდენად არის იგი განცხადების სწორი ადრესატი. საერთოდ, პროფკავშირებში გაწევრიანებასა და რიგების დატოვებაზე განცხადება, უპირველესად, მოდის ჩემთან, მე მასზე რეზოლუციას ვადებ და მერე ვაგზავნი ბუღალტერიაში. მათ კი ამ პროცედურებს გვერდი აუარეს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ადამიანები ამას იძულებით აკეთებენ. ხელს რომ მოაწერენ განცხადებას, გამოდიან კაბინეტიდან, პირდაპირ ჩვენთან რეკავენ და ბოდიშს იხდიან, ამბობენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ და ძალიან შეურაცხყოფილები არიან“, - განაცხადა ჯონი რთველაძემ.

ჯონი რთველაძის თქმით, მუშები, რომლებსაც იძულებით მოაწერინეს პროფკავშირების დატოვებაზე ხელი, მედიასთან კონტაქტს და ამ თემაზე ღიად საუბარს ერიდებიან, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. არემჯი გოლდის პროფკავშირების თავმჯდომარის განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლებით არა მხოლოდ მუშებს, არამედ მათი ოჯახის დასაქმებულ წევრებსაც ემუქრებიან. 

კომპანია RMG-მ პროფკავშირელთა ბრალდებებს 27 თებერვალს ასევე განცხადებით უპასუხა. მათი განცხადებით, პროფკავშირების მიერ გავრცელებული განცხადება ცილისწამებაა.

„კომპანიის ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ იგი არასდროს ჩარეულა პროფკავშირული ორგანიზაციის შიდა საქმიანობაში და თანახმაა, მომავალშიც გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საწარმოს მუშა-მოსამსახურეებთან, მათი  სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით. რაც შეეხება დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციის რიგების დატოვებას, კომპანიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს საწარმოს მუშა-მოსამსახურეებში გაჩენილი უნდობლობა პროფკავშირული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიმართ, დაკავშირებული მათი მხრიდან არაერთ შეუსრულებელ დაპირებასთან, ასევე საფუძვლიან ეჭვებთან პროფკავშირის მხრიდან საწევრო ანარიცხებისა თუ სხვა ფინანსების გაუმჭვირვალე და არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც ეს უკვე რამდენჯერმე გაჟღერდა თვით პროფკავშირის რიგებიდან გამოსული თამაშრომლების მხრიდან“, - ნათქვამია RMG-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

RMG-ის თანამშრომლის, გია მუშკუდიანის განმარტებით, „არემჯის“ თანამშრომლებმა პროფკავშირები საკუთარი ნებით მასობრივად დატოვეს და მათ მიმართ ზეწოლა არ განხორციელებულა. ამის შესახებ მან 27 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არანაირი ზეწოლით არ ხდება პროფკავშირებიდან ხალხის გამოსვლა. როგორ შეიძლება, 3000-მდე თანამშრომელი ზეწოლით გამოიყვანო პროფკავშირებიდან? ეს არის დიდი ტყუილი. ხალხი გაოცებულია, რისთვის იხდინენ აქამდე ფულს. პროფკავშირები ხალხის შექმნილია და პროფკავშირებს ხალხისთვის არავითარი დახმარება არ გაუწევიათ“, - აცხადებს გია მუშკუდიანი.

პროფკავშირებში დარჩენის უპერსპექტივობაზე საუბრობს „არემჯი კოპერის“ ელექტროშემდუღებელი ზაზა ხმალაძე 26 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი განცხადებით, პროფკავშირებში დარჩენას და მათი მხრიდან ხარჯის გაწევას აზრი არ ჰქონდა. 

„ჩვენ ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავდით პროფკავშირებისგან და მხარდაჭერას ვერ ვგრძნობდით. მივიღეთ მხოლოდ ის, რომ მუშახელი შუაზე გაიყო. ერთ მუშტად შეკრული ხალხი შუაზე გაიხლიჩა. ყველამ გადავწყვიტეთ, რომ პროფკავშირებიდან გამოვსულიყავით“, - განაცხადა ზაზა ხმალაძემ.

ზაზა ხმალაძე ასევე ვარაუდობს, რომ პროფკავშირების ხელმძღვანელობის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას: „ირაკლი პეტრიაშვილის, თამაზ დოლაბერიძის, ჯონი რთველაძის უკან „ნაციონალური მოძრაობაა“ ამოფარებული. მათ ინტერესებშია ეს ყველაფერი.“

თავის მხრივ, პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიაც. მისი განცხადებით, ამ პროცესებში პოლიტიკური ძალის ინტერესები იკვეთება.

„გაფიცვის დასრულების შემდეგ  კომპანიის მენეჯმენტში ცვლილებები მოხდა. ეს ახალი ხელმძღვანელობა პოლიტიკური ძალიდან მოსული ხალხია, რომლებიც არ არიან დამოუკიდებელი პიროვნებები, თუმცა კომპანია კერძოა. როდესაც სექტემბრის თვეში, ფაქტობრივად, იძულების წესით, ჩატარდა კიდევ ერთი შეხვედრა, ამ შეხვედრაზე ბატონ თენგიზსა და ბატონ ჯონდის ნიკა კარიჭაშვილი, რომელიც ამ დროისთვის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია, წარუდგინეს როგორც ქართული ოცნების წარმომადგენელი. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ამ პროცესებში პოლიტიკური ელემენტების ჩართვა ხდება. ასევე, გამოვყოფდი სოსო ბიბილაშვილს, რომელიც შარშან გაფიცვებისას ხალხს წარმოუდგა როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი. ჩვენ მოვიკითხეთ ამ პიროვნების შესახებ და აღმოჩნდა, რომ იგი წარსულში შსს-ში მუშაობდა“, - განაცხადა გოჩა ალექსანდრიამ.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირში აცხადებენ, რომ განვლილი რამდენიმე დღის განმავლობაში საკმარისზე მეტი დადასტურებული ფაქტი დაგროვდა, რომელიც საშუალებას იძლევა, მიმართონ პროკურატურას დისკრიმინაციულ პროცესებში მონაწილე პირებზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები