კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ილახება თუ არა მოქალაქის კერძო საკუთრების უფლება

28 აპრილი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

რამდენიმე წელია, მაგდალინა არჩვაძე, როგორც თავად ამბობს, მის საკუთრებაში არსებულ 100 კვ/მ ფართის მიწისა და მასზე განთავსებულ ე.წ. „ფინური ვაგონის“ დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს. აღნიშნული ფართი და ვაგონი ღია ცის ქვეშ მუზეუმის ტერიტორიაზეა განთავსებული. მაგდალინა არჩვაძის თქმით, მიწის ფართი მას მუზეუმმა გამოუყო, ხოლო ვაგონი საზკვების ტრესტისგან შეისყიდა. 

„1978 წელს, აღმასკომის დავალებით, საზკვების ტრესტმა ბუფეტის ტიპის „ფინური ვაგონი“ ღია ცის ქვეშ მუზეუმის დასვენების ზონაში განათავსა, რათა სწრაფი კვების პროდუქციის რეალიზება მომხდარიყო. ამისათვის მას  ფართი გამოეყო. ამიტომ საზკვების ტრესტის ბალანსზე იჯდა ეს ვაგონი. შესაბამისად, საზკვების ტრესტი აწარმოებდა თავისი პროდუქციის რეალიზაციას. თუმცა წლების განმავლობაში ეს ობიექტი მათთვის წამგებიანი გამოდგა და მიატოვეს“, - აცხადებს მაგდალინა არჩვაძე.

1989 წელს მაგდალინა არჩვაძემ, თანამშრომლებთან ერთად, კოოპერატივი „ჩარდახი“ დააფუძნა. მაგდალინა არჩვაძის თქმით, 1990 წელს კოოპერატივმა „ჩარდახმა“ ფინური ვაგონი საზკვების ტრესტისგან 5  000 მანეთად შეისყიდა.
„გამომეყო 100 კვ/მ მიწის ფართი და, შესაბამისად, გადავიხადე პროექტის თანხა რუსული 5 000 მანეთის ოდენობით. კოოპერატივ „ჩარდახს“ მიეცა ნებართვა, აეშენებინა საგამოფენო დარბაზი, კაფე-პავილიონი. ვაგონის შესყიდვის შემდეგ, გაკეთდა პროექტი, მაგრამ ამის შემდეგ მუზეუმის თანამშრომელმა საქმიანობაში  ხელშეშლა დამიწყეს. მუზეუმის ქონება იქ არაფერი იყო, მიწა იყო სახელმწიფოსი, ვაგონი კი საზკვების ტრესტის და ხარჯების გაღება ხდებოდა კოოპერატივ „ჩარდახის“ მიერ. ფართის შესყიდვა საერთოდ მაშინ არ ხდებოდა, მიწა არ იყიდებოდა. ფართი მე გადმომეცა, გეგმით გამომეყო 100 კვ/მ მიწა“, - აცხადებს მაგდალინა არჩვაძე.

ეროვნული მუზეუმის იურისტის, მაია მგელაძის თქმით, აღნიშნული ვაგონი ექსპონატს წარმოადგენს და მუზეუმის საკუთრებაა.

„ნაგებობა ქალბატონი მაგდალენას საკუთრება არ ყოფილა, ყოველთვის იყო მუზეუმის საკუთრება. თავიდან იყო ჩიტაიას მუზეუმის საკუთრება იმდენად, რამდენადაც ჩვენ ხელთ გვაქვს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ადასტურებს 1980 წელს იმერეთის რაიონში ვინმე ჩაჩანიძისაგან 1500 მანეთად შეძენის ფაქტს, რომელიც შეიძინა ჩიტაიას სახელობის მუზეუმმა. მას შემდეგ შეიქმნა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რაც მუზეუმების კოალიციური გაერთიანება გახლავთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩიტაიას მუზეუმიც გაერთიანდა ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში, შესაბამისად, ყველა ის მუზეუმი თავისი ექსპონატებით, თავისი კოლექციებით პირდაპირ გაერთიანდა ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში“, -აცხადებს მაია მგელაძე.

მაია მგელაძის თქმით, ნაგებობას მაგდალინა არჩვაძე იჯარით ფლობდა, იჯარის ვადა კი, მისი თქით, დიდი ხნის წინ გავიდა.

„ჩვენ ასევე ვფლობთ იჯარის ხელშეკრულებას, რომელიც ადასტურებს კოოპერატივ ჩარდახის მიერ ვაგონის იჯარით აღებას, სასაუზმე პავილიონის მოსაწყობად. იჯარის ვადა ძალიან დიდი ხნის წინ გავიდა და მას შემდეგ ეს ვადა არ გაგრძელებულა. თუმცა, რატომღაც, ქალბატონი მაგდალინა ითხოვს საკუთრების უფლებას, რასაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა მაია მგელაძემ.

