კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა მთავარ პროკურატურას სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების თაობაზე

1 აპრილი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს გაჭიანურებული საქმეების დროულად და ეფექტურად გამოძიებისაკენ მოუწოდებს. 

სამართალდამცავი ორგანოების მიერ სავარუდოდ ჩადენილ დარღვევებზე სახელმწიფოს და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არაეფექტური რეაგირება წლების განმავლობაში სისტემურ პრობლემას წარმოადგენს. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ათიათასობით საჩივარი შევიდა მთავარ პროკურატურაში, რომელთა დიდი ნაწილიც ეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოქალაქეების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურახყოფას, ზეწოლის, იარაღის ან ნარკოტიკობის სავარაუდო ჩადების ფაქტებს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოქალაქეების იძულება არჩადენილი დანაშაულის აღიარებასთან დაკავშირებით სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა. ასევე სისტემური პრობლემა იყო კერძო საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევა სხვადასხვა მოტივით.  
მიუხედავად იმისა, რომ „ციხის კადრების“ გავრცელებიდან ორ წელზე მეტი გავიდა, დღემდე არაეფექტურად მიმდინარეობს პატიმართა სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება. წამების მსხვარპლ პატიმართა დიდ ნაწილს დაზარალებულის სტატუსიც არ აქვთ მინიჭებული. ისინი დღემდე უშედეგოდ ითხოვენ მათი საქმეების დროულ და მიუკერძოებელ გამოძიებას.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა არაერთი საჩივრით მიმართა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა პატიმართა სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება. საჩივართა დიდ უმრავლესობასთან დაკავშირებით გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ამ საქმეთა გამოძიების შეფერხება იწვევს ისეთ თანმდევ რეციდივებს, როგორიც არის რამდენიმე დღის წინ ყოფილი პოლიტპატიმრის, ბესიკ ხარძიანის მკვლელობა. არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ შემთხვევას განვიხილავთ როგორც იური ვაზაგაშვილის ვანდალური მკვლელობის შესაძლო გაგრძელებას, რაც მიმართულია სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მებრძოლი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ. 1

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს: 

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს, დროულად და ეფექტურად განახორციელოს სასჯელაღსრულების  დაწესებულებების თანამშრომელთა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოქალაქეების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის  ფაქტების გამოძიება;

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი მთავარი პროკურატურის ახლადშექმნილი დეპარტამენტის საქმიანობაზე. 


ადამიანის უფლებათა ცენტრი

1.
იხ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა: http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=18206&lang=geo  - არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ეფექტურად წარმართოს დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესი




ახალი ამბები