კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩემი ანგელოზები“ ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

18 მაისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

ბანკის მძარცველი რვა ქალს მძევლად აიყვანს და ერთი ღამის განმავლობაში ოთახში გამოკეტავს. ქალებს დრო საუბარში გაჰყავთ, ერთმანეთს ახლოდან გაიცნობენ და ერთგვარ კათარზისს განიცდიან. მძევლები მძარცველსაც თანაუგრძნობენ მას შემდეგ, რაც დანაშაულის ჩადენის მოტივს გაიგებენ. მარტივად ასეთია სიუჟეტი სპექტაკლისა „ჩემი ანგელოზები“, რომელიც ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაიდგა. პრემიერა 5 მაისს შედგა. humanrights.ge სპექტაკლის რეჟისორს, მანანა კვირკველიასა და დრამატურგს, ქეთი პატარაიას ესაუბრა.

პროექტი, რომლის იდეის ავტორი რეჟისორი მანანა კვირკველიაა, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით, ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდა. პროექტი სპექტაკლის დადგმასა და დოკუმენტური ფილმის გადაღებას ითვალისწინებს. რეჟისორის თქმით, თავდაპირველად, პროექტის განსახორციელებლად კაცთა №17 სასჯელაღსრულების დაწესებულება იყო შერჩეული, პიესაც შესაბამისად ჰქონდათ არჩეული და პროექტიც დამტკიცებული იყო, მაგრამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ეს პროცესი გააჭიანურა. პროექტიც რამდენიმე თვის დაგვიანებით დაიწყო. 

„პროექტის დაფინანსების შესახებ დადებითი პასუხი 2013 წლის დეკემბერში მივიღეთ. 2014 წლის ივლისში უკვე უნდა დაგვეწყო და სექტემბერში დაგვემთავრებინა. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ ივნისის შუა რიცხვებში სამინისტროდან უარყოფითი პასუხი მივიღეთ. უარის მიზეზად დაასახელეს, რომ უსაფრთხოების ზომებს ვერ დაიცავდნენ. ეს პროცესი დიდხანს გაჭიანურდა. საბოლოო შემოთავაზება 2014 წლის ნოემბერში მივიღე. მითხრეს, რომ ამ პროექტის განხორციელება კაცებთან და არასრულწლოვნებთან არ გამოვიდოდა. მათი მხრიდან ერთადერთი შემოთავაზება იყო, რომ ქალებთან შევსულიყავით, თუ არადა პროექტი დაიხურებოდა“, - ამბობს მანანა კვირკველია.

რეჟისორის თქმით, ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველანაირი პირობა იყო შექმნილი იმისათვის, რომ რეპეტიციები კარგად ჩატარებულიყო. პროექტის მიმდინარეობისას ციხის დირექციამ და, პირადად დირექტორმა, დიდი დახმარება გაუწიეს. დიდი ინტერესი იყო თავად პატიმრების მხრიდანაც, რადგან მსგავსი ღონისძიებები მათთვის ახალი არ არის. მათ სამოყვარულო დონეზე რამდენიმე სპექტაკლი უკვე ნათამაშები აქვთ.

„ჩვენ გვქონდა ბედნიერების განცდა, რადგან ვიყავით იქ, სადაც ადამიანებს ვჭირდებოდით.  ეს პროცესი ორმხრივია. თუ პატიმრები არ მიგვიღებდნენ, არაფერი არ გამოგვივიდოდა. ციხის დირექტორმა, ნესტან ვერულაშვილმა ძალიან კარგად მიგვიღო. თავიდან კასტინგის ჩატარებას ვაპირებდით, მაგრამ დრო რომ არ დაგვეკარგა, დირექტორმა ეს პროცესი საკუთარ თავზე აიღო. პატიმრებს შევხვდით, გავესაუბრეთ, პროექტის შესახებ მოვუყევით. მსურველი ბევრი იყო, მაგრამ როცა გაიგეს, რომ ფილმის გადაღებასაც ვაპირებდით, რამდენიმემ უარი განაცხადა - არ უნდოდათ ეკრანზე გამოჩენა. შერჩევის შედეგად, რვა პატიმარი ქალი დარჩა. პროექტი ასევე სპექტაკლში ერთი პროფესიონალი მსახიობის ჩართვას ითვალისწინებდა. დაწესებულების დირექტორმა ამის უფლებაც მოგვცა. სპექტაკლში, თავისუფალი თეატრის მსახიობი გიორგი ზანგური ჩავრთეთ. ფილმის გადაღება, ფაქტობრივად, დასრულებულია. საკმაოდ საინტერესო კადრები გვაქვს გადაღებული. ყველაფერი დოკუმენტურად არის ასახული - რეპეტიციები, შეხვედრები, საუბრები. ჩაწერილია ინტერვიუები. ფილმის რეჟისორია ელენე ასათიანი. პროდიუსერები მე და ლევან კოღუაშვილი ვართ“, - განაცხადა მანანა კვირკველიამ.

სპექტაკლის რეპეტიციები სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკაში, ყოველდღიურად 4-5 საათი მიმდინარეობდა. პიესა სპეციალურად ქალი პატიმრებისთვის დაწერა ქეთი პატარაიამ. მისი თქმით, სანამ წერას დაიწყებდა, რამდენჯერმე შეხვდა პატიმრებს და უკეთ გაიცნო ისინი.

