კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭაბუკა ჭაბუკაძის ადვოკატს მისი ნახვის უფლება არ მისცეს

27 მაისი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძე 21 მაისს, გვიან ღამით დააკავეს და ცემეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა, მაშინ როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრებთან ერთად საკუთარი სახლის წინ იდგა. ცემის შედეგად ჭაბუკაძემ სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. ის გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილიან სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისს ჭაბუკა ჭაბუკაძის ახლობლებმა დახმარებისთვის მიმართეს. მათი განცხადებით, გარდა იმისა, რომ სასტიკად არის ნაცემი, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალი ყურადღებას არ აქცევს. ჭაბუკაძის ახლობლები ეჭვობენ, რომ სამედიცინო დოკუმენტებში დაზიანებებს სრულად არ აფიქსირებენ. გარდა ამისა, ჭაბუკა ჭაბუკაძეს ხელი მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელში ასახული ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენების თანახმად, ჭაბუკაძე კიბიდან დაგორდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის  იურისტი, ლია ხუროშვილი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ხელმძღვანელებმა პოლიციის მიერ ნაცემ  30 წლის მამაკაც  ჭაბუკა ჭაბუკაძესთან შესახვედრად არ შეუშვეს.

„25 მაისს, დაახლოებით, 12 საათსა და 40 წუთზე გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ორდერით მივედი. როგორც კი დაცვამ ჭაბუკა ჭაბუკაძის დედასთან ერთად დამინახა, კორიდორში წინ გადამეღობა და მკითხა ვინაობა, შემდეგ გადამამისამართა სესვისცენტრში, იქიდან ადმინისტრაციის მენეჯერთან, მედეა ცაბუტაშვილთან შემიყვანეს. მას ავუხსენი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა მინდოდა. წარვუდგინე ადამიანის უფლებათა ცენტრის ორდერი ჭაბუკაძის ინტერესების დასაცავად. ცაბუტაშვილმა ორდერი გამომართვა და მთხოვა დავლოდებოდი, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ აგრესიული შემოვიდა და მითხრა, რომ ორდერი არ წარმოადგენდა ოფიციალურ საბუთს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ბეჭედი იყო დარტყმული. ცაბუტაშვილის თქმით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვას 10 დღეში შევძლებ, როდესაც მას სახლში გაწერენ“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ლია ხუროშვილმა.

ლია ხუროშვილის განცხადებით, სავარაუდოა, რომ ჭაბუკაძის ახლობლებს საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდათ სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით.

„აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნახევრადმძინარე პაციენტთან შედის პოლიციის თანამშრომელი და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, ადვოკატს კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვას უკრძალავენ“,- განაცხადა ლია ხუროშვილმა. 

საკითხის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის რწმუნებულები გურჯაანში იმყოფებოდნენ. რწმუნებულები ჭაბუკაძესა და მის ახლობლებს შეხვდნენ და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს. მოპოვებული ინფორმაციის შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველი რეაგირებას მოახდენს - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ჭაბუკა ჭაბუკაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს.

ფოტო – კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები