კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო დავა ონკოლოგიური პაციენტის მცირეწლოვანი შვილის მეურვეობის საკითხზე

29 აპრილი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

22 წლის ონკოლოგიური პაციენტის, მერი ნადირაშვილის ყოფილი მეუღლე, ლევან რაზმიაშვილი მათ საერთო შვილზე მეურვეობას ითხოვს. მერი ნადირაშვილს სიმსივნის დიაგნოზი  2  წლის წინ დაუსვეს. ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტი დიაგნოზის დასმისას 3 თვის ორსული იყო. მძიმე დიაგნოზის გამო მერი მეუღლემ მიატოვა. პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა ონკოლოგიური პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. 

მშობიარობის შემდეგ, მამას შვილი არ უნახავს, თუმცა მას საკუთარი გვარი მისცა. ბავშვს დაბადებიდან მერი ნადირაშვილის დედა, მარიკა ნადირაშვილი ზრდის. ის ბავშვის მამისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება და თავად ითხოვს, დაინიშნოს მეურვედ. მარიკა ნადირაშვილმა დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისს მიმართა. 

მერი ნადირაშვილის დედა, მარიკა ნადირაშვილი შვილის ჯანმრთელობის გაუარესებაში ყოფილ სიძეს, ლევან რაზმიაშვილს ადანაშაულებს.

„გათხოვებამდე ჩემი შვილი ჯანმრთელობას არასოდეს უჩიოდა. ფეხმძიმედ იყო, როდესაც თავად შევესწარი, როგორ სცემდა ჩემი სიძე საწოლში მწოლიარე მერის. ამასთან, მერის დედამთილიც სცემდა. როგორც შემდეგ მერისგან შევიტყვე, მას ქმარი ხშირად სცემდა. სიმსიმვნე თავზე ცემის შედეგად განუვითარდა. რაც შეეხება ჩემს შვილიშვილს, ის ჩვენი გაზრდილია, ბავშვისთვის არაფერი მომიკლია, შვილის მოვლისთვის განკუთვნილ დროს შვილიშვილს ვუთმობდი“,- განაცხადა მარიკა ნადირაშვილმა.

როგორც მცირეწლოვანი ბავშვის ბებია, მარიკა ნადირაშვილი განმარტავს, მათ ლევან რაზმიაშვილისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. 

„ჩემს ყოფილ სიძეს ბავშვის დამოუკიდებლად გაზრდა არ შეუძლია, ამიტომ მინდა, მას მშობლის უფლება შეეზღუდოს და ბავშვმა ჩემთან იცხოვროს. ამიტომ სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ვთხოვ, ბავშვის მეურვედ დამნიშნონ“, - აღნიშნა humanrights.ge -თან საუბრისას მარიკა ნადირაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის  იურისტმა ლია ხუროშვილმა   მცირეწლოვანი ბავშვის ბებიის სახელით  პროკურატურას ორივე მშობლის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.

„გუშინ პროკურატურაში სარჩელი შევიტანეთ, რომელშიც ორივე მშობლის სტატუსის შეწყვეტას ვითხოვთ. ბავშვის დედა, ფაქტობრივად, მომაკვდავია, ბებიას კი  მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭება მეურვის სტატუსი, თუ ბავშვზე კანონიერი უფლება არცერთ მშობელს არ ექნება. საქმეს სასამართლო განიხილავს და კანონის გათვალისწინებით მოხდება მეურვეობის მინიჭება“, - განაცხადა ლია ხუროშვილმა.

მარიკა ნადირაშვილის თქმით, მცირეწლოვანი ბავშვი „მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებითი უზრუნველყოფის პროგრამაში“ და ,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამაშია“ ჩართული. ოჯახი სოციალურ დახმარებასაც იღებს. ნადირაშვილის განცხადებით, ლევან რაზმიაშვილმა მცირეწლოვანის კუთვნილი ორი თვის დახმარება დახარჯა.

ნადირაშვილისვე თქმით, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 22 წლის ონკოლოგიური პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. მერის საკვების დამოუკიდებლად მიღებაც უჭირს. როგორც მერის დედა აცხადებს, ლევან რაზმიაშვილი მერის გარდაცვალების შემდეგ ბავშვის წაყვანას აპირებს.

Humanrights.ge  მცირეწლოვანი ბავშვის მამას, ლევან რაზმიაშვილს დაუკავშირდა, როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ის იურიდიული გადაწყვეტილების საფუძველზე აპირებს, ბავშვის სოფელ ბრეთში, ქარელის რაიონში წაყვანას.

„არ მინდა მერის მდგომარეობა გართულდეს, ამიტომ  ბავშვი ჯერჯერობით არ მიმყავს, თუმცა სამომავლოდ ვაპირებ“,- აცხადებს ლევან რაზმიაშვილი.

ნადირაშვილებს მხარდაჭერას მეზობლები უცხადებენ, მათი თქმით, სოფელი მზადაა, მერის ოჯახს მხარში დაუდგეს, რათა მცირეწლოვანი ბავშვი ბებიასთან დარჩეს და მას დაეკისროს მეურვეობა.

ახალი ამბები