„პიესა უნდა დამეწერა იმის მიხედვით, რომ რვა ქალსა და ერთ მამაკაცს მიეღო მონაწილეობა. ე.ი. უნდა ყოფილიყო ცხრა როლი, დაახლოებით, თანაბარი მნიშვნელობის. თუმცა, სანამ პიესის წერას დავიწყებდი, ვესაუბრებოდით მონაწილე პირებს. სამი-ოთხი შეხვედრა შედგა. ვსაუბრობდით თემებზე, რომლებიც ყველას გვაწუხებს და ყველასთვის საერთოა. გულწრფელად ვამბობდით ჩვენს მოსაზრებებს. ჩვენ არ გვაინტერესებდა პატიმარი ქალის თემა. ქალი ქალია, ციხის გარეთაც და მის შიგნითაც. მათ აირჩიეს წერილობითი ფორმა, მათი ნაწერებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა: ეკონომიკური პრობლემები, ზნეობრივი პრობლემები, უმუშევრობა, ადამიანებს შორის სისასტიკე, ფასეულობების რღვევა, ტრადიციების დაკარგვა და სხვა. ჩვენი მიზანი არ იყო მაინცდამაინც პატიმრებზე დაგვეწერა პიესა, პირიქით. ეს ჩვენი მხრიდან ტყუილიც იქნებოდა, მაშინ ძალიან კარგად უნდა გაგვეცნო იქაურობა. ჩვენი ამოცანა იყო ეს ადამიანები, უპირველესად, საკუთარ თავზე დაფიქრებულიყვნენ. მათ სურვილებს ვითვალისწინებდი, ზოგს ბევრი ტექსტი არ უნდოდა, ზოგს ჩაცმასთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტეზიები და ა.შ. წერის პროცესში იყო რამდენიმე როლი, რომელსაც ზუსტად ვიცოდი, ვისთვის ვწერდი. საბოლოოდ, პიესის თემად დანაშაული და სასჯელი აირჩა და ასე შეიქმნა „ჩემი ანგელოზები“, - აცხადებს ქეთი პატარაია.

დრამატურგი ქეთი პატარაია თავადაც მონაწილეობს სპექტაკლში. იგი მათხოვრის როლს თამაშობს. რეჟისორის თქმით, ამ ნაბიჯმა დადებითი შედეგი გამოიღო: „მათხოვრის როლზე ბევრი პატიმარი მოვსინჯეთ, მაგრამ არავინ ჩერდებოდა. ალბათ არ მოსწონდათ მათხოვრის როლი“. 

სპექტაკლში მონაწილე პატიმრები ჰონორარს მიიღებენ, დაახლოებით, 400 დოლარის ფარგლებში, მაგრამ ამის შესახებ პატიმრებს ინფორმაცია ჯერ არა აქვთ. პატიმრები თავიანთი სურვილით უნდა ჩართულიყვნენ პროექტში და არა ანაზღაურების გამო. 

სპექტაკლის პრემიერამდე ერთ-ერთი რეპეტიცია ქალთა დაწესებულების მონიტირინგის პროცესში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმაც ნახეს. ქალი პატიმრები ემოციურად განასახიერებდნენ თავ-თავიანთ პერსონაჟებს და რამდენიმე საათის განმავლობაში მოწყვეტილნი იყვნენ საპატიმროს მძიმე რუტინას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მსგავსი აქტივობების განხორციელება საპატიმროებში აუცილებელია, რათა პატიმრებმა ციხის კედლებიდანვე დაიწყონ რესოციალიზაციის პროცესი: „ამ პროექტის დადებითი მხარე ისიც არის, რომ რეჟისორმა და დრამატურგმაც მიიღეს პატიმრებთან ურთიერთობის გამოცდილება. იმედია, ისინი შემდგომში მაინც მოახერხებენ სასჯელაღსრულების სამინისტროს დათანხმებას, რომ მსგავსი პროექტი ავჭალის არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც განხორციელდეს. არასრულწლოვანი პატიმრების ფსიქიკაზე ჩაკეტილი გარემო და უმოქმედობა ბევრად უფრო უარყოფითად მოქმედებს, რაშიც არასრულწლოვანთა და ქალთა დაწესებულებების მონიტორინგის პროექტის მიმდინარეობის დროსაც დავრწმუნდით“. 

რეჟისორი და დრამატურგი საიდუმლოდ ტოვებენ სპექტაკლის დასასრულს. არ გვიმხელენ იმას, თუ რა ბედი ეწევა მძარცველს, რომელმაც ბანკში რვა ქალი მძევლად აიყვანა, რადგან სპექტაკლი ინტერაქტიული ხასიათისაა. ფინალურ სცენებამდე მაყურებლებიც ერთვებიან სპექტაკლის მიმდინარეობაში და დასასრულის თავისებურ ვარიანტებს სთავაზობენ, საუბრობენ გმირებზე, განიხილავენ მათ მდგომარეობას, საუბრობენ დანაშაულის, მისი მოტივებისა და სასჯელის შესახებ. თუმცა სპექტაკლის ფინალი ერთია - წინასწარგანსაზღვრული, რომელიც ზოგისთვის მისაღები, ზოგისთვის კი ნაკლებად მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს. 

პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ „ჩემი ანგელოზები“ ციხის კედლების გარეთ, ნამდვილი თეატრის სცენაზეც გათამაშდება. ამისათვის კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნებართვაა საჭირო. ამ ეტაპზე ილიას უნივერსიტეტის თეატრის სცენა მზადაა, სპექტაკლს უმასპინძლოს. რეჟისორი მანანა კვირკველია დადებითად აფასებს პროექტს და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი პროექტები სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებშიც განხორციელდება, განსაკუთრებით კი - არასრულწლოვანთა დაწესებულებაში.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები