კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეწყერსაშიში ზონები გურჯაანში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

16 მარტი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის გამგეობას გამაფრთხილებელი გეოლოგიური დასკვნები გადასცა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული გეოლოგიური კვლევების თანახმად, გურჯაანსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში- კარდენახი, ჭანდარი და კოლაგი - მეწყერსაშიშ უბნებზე მცხოვრები ოჯახები დაუყოვნებლივ უნდა გადასახლდნენ. აღნიშნული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურიდან  აცნობეს. 

„გეოლოგიური დასკვნის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვაცნობეთ. საქმის შესწავლის შემდეგ მათ მაღალი რისკის მქონე სახლების მფლობელებს კომპენსაცია გამოუყვეს, რათა სასწრაფოდ, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გადასახლდნენ სხვა ტერიტორიაზე. მაღალი რისკის მქონე 12 ოჯახი დასახელდა,მათ კიდევ 4 ოჯახი შეემატება. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სამწუხაროდ, ბევრი ადგილია, სადაც ცხოვრება არ შეიძლება, განსაკუთრებით, „მახარაშვილის კომპლექსისა“ და „ახტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე“,- განაცხადა გია ამისულაშვილმა.

ადგილობრივების თქმით, ოქტომბრის ქუჩაზე 60 სახლზე მეტი ავარიულია და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ადგილობრივი მცხოვრები, ნათელა ზირაქაშვილის თქმით, ლარის კურსის ვარდნის გამო ბინები ისეა გაძვირებული, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გამოყოფილი კომპენსაცია საკმარისი არ არის. საცხოვრებელი სახლის ყიდვის პრობლემა შეექმნა ადგილობრივ ნათელა გოგოლაშვილის ოჯახსაც.

„სახლების მასობრივად ნგრევა  ახტალის ამუშავების ბრალია. აქამდე გაჩერებული იყო და ახლა რამდენიმე ადგილას კვლავ ამოხეთქა. გურჯაანში 20 000 ლარად საცხოვრებელ სახლს ვერ ვყიდულობთ. სოფელში გადასვლა კი არ მინდა, აქაურობის დატოვება გვიჭირს, რადგან ავაშენეთ სახლი, მოვაწყვეთ და როგორ დავტოვოთ? არადა აქ ცხოვრება დიდ საფრთხეს ქმნის“,- განაცხადა ნათელა გოგოლაშვილმა. 

სოფელ კარდენახის რწმუნებულის, ალექსანდრე ტურიაშვილის თქმით, კარდენახშიც ბევრი მეწყერსაშიში ზონაა, რის გამოც სოფელში ავარიული ბინებიდან ეტაპობრივად ასახლებენ  მოსახლეობას. ამ ეტაპზე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დახმარებით, ათმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი უკვე შეიძინა. თითოეული კომლისთვის საკომპენსაციო თანხა, დაახლოებით, 20 000 ლარს შეადგენდა.

მსგავსი პრობლემა თბილისი-თელავის ცენტრალური გზის პირას მცხოვრებ ელზა შიუკაშვილის ოჯახსაც შეექმნა. 

შიუკაშვილების თქმით, წლების წინ გეოლოგები ხშირად ამოწმებდნენ ახტალის ტერიტორიას, ახლა კი ყურადღებას არავინ აქცევს.

მოსახლეობის თქმით, ახტალის მიმდებარე ტერიტორიაზე მთავარი მაგისტრალი რამდენჯერმე ჩაინგრა, რაც ავტოავარიის რეალურ საშიშროებას ქმნიდა. 

გურჯაანის მოსახლეობა ითხოვს, რომ სახელმწიფო ამ საკითხით დაინტერესდეს და ჩაატაროს მოკვლევითი სამუშაოები.

ახალი ამბები