კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზღვარი ბავშვურ ცელქობასა და ბულინგს შორის

8 ივნისი, 2015
 
ნინო წოწორია

„ეშინოდათ მისი, რადგანაც მეტისმეტად ზარმაცი იყო, უზრდელი, საძაგელი, ეჯავრებოდათ იმიტომ, რომ ყველა ბიჭი აღფრთოვანებული იყო მისით, ცდილობდა მასთან ახლოს ყოფნას და ოცნებობდა მისნაირი გამხდარიყო. იგი ისე იქცეოდა, როგორც მოეპრიანებოდა, არ ჰყავდა დამრიგებელი, ვისაც უნდა დამორჩილებოდა. არავინ უშლიდა ჩხუბს. ერთი სიტყვით, ამ ბიჭს ჰქონდა ყველაფერი ის, რაც ცხოვრებას ფასს აძლევდა“, - ასე ახასიათებს მარკ ტვენი ტომ სოიერის ერთ-ერთ პერსონაჟს ჰეკლბერი ფინს, რომელიც ბევრი ბავშვისთვის მისაბაძი მაგალითი იყო.

რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგის ლელა ბეჟოშვილის თქმით, ჰეკლბერის მსავსი ბიჭები დღესაც პოპულარობით სარგებლობენ თანატოლებში. მათთვის მიმბაძველობა კი ბულინგის ერთგავრ გამოხატულებად შეიძლება, მივიჩნიოთ. 

„ერთ-ერთმა მეხუთე კლასელმა ტომ სოიერის სწავლის დროს დასვა კითხვა, რატომ მოსწონთ ჰეკლბერი ფინი, რომელიც ყველა თვალსაზრისით ასეთი უკულტუროა. კარგია, რომ ეს კითხვა უჩნდებათ ახალგაზრდებს, კარგია, რომ მათში ღირებულებების აღრევა ასე გამოკვეთილი არ არის. თუმცა, ეს რიტორიკული კითხვა იყო, პრაქტიკაში კი ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოსწონთ ისეთი ბავშვები, რომლებიც ყოყლოჩინობენ და, თავის დამკვიდრების მიზნით, ცუდ სიტყვებს ამბობენ. როგორც წესი, კუმირად მიიჩნევენ ისეთ ბავშვს, რომელიც არის ცოტა უკულტურო და, სამწუხაროდ, ცოტა უზრდელიც. ამ ტიპის ბავშვების ქცევა აგრესიის ელემენტებს შეიცავს და სხვა ბავშვებს თავისი გავლენის ქვეშ აქცევს“, - აცხადებს პედაგოგი ლელა ბეჟოშვილი.

ფსიქოლოგების განმარტებით, ბულინგი არის ერთი ან რამდენიმე ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეურაცხყოფა ან ჩაგვრა. გამოყოფენ ბულინგის პირდაპირ და ირიბ სახეს. პირდაპირია ბულინგი, როდესაც ერთი პირი - მეორეს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, ართმევს ფულსა და სხვადასხვა ნივთს. ირიბია ბულინგი,  როდესაც ადამიანი გარიყულია სოციალური გარემოდან. ფსიქოლოგი მარიამ ალანია ბულინგის ძირითად მახასიათებლად აგრესიას მიიჩნევს, რაც ბავშვებში მცირე ასაკიდან შეიმჩნევა.

„აგრესია ნორმაური მოვლენაა, თუ ის მეორე ადამიანის დაზიანებას არ იწვევს. ბულინგი არის მიზანმიმართული აგრესია, რაც  მსხვერპლის ფიზიკურ ან მატერიალურ დაზიანებას განაპირობებს, ასევე, მის სოციალურ იზოლაციას. აგრესიულობა და ბულინგი გვხვდება მცირე ასაკიდან, ბულინგის გამოვლინებას ბაღში და დაწყებით კლასებში ვაკვირდებით. ყველაზე ინტენსიური კი ბულინგი დაახლოებით მეოთხედან მეცხრე კლასამდეა“, - აცხადებს ფსიქოლოგი მარიამ ალანია. 
აგრესორ ბავშვებს ანუ ბულინგის გამტარებლებს მოჭარბებული ენერგია და სოციალურად მისაღები ქცევების საზღვრების არ ცოდნა ახასიათებთ, როგორც მარიამ ალანია განმარტავს, თვითდამკვიდრებისთვის ასეთმა ბავშვებმა სხვა ფორმა არ იციან.

რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე ბულინგს სასკოლო სისტემის აქტუალურ პრობლემად მიიჩნევს და გადაჭრის გზად მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირებულება მიაჩნია.

„ვფიქრობ ეს პრობლემა მეტნაკლებად ყოველთვის იყო, მაგრამ განსაკუთრებით აქტუალური სასკოლო სისტემაში ბოლო ათწლეულში გახდა. ბავშვის გამორჩევა რაღაც ნიშნით, იქნება ეს ჩაცმულობა, განსხვავებული ვარცხნილობა, საუბრის მანერა, ტონი, ჟესტები თუ ხმა და ამის გამო სხვა ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის მხრიდან დაცინვა, ბულინგის ერთგვარი გამოხატულებაა. პრობლემა ის არის, რომ მასწავლებლებიც კი ვერ ხვდებიან ხანდახან სად მთავრდება ბავშვობა და იწყება ბულინგი. რა არის სიცელქე და ბავშვური ქცევა და სად გადის ზღვარი აგრესიას შორის. ჩვენი მენტალობა ამისთვის მზად არ არის და მასწავლებელს ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ მასწავლებლების ინფორმირებულობა და ამ კუთხით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა Humanrights.ge-სთან საუბრისას მამუკა ხამხაძემ. 

სკოლის ფსიქოლოგის განცხადებით, მოსწავლეების მხრიდან მიმართვიანობა თითქმის არ არის, რადგან ბავშვები თვითონ პრობლემად არ აღიქვამენ საკუთარ ქცევას. 
„ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობაა, ამიტომ სერიოზული გამოხმაურება არ მოჰყოლია. ვერც კი ხვდებიან, რომ ესა თუ ის ქცევა ბულინგია. მომართვიანობა ბევრი არ არის, ბავშვები მხოლოდ მასწავლებლების მოთხოვნით მოდიან, როდესაც მასწავლებელი შეამჩნევს, რომ კლასში ბულინგის შემთხვევები ხდება, მისი მოთხოვნით გვიკავშირდებიან ფსიქოლოგებს. სკოლის პრაქტიკის გათვალისწინებით, ორი სახის ბულინგთან გვაქვს საქმე. ერთი არის კიბერბულინგი, კომპიუტერთან და სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით და მეორე, როდესაც ერთმანეთს უთხზავენ რაღაცებს და სხვადასხვა ისტორიას აბრალებენ. ასეთ დროს ბავშვი ითრგუნება და შესაბამისად ბულინგის მსხვერპლი ხდება“,- ამბობს ჩვენთან საუბრისას მეოთხე საჯარო სკოლის ფსიქოლოგი, ნინო ჯანაშია.

მისივე განმარტებით, ბულინგის პრობლემის მოგვარება მარტივად არ ხდება. ამ საკითხს დროში გაწერილი მუშაობა და პრევენციული ღონისძიების გატარება სჭირდება.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება. პრობლემა მარტივად მოსაგვარებელი არ არის, ეს გამორიცხულია. უბრალოდ, პერიოდულად, ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო, რათა ბავშვმა  გააცნობიეროს, რა ზარალი შეიძლება მოჰყვეს მის ქცევას და რა სტრესი შეიძლება მიიღოს მისმა თანაკლასელმა. პრევენციული ღონისძიებები ერთიდაიმავე ქცევების განმეორებადობითობის აღმოსაფხვრელად არის საჭირო, რომ ერთი და იგივე ფაქტები ხშირი არ იყოს, თუმცა, გამოვლენილი შემთხვევების სრულად აღმოფხვრა თითქმის არ ხდება“, - ამბობს ნინო ჯანაშია.

ბულინგის შესახებ ოფიციალური კვლევა საქართველოში ბოლოს 2007 წელს ჩატარდა. „იუნისეფის“ საქართველოს სკოლებში ძალადობის ეროვნული კვლევის მიხედვით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბულინგის პროცენტული დონე მაღალია.  ბავშვებმა და ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ სკოლებში არსებობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები ხელის კვრიდან - დაჭრამდე.

„იუნისეფის“  2012 წლის კვლევების მიხედვით კი, რომელიც  სკოლებში არსებული ძალადობის შემთხვევების შესწავლას ეხებოდა, საქართველოში გამოკითხული ბავშვების 80% ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.
თუმცა, მანდატურის სამსახურის შემოღების შემდეგ, რომელიც განათლების სამინისტრომ 2008 წლიდან „უსაფრთხო სკოლის კონცეფციასთან“ ერთად შემოიღო, სკოლებში ფიზიკური ძალადობის შემთხვევებმა იკლო.

„ბულინგი დროში გაწელილი პროცესია. მანდატურის სამსახური აფიქსირებს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას. როდესაც ჩვენ ძალადობას ვაფიქსირებთ, მაშინვე ზომებს ვიღებთ მის წინააღმდეგ. ძალადობა დღეს უფრო ხშირად არის ფსიქოლოგიური და კიბერძალადობა. კიბერძალადობის შემჩნევა ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც ბავშვი, ფაქტობრივად, გამოხატავს აგრესიას, როდესაც პრობლემა აქვს, მოწყენილია ან როდესაც ქცევა ეცვლება. თავიდან კიბერძალადობის შემჩვევა ჩვენ არ შეგვიძლია. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, მანდატურის სამსხურისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია ამის დაფიქსირება, მაგრამ ამის შემჩნევის შანსი ძალიან მაღალია სკოლის დამრიგებლებისთვის. ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება სკოლის გარეთაც ან საკლასო ოთახში და ამის შესახებ ან მშობლებმა უნდა ატეხონ განაგში და ან დამრიგებლებმა“, - განაცხადა მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ზარდიაშვილმა.

2012-2013 წლებში „იუნისეფმა“ ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შემსწავლელი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის 60% ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენებას უფრო შედეგიანად მიიჩნევს, ვიდრე არაძალადობრივ მეთოდებს. ბავშვის მიმართ გამოყენებული ძალადობა კი, ფსიქოლოგების განმარტებით, მომავალში ბულინგის განხორციელების მიზეზი შეიძლება გახდეს.

„აგრესიის გამოვლინება ხშირად თავად ბავშვზე განხორციელებული აგრესიის შედეგია. ტრავმისგან დაგროვილი აგრესია ბავშვში სადმე განტვირთვას საჭიროებს, შესაბამისად ის  უფრო სუსტს პოულობს და მასზე იყრის ჯავრს. აღზრდის სტილი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს აგრესიის დაგროვებაზე და მართვაზე. ბავშვი, რომელიც მხარდაჭერის ნაცვლად მშობლებისგან ზეწოლას და დათრგუნვას განიცდის, აღარ ვსაუბრობთ ფიზიკურ დასჯაზე, თავს დაჩაგრულად გრძნობს  და თუ პირობები  ამის საშუალებას მისცემს, ეცდება ეს ჩაგვრისგან გამოწვეული აგრესია სადღაც გადაიტანოს“, - განაცხადა Humanrights.ge-სთან საუბრისას ფსიქოლოგმა მარიამ ალანიამ. 
ფსიქოლოგის განცხადებით, ბულინგის პრობლემის გადაჭრაში უფროსების როლი გადამწყვეტია. თუმცა, ჩარევა დირექტიული და აკრძალვებზე ორიენტირებული არ უნდა იყოს. 
„არსებობს მეთოდები, რომლებიც, ერთი მხრივ, ბავშვებს ეხმარება გააცნობიერონ თუ რა არის ბულინგი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას და, მეორე მხრივ, აცნობენ იმ წესებს და საზღვრებს, რაც სოციალურად მისაღები ქცევისთვის არის დამახასიათებელი. ასევე, მათ გაცნობიერებასთან ერთად უნდა შეძლონ პასუხისმგებლობის აღება, როგორც მყისიერ ისე შორეულ შედეგებზე“, - ამბობს მარიამ ალანია.

