კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაპირისპირება ქუთაისის ოპერის თეატრში

27 მარტი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში თანამშრომლებს შორის დაპირისპირება კონფლიქტში გადაიზარდა. მიზეზი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტია, რომელიც დირიჟორ გოგი ჭიჭინაძის თანამდებობოდან წასვლის შემდეგ ვაკანტური  გახდა.

კულტურის სამინისტრომ კონკურსი აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა და მასში დანარჩენ სამ პირთან ერთად  თეატრის ქორმაისტერი (გუნდის ხელმძღვანელი) ირინა ლომინაძე ჩაერთო. არსებული ინფორმაციით, სწორედ ეს ფაქტი გახდა თეატრის თანამშრომელთა ორ დაპირისპირებულ მხარედ გახლეჩის, მოგვიანებით კი, კონფლიქტის მიზეზი. 

„საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ამას ხელი მედიასაშუალებებმა შეუწყვეს. ითქვა, რომ ორკესტრის გუნდის წევრს ნათელა ჩანქსელიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. არც ირინა ლომინაძეს და არც არავის ეს არ გაუკეთებია. პირიქით, სწორედ ნათელა ჩანქსელიანი გვლანძღავდა ყოველთვის და ამას აკეთებს დღესაც", - აცხადებენ ოპერის თეატრის თანამშრომლები.

ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს  ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსიც უარყოფს. 

„თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. ქალბატონმა ნათელა ჩანქსელიანმა შეხვედრაზე ინერვიულა და ცუდად გახდა, რის გამოც ის კლინიკაში გადაიყვანეს. საზოგადოებამდე კი ინფორმაცია ამ  ფაქტის შესახებ სხვაგვარად მივიდა“, - განაცხადა ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, აკაკი ანდღულაძემ.

humanrights.ge ქუთაისის მრავალპროფილიანი კლინიკა „ლჯ"-ის მედპერსონალს დაუკავშირდა. მიმღები ექიმის მაგდა გიგინეიშვილის განმარტებით: „23 მარტს ნათელა ჩანქსელიანი მაღალი არტერიული წნევით მოიყვანეს და მას არანაირი ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. შესაბამისი  სამედიცინო ჩარევის შემდეგ  ჩანქსელიანი კლინიკიდან გავწერეთ ".
ქუთაისის ოპერის თეატრის თანამშრომლებს გასულ კვირას კულტურის მინისტრი  შეხვდა და მიმდინარე პროცესებზე მათი მოსაზრებები მოისმინა. ოპერის თანამშრომლების განცხადებით, მათ შორის კონფლიქტის მიზეზი მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრა გახდა.

„მინისტრთან შეხვედრისას ნათელა ჩანქსელიანმა მიხეილ გიორგაძეს უთხრა, ლომინაძე ყოველ შეხვედრას გინებით იწყებს და გინებით ამთავრებსო. ამის შემდეგ თეატრის სხვა თანამშრომლებსაც მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბუნებრივია, თანამშრომლებმა მას ამ გამოსვლის გამო უსაყვედურეს. თანამშრომლებთან საუბრისას ჩანქსელიანი ცუდად გახდა. ამ დროს კი, ოპერის შენობასთან მედია იყო მობილიზებული. ანუ, ფაქტია, ეს ამბავი წინასწარ იყო დაგეგმილი", - ამბობს humanrights.ge-თან საუბარში თეატრის თანამშრომელი თამთა გაბუნია.

ქუთაისის ოპერის თეატრის თანამშრომლების განცხადებით, ნათელა ჩანქსელიანი მხარს ირინა ლომინაძის კონკურენტს, ლაშა ნიქაბაძეს უჭერს.  ამ უკანასკნელს უჭერს მხარს ხატია ვედმედევაც, რომელიც ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ყოფილი ხელმძღვანელია. 

რაც შეეხება თეატრის ხელმძღვანელობის კანდიდატს ირინა ლომინაძეს, რომელიც ამავე თეატრის ქორმაისტერია, ბორდის 12 კაციანი შემადგენლობის საბჭოდან 11-ის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა და თანამშრომელთა განმარტებით, ოთხ კანდიდატს შორის ყველაზე რეალური კანდიდატია. 

humanrights.ge-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის კანდიდატურის შესახებ კულტურის მინისტრი უახლოეს დღეებში მიიღებს.   

ახალი ამბები