კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენილი საზღვრისპირა სოფლები

14 აპრილი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

კოალიცია „ნდობის აღდგენისთვის“ სამუშაო ჯგუფმა შიდა ქართლის სამი სოფელი მოინახულა. კოალიციის წევრები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ არბოში იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ. ადგილობრივები სოფელში სამედიცინო პუნქტების არარსებობაზე საუბრობენ. მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მისაღებად ქალაქ გორში ჩასვლა უწევს.
 
„არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. აუცილებელია, შემოიტანონ წამლები. სოფელში სამედიცინო დახმარება ბევრს სჭირდება, თუმცა მედიკამენტებს ვერ ყიდულობს და ვერც გორში მიდის, რადგან  ხალხს ფინანსურად უჭირს. კარგი იქნება, მეტი ყურადღება მოგვაქციონ, განადგურებული ვართ ხალხი“,- განაცხადა სოფელ არბოში მცხოვრებმა,  ასიათ გვარამაძემ.

მეორე სოფელი, რომელიც კოალიცია „ნდობის აღდგენისთვის“ წევრებმა მოინახულეს, ზარდიაანთკარია. აღნიშნულ სოფელშიც სამედიცინო პუნქტების არარსებობაზე საუბრობენ.

„გორში ჩავდივარ და წამლებს ვყიდულობ. სოფელში არც აბულატორიაა და არც აფთიაქი. ყოველდღიურად მჭირდება მედიკამენტები და თუ მოხერხდება, რომ მედიკამენტები უფასოდ დაგვირიგონ, მადლიერი ვიქნებით“, - განაცხადა ზარდიაანთკარის მკვიდრმა, ცისანა თაზიაშვილმა.

ზარდიაანთკარის გამგებლის წარმომადგენლის, შამილ თუხარელის განცხადებით, მიმდინარე წელს სოფელს ამბულატორია ექნება.

„სოფელში წყლისა და გაზის პრობლემა უკვე მოვაგვარეთ, წელს კი, ამბულატორიის გამართვა იგეგმება, ამისთვის შენობა უკვე არსებობს“,- აღნიშნა შამილ თუხარელმა.

კოალიციის წევრები გუგუტიანთკარის მოსახლეობასაც შეხვდნენ. ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს, თუმცა როგორც თავად აცხადებენ, მათი ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. 

კოალიცია „ნდობის აღდგენისთვის“ საქმიანობა ჰელსინკის კომიტეტის ევროკავშირის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტს, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ირინე კასრაძის თქმით, პროექტში ჩართულები არიან ჟურნალისტები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები. მისი თქმით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფლებში ადამიანის უფლებების დაცვასა და ნდობის აღდგენას.

„სოფლებში ძირითადად სოციალურად დაუცველი მოსახლეობაა. ამ სამი სოფლის ძირითადი პრობლემა მედიკამენტებისა და სამედიცინო პუნქტების არარსებობაა. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ ჰუმანიტარულ აქციას. ასევე, ვიმედოვნებთ, ფარმაცევტული კომპანიებიც ჩაერთვებიან ჩვენს აქციაში“,- განაცხადა ირინე კასრაძემ.

კოალიცია „ნდობის აღდგენისთვის“  წევრები, ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, მედიკამენტების უფასოდ დარიგებას გეგმავს.
 

ახალი ამბები