კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოქალაქე ნარკოტესტირების შემდეგ გარდაიცვალა

19 ივნისი, 2015
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

17 ივნისს, ქუთაისში 56 წლის ლევან აბზიანიძე გარდაიცვალა. იგი ორმა პირმა შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო სამმართველოში მიიყვანა, საიდანაც ნარკოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს. აბზიანიძეს ნარკოტესტი ჩაუტარდა, თუმცა  სისხლში ნარკოტიკის კვალი არ დადასტურდა. ლევან აბზიანიძე ნარკოლოგიურიდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე წუთში, სახლთან ახლოს, სკვერში გარდაიცვალა.

„ეს ადამიანი ტაქსის მძღოლი იყო. ოჯახს ამ საქმიანობით არჩენდა. შემთხვევის დროს გაჩერებაზე იდგა, როცა მასთან ორი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირი მივიდა და წყალტუბოში წაყვანა სთხოვა. მოგვიანებით, მას გზიდან გადაახვევინეს და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ქუთაისის ნარკოლოგიურ ცენტრში მიიყვანეს. დაალევინეს შარდმდენი აბები, რის შემდეგაც გახდა შეუძლოდ და თქვა კიდეც ამის შესახებ. უთხრეს, რომ სახლში წასულიყო და იქ უკეთ გახდებოდა. სახლამდე არ მისულმა შვილს უთხრა, რაც მოხდა, ისიც, რომ ძალიან ცუდად იყო“, - ამბობს humanrights.ge-სთან საუბარში ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაცია „რუბიკონის“ წარმომადგენელი, გია ლომინაძე.

საქმე სს კოდექსის 115- მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის ახლობლები გამოძიების სწორად წარმართვას მოითხოვენ: „ადამიანს დაალევინეს დიდი დოზით  შარდმდენი, რამაც წნევის დაცემა, მოგვიანებით კი, გარდაცვალება გამოიწვია. ადამიანი ძალით მოკლეს და ამის გამო დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“ , - აცხადებენ ისინი.

იმას, რომ აბზიანიძეს სისხლში ნარკოტიკის კვალი არ აღმოაჩნდა, ნარკოლოგიურ ცენტრში ადასტურებენ. 

ვინ იყო ის ორი პირი, ვინც აბზიანიძე შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო სამმართველოში მოტყუებით მიიყვანა, საიდანაც ის ნარკოლოგიურში გადაიყვანეს - შეკითხვით ჯერ შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო სამმართველოს შესაბამის სამსახურს მივმართეთ, სადაც აღნიშნული პირების ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს და შსს-ს პრესცენტრთან გადაგვამისამართეს. პრესცენტრის ხელმძღვანელის ტატო კუჭავას განმარტებით: „ეს ორი პირი, რა თქმა უნდა, იყო პოლიციელი. მათი ვინაობა არის კონფიდენციალური. თუ გსურთ ამის შესახებ ინფორმაციის მიღება, გამოითხოვეთ იგი ოფიციალურად, მოგვმართეთ ელექტრონულად და კანონით დადგენილ ვადებში მიიღებთ მას“ . 

Humanrights.ge-სთან საუბარში კუჭავამ უარყო ის ფაქტი, რომ ნარკოლოგიურ ცენტრში აბზიანიძეს პრეპარატი მიაღებინეს (როგორც ეს მან გარდაცვალებამდე შვილს უთხრა), თუმცა, დაადასტურა ის ფაქტი, რომ მას სისხლში ნარკოტიკის კვალი არ აღმოაჩნდა. რამდენად რეალურია შსს-ს ვერსია, რამ გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება, ამას ექსპერტიზა დააგდენს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის იმერეთის ბიუროში აცხადებენ, რომ შესაბამისი დასკვნა ერთ თვეში გახდება ცნობილი. 

„შემაშფოთებელი ფაქტია, თუმცა არა უპრეცენდენტო. ჩვენს ქვეყანაში ძალიან დამკვიდრდა ქუჩის ნარკოტესტირების არაეთიკური, მანკიერი პრაქტიკა, რასაც, როგორც ჩანს, უკვე ხალხის სიცოცხლე ეწირება. ადამიანებს, არიან თუ არა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ნარკოლოგიურში ერეკებიან. 2013-2014 წლებში ნარკოტესტირებაზე 60 ათასამდე მოქალაქეა ქუჩიდან გადაყვანილი. აქედან დადებითი მხოლოდ 30%-ს დაუდასტურდა. ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის რეკომენდაციები პირდაპირ მიუთითებს, რომ ქუჩის ნარკოტესტირების პრაქტიკა გადახედვას საჭიროებს. დროა, ჩვენმა სახელმწიფომ გაითვალისწინოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება, რეკომენდაციები და დაიწყოს ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარება. ჩვენც, ჩვენის მხრივ, სხვადასხვა აქტივობებით არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას ამის შესახებ“, - ამბობს humanrights.ge-სთან საუბარში GENPUD-ის გამგეობის თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა.

აღნიშნულ ფაქტს ქუთაისში პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივები ადამიანის უფლებების შელახვას, სამართალდამცველების მხრიდან გადამეტებულ უფლებამოსილებას, ასევე, მათ არაპროფესიონალიზმს აპროტესტებენ. 

humanrights.ge ფსიქოლოგის მოსაზრებით დაინტერესდა. 

„აბსოლუტურად აბსურდული, გონივრული ეჭვის, ან ვინმე არაკომპეტენტური პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აკავებენ ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამართალდამცველები თითქოსდა ითვალისწინებენ წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას, მიმაჩნია, რომ ადამიანი უნდა დააკავონ მხოლოდ უტყუარ ფაქტზე. სამართალდამცველის აზრი ეჭვმიტანილის შესახებ არ შეიძლება, ჩაითვალოს ობიექტურ საზომად. ყოველი მსგავსი შემთხვევა, განსაკუთრებით კი, როცა პირი დანაშაულის ჩამდენი არ არის, იწვევს უმძიმეს ფსიქიკურ სტრესს  და სავსებით შესაძლებელია, სუსტი ჯანმრთელობის ადამიანისთვის ფატალური შედეგით დასრულდეს“, - ამბობს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მასშტაბური აქციების განხორციელებას გეგმავენ. 26 ივნისს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიება იგეგმება. 

ახალი ამბები