მაგდალინა არჩვაძემ მოგვაწოდა ხელშეკრულების ასლი, რომელიც კოოპერატივ ჩარდახსა და გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმს (შემდგომში წოდებული, როგორც ღია ცის ქვეშ მუზეუმი) შორის გაფორმდა. მასში ვკითხულობთ: „კოოპერატივი „ჩარდახი“ ღია ცის ქვეშ მუზეუმის მიერ მისთვის გამოყოფილ 100კვ/მ ტერიტორიაზე, ქ. თბილისში ორჯონიკიძის რაიონის საზკვების ტრესტის კუთვნილ საბუფეტე ვაგონში, რომლის საარენდო ღირებულებასაც კოოპერატივი „ჩარდახი“ უხდის საზკვების ტრესტს, წარმართავს თავის საქმიანობას ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მიერ დამტკიცებული კოოპერატივ „ჩარდახის“ წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.“ 

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ 2014 წლის 7 აგვისტოს წერილით მიმართა სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმს“ და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, შედიოდა თუ არა კოოპერატივ „ჩარდახის“ მიერ შეძენილი სასაუზმე-პავილიონი სსიპ „ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის“ სარგებლობაში გადაცენულ ობიექტთა ნუსხაში. წერილის პასუხად „საერთაშორის გამჭირვალობა საქართველოს“ ეცნობა, რომ აღნიშნული სასაუზმე-პავილიონი წარმოადგენს ექსპონატ-ნაგებობას და იგი მუზემის ცენტრალურ საინვენტარო დავთარში გატარებულია, როგორც საზაფხულო სადგომი საინვენტარო ნომრით #3891.

humanrights.ge დაუკავშირდა საზკვების ტრესტის იმჟამინდელ ბუღალტერს, ლია პირველს. იგი კოოპერატივ „ჩარდახის“ მიერ საზკვების ტრესტისგან ვაგონის შესყიდვის ფაქტს ვერ ადასტურებს: „მე უკვე არარანაირი საბუთი აღარ მაქვს და ვერაფერს დაგიდასტურებთ. საზკვების ტრესტს ვაგონი ჰქონდა თუ არა, ესეც არ მახსოვს, არც ამის დოკუმენტი გამაჩნია.“

თამაზ ნათიძემ, რომელმაც საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით მოაწერა ხელი 100კვ/მ-ის ფართზე გამოყოფილ ნაგებობის პროექტს, დღეს ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მას ეს საკითხი არ ეხება: „მე რა შუაში ვარ, მე ეგ საკითხი არ მეხება. 80 წლის შემდეგ როგორ შეიძლება, რაღაც დოკუმენტის თავიდან ამოქექვა. მე არ მახსოვს რაზეა საუბარი.“ 2002 წელსაც თამაზ ნათიძე ოფიციალური წერილით ადასტურებდა, რომ „კოოპერატივი „ჩარდახის“ განთავსება ფართით  100კვ.მ გათვალისწინებულია საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრობის და ყოფის მუზეუმის ტერიტორიაზე ბუფეტისათვის გათვალისწინებულ შენობაში“.

აღსანიშნავია, რომ მაგდალინა არჩვაძემ სასამართლო დავა 2008 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად მისი მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან საკუთრების გამოთხოვა იყო. 

„2008 წლიდან ქალბატონმა მაგდალინამ დაიწყო დავა. 2008, 2009 და 2010 წლებში საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩატარებული სხდომებისა და განხილვის შედეგად, მიღებული არის 16 განჩინება ქალბატონი მაგდლენას საჩივართან დაკავშირებით, რომელშიც მოპასუხე მხარე იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მაშინ დავის საგანი იყო უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ყველა ის ექსპონატი, რომელსაც ფლობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, წარმოადგენს ქართველი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს“, - აცხადებს ეროვნული მუზეუმის იურისტი მაია მგელაძე.

თუმცა, მაგდალინა არჩვაძის განცხადებით, თავდაპირველად სასამართლომ საქმე არ განიხილა, საქმის არსებითი განხილვა არ შედგა. მისი თქმით, მაია მგელაძის მიერ დასახელებული 16 განჩინება სრული სიცრუეა. 

მაგდალინა არჩვაძემ სასამართლოს კვლავ მიმართა, მისი ამჟამინდელი სასარჩელო მოთხოვნაა, ეროვნულმა მუზეუმმა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელიც ქონების მის ფლობელობაში ყოფნას დაადასტურებს.

ქონების მართვის სააგენტოს იურისტის, ნინო მამულაშვილის თქმით, კონკრეტული სამართლებრივად დასაბუთებული მოთხოვნა მაგდალინა არჩვაძეს არ დაუყენებია და, შესაბამისად, რეაგირებას ვერ მოახდენენ.

მოსამზადებელი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მაგდალინა არჩვაძის წარმომადგენელი პროცესზე არ გამოცხადდა და, არჩვაძის მოთხოვნით, სხდომა გადაიდო. მომდევნო პროცესი 6 მაისს არის ჩანიშნული.

ახალი ამბები