კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდასხმა დეპუტატებზე გურჯაანში – ვინ ისროდა წიწილებიან კვერცხებს

23 აპრილი, 2015
 
Ick.ge 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრებს გიორგი ღვინიაშვილს, ირმა ნადირაშვილს და მათ თანაპარტიელებს, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებმა წიწილებიანი კვერცხები ესროლეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრები საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომას უნდა დასწრებოდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს. გამგეობაში საგანგებოდ ჰყავდათ შეკრებილი საჯარო მოსამსახურეები სოფლებიდანაც.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ გიორგი დვალი დეპუტატებს კვერცხებს ესვრის. ამავე დროს, გამგეობის შენობაში ის ხმამაღლა, სხვებთან ერთად, უცენზურო სიტყვებით იგინება და ხულიგნობს. გიორგი დვალი საფეხბურთო კლუბ „ალაზანის“ სპეციალისტია. ამ სამსახურში ის 2015 წლის იანვრიდან მუშაობს. საფეხბურთო კლუბი „ალაზანი“ საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმე არაკომერციული იურიდიული პირია და 2015 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით 120 ათას ლარს იღებს.

შეგახსენებთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2013 წლის მაისამდე გიორგი დვალი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსად მუშაობდა. ამავე დროს ის სოფელ ჩუმლაყში სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის წევრი იყო. პროკურატურამ გიორგი დვალი და მასთან ერთად კიდევ ორი პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავა. გურჯაანის რაიონული პროკურორის ლევან ღვედაშვილის განცხადებით, კომისიის წევრებსა და სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის გარიგება მოხდა - კომისიის წევრებმა ყალბი ცნობები გასცეს, კომპენსაციის მიღების შემდეგ კი „დაზარალებულებმა“ თანხის ნაწილი კომისიის წევრებს გადასცეს.

გამგეობის შენობაში პარლამენტის წევრებს, გიორგი დვალის გარდა წიწილებიან კვერცხებს ზურაბ ხუცოშვილიც ესროდა. ზურაბ ხუცოშვილი ააიპ გურჯაანის სპორტული კომპლექსის თანამშრომელი და „ქართული ოცნების“ აქტივისტია. გურჯაანის სპორტული კომპლექსი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2015 წელს 49 ათასი ლარით ფინანსდება.

საფეხბურთო კლუბი „ალაზანის“ მენეჯერია მიხეილ ფურცელაძე, რომელიც 20 აპრილიდან აქტიურად არის ჩართული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებაში. ფურცელაძე გამგეობასა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა 20 აპრილს, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში ფიზიკური ძალის გამოყენებით შეჭრაში და იქიდან მუქარის გამოყენებით, დეპუტატის და მისი თანაპარტიელების გამოძევებაში.

21 აპრილს, მიხეილ ფურცელაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს გურჯაანის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზეც დაუპირისპირდა, მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი გასულ წლებში ადამიანების მკვლელობაში დაადანაშაულა და ისინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, სამუშაო და არასამუშაო საათებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში, მათ შორის დეპუტატის ბიუროში ფიზიკური ძალის გამოყენებით შეჭრაში აქტიურად მონაწილეობდნენ გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი დავით ნიკოლაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დურმიშხან ამისულაშვილი, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ხაზიური, საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზაქრო ქაჩლიშვილი, სოფელ ვეჯინის რწმუნებული კუკური ჯამატაშვილი, ქალაქ გურჯაანის რწმუნებული დიმიტრი არევაძე და სხვები.

გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება 20 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. კონფლიქტი გურჯაანის გამგეობის შენობაში, მაჟორიტარის სამუშაო ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ანტოკორუფციული კომისიის განთავსებას მოჰყვა. ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა დეპუტატის ბიუროს მისაღების კედელზე აბრაც გააკრეს წარწერით „გურჯაანის გამგებლის კორუფციული და ნეპოტისტური საქმიანობის შემსწავლელი კომისია“, რამაც გამგებლის და მისი მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია.

გურჯაანში განვითარებულ მოვლენებზე, 21 აპრილს, პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მე ვიტყოდი სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა გურჯაანის მოსახლეობამ და ხალხმა. ჩემთვის არის მიუღებელი ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს არის კვერცხების სროლა და ა.შ. მაგრამ, ძალიან გთხოვთ, რომ ყველამ კიდევ ერთხელ კარგად დაიმახსოვროს - ქართველი ხალხი არასოდეს აღარ დაუშვებს ნაციონალური მოძრაობის, ანუ დესტრუქციული ძალის რაიმე პროვოკაციულ ქმედებას. სამწუხაროა, რომ ხალხმა უპასუხა ისე, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა იმსახურებს“.



 

ახალი ამბები