უფროსის, ამ შემთხვევაში მასწავლებლის, როლის მნიშვნელობაზე საუბრობს სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პედაგოგმა არასაგაკვეთილო დროს იმუშაოს როგორც ბულინგის განმხორციელებელ ბავშვთან, ასევე, ბულინგის მსხვერპლთანაც. თუმცა, ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლების სწორად ინფორმირებულობაა საჭირო.
„კარგი იქნება არსებობდეს სპეციალური  ტრენინგები, კურსები ან პროგრამები. შესაძლებელია, სასწავლო გეგმაში, სამოქალაქო განათლებას ვგულისხმობ, ასეთი ტიპის თავების  გათვალისწინებაც. მნიშვნელოვანია მშობლებთან კომუნიკაციაც. ვერც ერთი სკოლა ვერ იტყვის, რომ ბულინგს ადგილი არ აქვს, ეს გამორიცხულია. იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებაშია ზოგადად ყველგან  ბულინგი და როგორ შეიძლება, ეს სკოლაში არ იყოს. მთავარია, სკოლა ხედავდეს ამ პრობლემას და ბულინგს კანონიერი საშუალებებით ებრძოდეს“, - ამბობს Humanrights.ge-სთან საუბრისას მამუკა ხამხაძე.

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, ბულინგის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, რადგან მანდატურის სამსახურში ძალადობის აღრიცხვა მხოლოდ ძალადობრივი აქტების დროს ხდება  და ბულინგის შემთხვევები გამოყოფილი არ არის. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები კი ოპტიმისტურ შედეგებს არ იძლევა.
„ჩვენთან მოდიან ბავშვები, რომლებიც  ძალადობის მსხვერპლნი არიან, ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის ბულინგი და ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობის ცალკეული ფაქტი. ძალიან ხშირად ბულერი, ანუ ის, ვინც ბულინგის გამტარებელია, თვითონ არის ხოლმე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ჩვენი საზოგადოება ჯერჯერობით ამ თემის მისაღებად სერიოზულად მზად არ არის. ხშირად გაიგებთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „რა მოხდა მერე, ბავშვები არიან და თვითონ მოაგვარებენ“. მე მიმაჩნია, რომ ამას მეთოდური, ხანგრძლივი და სისტემური მუშაობა სჭირდება და ეს მუშაობა უნდა ხდებოდეს არამხოლოდ სკოლაში, არამედ განათლებისა და სახელმწიფო დონეზე, რადგან ბულინგი მხოლოდ სკოლაში არ ჩნდება. ვფიქრობ, ამ პრობლემის აღმოფხვრას სისტემური სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება“, - განაცხადა მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ფსიქოლოგმა ლევან ზარდიაშვილმა.

მასწავლებელთა პროფესული განვითარების ცენტრში ამ საკითხზე მასწავლებლებისთვის ტრენინგები მინდინარეობს და სურვილის შემთხვევაში პედაგოგებს „კლასის მართვისა და კონფლიქტის მოგვარების ეფექტურ სტრატეგიებს“ ასწავლიან, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლები ბულინგის შემთხვევებს და გადაჭრის გზებს ეცნობიან. მამუკა ხამხაძის თქმით, ინფორმაციის გავრცელების მიზნით, განათლების სამინისტრომ მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოამზადა, რომლის ჩვენებაც სკოლებში მოეწყო და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციები მიაწოდეს.

ბულინგის საერთაშორისო დღე მსოფლოშო 4 მაისს აღინიშნება. წელს ბულინგის დღე საქართველოშიც მოაწყვეს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც შეუერთდა და მოსწავლეებთან ერთად ანტიბულინგურ კამპანიაში ჩაერთო.

ახალი ამბები