კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერიამ სოციალურად დაუცველი ოჯახი 10 000 ლარით დააჯარიმა

5 ივნისი, 2015
 
ნინო ქიმაძე

3 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა, თბილისის მერიის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახის 10 000 ლარით დაჯარიმების ფაქტზე, პრესკონფერენცია გამართეს. 

დარეჯან ჩოხელი-ჭელიძე სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედაა და ორ შვილს ზრდის. როგორც თავად აცხადებს, მუდმივი უსახლკარობის და რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ორივე შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მისი თქმით, დიდი ხანია დაუკანონებელ მიწის ნაკვეთს უვლის და ეს ტერიტორია მისთვის ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

„აღნიშნულ ტერიტორიას 20 წელია ვუვლი. ჯერ ხილი და ბოსტნეული მომყავდა, შემდეგ, რადგანაც ქუჩაში აღმოვჩნდი და წასასვლელი აღარსად მქონდა, „ლიბერთი ბანკიდან“ სესხი გამოვიტანე, ახლობლებიც დამეხმარნენ და ერთი ოთახი ამიშენეს“, - განაცხადა დარეჯან ჩოხელმა. 

დარეჯან ჩოხელმა დაუკანონებელ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი 2014 წლის ბოლოს ააშენა. მისი თქმით, მშენებლობა ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნით შეაჩერა. როგორც თავად განმარტავს, 2015 წლის 22 მაისს ტერიტორიის დაკანონების მოთხოვნით საკრებულოში აზომვითი ნახაზები მიიტანა, პირადად შეხვდა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს, რომელმაც მერიასთან გაუწია შუამდგომლობა. 

დარეჯან ჩოხელი-ჭელიძის განცხადებით, მერიაში მისულს განუმარტეს, რომ საცხოვრებელი ფართით 2016 წლამდე ვერ უზრუნველყოფდნენ, რადგან მერიას, ამ ეტაპზე, საბინაო ფონდი არ ჰქონდა.

2015 წლის 1 ივნისს დარეჯანი დაუკანონებელ ტერიტორიაზე სახლის აშენების გამო მერიამ 10 000 ლარით დააჯარიმა. მის ინტერესებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი ეკა ქობესაშვილი იცავს.

ქობესაშვილის განმარტებით, ოჯახი სოციალურად დაუცვალთა ერთიან ბაზაშია 7 730 ქულით. იურისტის თქმით, დარეჯან ჩოხელს უკიდურესად უჭირს და აშენებულ საცხოვრებელს არ  გაჩნია საყოფაცხოვრებო პირობები.

„პირადად მივმართე თბილისის საკრებულოს, მერიას, თბილისის მერს დავით ნარმანიას, რომ  თავშესაფრის და შემოსავლის გარეშე მყოფ ოჯახს დახმარებოდნენ, თუმცა, უშედეგოდ. დარეჯანის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოვალეობაა“,- განაცხადა humanrights.ge-სთან ეკა ქობესაშვილმა. 

იურისტის თქმით, იგი ჯარიმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით გასაჩივრებას გეგმავს, რისთვისაც 15 დღის ვადა აქვს.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მერიასა და საკრებულოს მოუწოდებს, პირად კონტროლზე აიყვანონ დარეჯან ჩოხელი-ჭელიძის საქმე. ამასთან, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მოითხოვს, მერიამ დაკისრებული ჯარიმა გააუქმოს და დარეჯან ჩოხელ-ჭელიძეს უფლება მისცეს იცხოვროს აღნიშნულ შენობაში.

ახალი ამბები