კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლომ უჩა ნანუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა

2 ივნისი, 2015
 
Ombudsman.ge

„ერთხელ და სამუდამოდ ალბათ ქვეყანაში უნდა შეიქმნას საარჩევნო სისტემა, რომელიც იქნება მაქსიმალურად სამართლიანი და ობიექტური და მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ამ მხრივ შეასრულებს კატალიზატორის ფუნქციას“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების განსაზღვრის წესის კონსტიტუციურობას შეეხება.

2015 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა სარჩელი – „საქართველოს მოქალაქეები უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს.

სადავო ნორმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებისათვის თითოეული მუნიციპალიტეტი, თბილისის გარდა, წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს, ხოლო თბილისში  იქმნებოდა 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. მოსარჩელეების მოსაზრებით, მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები არ იყო თანაბარი ძალის მქონე. მაგალითად, საბურთალოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 128 545 ამომრჩეველი ირჩევდა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, იმ დროს, როდესაც, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა მხოლოდ 5 810 ამომრჩეველი. ამდენად, ყაზბეგის ამომრჩევლის ხმა 22-ჯერ უფრო წონადი იყო, ვიდრე საბურთალოს საარჩევნო ოლქის ამომრჩევლის ხმა, რაც აშკარად მეტყველებდა სისტემის დისკრიმინაციულობაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვებ–გვერდის ინფორმაციით, სასამართლომ საყოველთაო საარჩევნო უფლების მნიშვნელობაზე მითითებით განმარტა, რომ აუცილებელია, არსებულმა საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს ხალხის ნების თავისუფალი და თანასწორი ასახვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირების პროცესში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმების მიღებით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად დაუკავშირა მუნიციპალიტეტებს, ისე, რომ არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა. რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი გადახრა ხმათა თანაბრობის პრინციპიდან და არათანაზომიერად დაამცრო ამომრჩეველთა დიდი ნაწილის გავლენა საარჩევნო პროცესებზე.

საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მოდელები და თავისებურებები იმ პირობით, რომ ამ პროცესში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (თანასწორობის უფლება) და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან (საყოველთაო საარჩევნო უფლება) მიმართებით.

საკონსტიტუციო სარჩელი უჩა ნანუაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელობისას – 2012 წელს მოამზადა. 


ახალი ამბები