კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მელიქიშვილის N47-დან გამოსახლებული მოქალაქეები ღია ცის ქვეშ დარჩნენ

18 მაისი, 2015
 
გიორგი ჯანელიძე,humanrightshouse.org

28 მარტს მელიქიშვილის 47 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან  13 ოჯახი გამოასახლეს. ღია ცის ქვეშ დარჩენილთა ბედი დღემდე გაურკვეველია. გამოსახლებულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები და ლოგინად ჩავარდნილი მძიმე ავადმყოფები.
 
ამორტიზებული შენობიდან მობინადრეები იძულებით  გამოიყვანეს. გამოსახლების პროცესს ინვესტორთან ერთად მთაწმინდის რაიონის გამგეობის და პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  გამოსახლებულები ამჟამად ნიკოლაძის ქუჩაზე, სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფარში ცხოვრობენ.
 
ამორტიზებული შენობის შესასვლელთან ლურჯი პოლიეთილენით გადახურული სახელდახელო კარვებია გაშლილი. იქვე, მუყაოს ყუთებით შეკოწიწებულ იმპროვიზებულ მაგიდაზე ყველი, პური და რამდენიმე კონსერვი დევს. სახლიდან გამოტანილი საბნები და თბილი გადასაფარებლები მათ ცივი დღეების გადატანაში ეხმარება. მოქალაქეთა ნაწილი აცხადებს, რომ მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლები მათი იქ ყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ჩიხში დანთებული შეშის ღუმელიდან გამოსული კვამლის გამო ხშირად შეურაცხყოფასაც აყენებენ.
  
მელიქიშვილის 47 ნომრიდან გამოსახლებულები სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ისინი სახელმწიფოსგან მინიმალური პირობების შექმნას მოითხოვენ. საცხოვრებლის  გარეშე დარჩენილი ადამიანები ამბობენ, რომ მთაწმინდის გამგეობა მათ ბინის ქირის გადახდას ჰპირდება, მაგრამ პირობის თანახმად, დასაქირავებელი ბინა თავად უნდა მოძებნონ: "ქირით ბინის შოვნა ძალიან გაგვიჭირდა. ბინის მეპატრონეები  300 ლარის გადახდას წინასწარ ითხოვენ, წინასწარ მისაცემი ფული ჩვენ არ გვაქვს. როგორც კი პოტენციური გამქირავებელი იგებს, რომ ქირის ფული სახელმწიფომ უნდა გადაგვიხადოს, ბინაში ჩვენს შეშვებაზე უარს ამბობს. ამბობენ, რომ სახელმწიფო ქირის გადახდას ხშირად წყვეტს, ამიტომ ბინაში ჩვენნაირი ხალხის შეშვება არ აწყობთ," - ამბობს ერთ-ერთი გამოსახლებული.
  
მთაწმინდის რაიონის გამგებელი გელა არჩვაძე აცხადებს, რომ ბინის ქირით დაკმაყოფილდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც გამგეობას მიმართა: "თუ მოქალაქე მთაწმინდის რაიონშია ჩაწერილი და კანონით დახმარება ეკუთვნის, საცხოვრებელი ბინის ქირას ჩვენ გადავუხდით. ბინა მათ თვითონ უნდა შეარჩიონ. ისინი ითხოვდნენ არა დროებით და  ქირით გასვლას, არამედ ბინის საკუთრებაში გადაცემას. ახლა ქალაქში არაა ისეთი ვითარება, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ბინები საკუთრებაში გადავცეთ. ჩვენ რაც შეგვიძლია, ის შევთავაზეთ," - ამბობს რაიონის ხელმძღვანელი.

გელა არჩვაძე აცხადებს, რომ მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ორი ოჯახი, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ,  ბინის ქირით უკვე დააკმაყოფილა. გამგეობა თანახმაა, რომ ოჯახებს ქირა იმ შემთხვევაშიც გადაუხადოს, თუ  ისინი საცხოვრებელ სახლს თბილისის სხვა რაიონებში მონახავენ.
 
ამ დროისთვის ქუჩაში მელიქიშვილის 47 ნომრიდან გამოსახლებული 10-მდე ოჯახი რჩება. კარავში მცხოვრებ ადამიანებს ღამით ბავშვების საჭმელი, ჭურჭელით და საოჯახო ნივთები მოპარეს: "მძინარეებს აგვაცალეს თეფშები. ბავშვის საჭმელი, ადუღებული რძე, ზეთი და მილები მოგვპარეს. ჩვენი ნივთები 1 კვირა კიდევ აქ  რომ დარჩეს, აღარაფერი შეგვრჩება," -  ამბობს ერთ-ერთი გამოსახლებული.

ახალი ამბები