კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატთან დაპირისპირებული პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

15 ივნისი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართეს. მათ  ქუთაისის მერიის დაცვის პოლიციის თანამშრომლის, იმედა კირკიტაძის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი გააპროტესტეს და შესაბამის უწყებებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდეს. 
 
„ადამიანი, რომელიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, სრულიად უმიზეზოდ, ერთი ხელის აღებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს.  არავითარი უკმაყოფილება მის საქმიანობასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ საკრებულოს დეპუტატს თვალში არ მოსდიოდა, რეალურად არ არსებობს. პირიქით, მას ყველა დადებითად და პროფესიონალად ახასიათებს. მხოლოდ იმის გამო, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს ასე სურდა, იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს და სამუშაოდ სხვაგან გადაიყვანეს. მინდა გითხრათ, რომ დღეს მას გაცილებით დაბალი ანაზღაურება აქვს, ვიდრე მერიაში მუშაობის დროს ჰქონდა. მივმართავ ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე, დაცვის პოლიციას, გათავისუფლებული თანამშრომელი ან აღადგინონ პოზიციაზე, ან გადაიყვანონ მაღალანაზღაურებად სამსახურში“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, იმერეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ, ამირან ძოწენიძემ. 

ათმეთაური იმედა კირკიტაძე დაკავებული პოზიციიდან 1 აპრილს გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი, ქუთაისის იუსტიციის სახლის იმავე სამსახურში რიგითად გადაიყვანეს. აღნიშნულს წინ პოლიციელსა და ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ, კახა დვალიშვილს შორის მომხდარი დაპირისპირება უძღოდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ვითარებაში მოხდა.

თვითმხილველების განმარტებით, დაცვის პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას  ასრულებდა, როცა მას დეპუტატი ჯერ სიტყვიერად, მოგვიანებით კი, ფიზიკურად გაუსწორდა. მიზეზი მითითება გახდა, რომელიც პოლიციელმა დეპუტატს  ავტომანქანის კონკრეტული პერიმეტრიდან გადაადგილების თაობაზე მისცა. 
 
„მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება ჩემსა და დაცვის თანამშრომელს შორის. სიმართლის დასადგენად და იმ მოარული ხმების საპასუხოდ, რომლის მიხედვით, მე პოლიციელზე ვიძალადე, ვითხოვ, გამოიძიონ ეს ფაქტი, რაც რთული ნამდვილად არაა, მით უფრო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერებია და ეს ყველაფერი დაფიქსირებული იქნება“, - განაცხადა კახა დვალიშვილმა მომხდარის ფაქტის შემდეგ.

მალევე საკრებულოს დეპუტატმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც შსს-ს გენერალურ ინსპექციას მერიის დაცვის თანამშრომელთა კომპეტენციის საკითხის შესწავლას თხოვდა: „დაცვის თანამშრომელთა, კერძოდ კი, იმედა კირკიტაძის  საქმიანობა შესასწავლია. მითუმეტეს, რომ არსებობს ქუთაისის მერიის ორი მიმართვა ამ ადამიანების საქმიანობისა და კომპეტენტურობის შესწავლის თაობაზე“.

პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე სამართალწარმოება დაიწყო. მოკვლევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა, შედეგად, დეპუტატი დაუსჯელი, დაცვის პოლიციელი კი, სამსახურებრივად ჩამოქვეითებული დარჩა.

„ესაა ჩვენი რეალობა. ასეთი ხელისუფლება გვყავს ქუთაისში. ადამიანი სრულიად უმიზეზოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს და სხვაგან გადაიყვანეს. ისმის კითხვა - თუ დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებდა და მისი პროფესიონალიზმი კითხვის ნიშნის ქვეს იდგა, მაშინ იქ, სადაც გადაყვანილია,  როგორ უნდა მოაბას საქმეს თავი? მაგრამ აქ პროფესიონალიზმი არაფერ შუაშია. აქ მთავარია, ჩინოვნიკებს რა სურთ და რა არა. უკანონობას და უსამართლობას რიგითი ადამიანები ეწირებიან“, - განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი წულაიამ. 

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თავად იმედა კირკიტაძე. თუმცა, დეტალებზე  საუბრისგან თავს იკავებს. ყოფილ თანამშრომელზე, ისევე როგორც, რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტზე, საუბრისგან თავს იკავებენ ქუთაისის მერიის დაცვის სამსახურშიც. 

ახალი ამბები