კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

13 ივნისის წყალდიდობის გამომწვევი მიზეზები

23 ივნისი, 2015
 ნინო წოწორია

13 ივნისს თბილისში რამდენიმე საათიანმა წვიმამ მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, შედეგად, მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და გმირთა მოედანი და მიმდებარე ტერიტორიები მთლიანად დატბორა. სტიქიას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. წყალდიდობამ გაანადგურა ზოოპარკიც, ცხოველების ნაწილი წყალში დაიხრჩო, ნაწილის ლიკვიდირება კი გაქცევის შემდეგ მოხდა. განადგურებულია გზის საფარი და ინფრასტრუქტურა. მთლიანობაში ზარალი, დაახლოებით, 100 მილიონი ლარია.

13 ივნისის წყალდიდობის გამომწვევ მიზეზებზე ექსპერტ-გეოლოგმა ჭიჭიკო ჯანელიძემ და ჰიდროლოგმა ცისანა ბასილაშვილმა „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) მიერ მოწყობილ კონფერენციაზე ისაუბრეს, რომელსაც არასამთავრობო და სახელისუფლებო სექტორების წარმოადგენლები ესწრებოდნენ.

წყალდიდობის გამომწვევ ძირითად ბუნებრივ მიზეზად რამდენიმე საათის განმავლობაში მოსული თავსხმა წვიმა მიიჩნევა, რამაც მდინარის ხეობის კალთებზე დიდი რაოდენობის ზედაპირული წყალი წარმოქმნა. წყალდიდობის გამომწვევი კიდევ ერთი მთავარი მიზეზია, ასევე, ადამიანის მოქმედებით დეგრადირებული ტყის საფარიც, რომელსაც წყალშემაკავებელი ფუნქცია თითქმის მთლიანად  დაკარგული აქვს. ხელოვნურ მიზეზად კი CENN-ის მიერ ჩატარებულ მიმოხილვაში ვერეს კალაპოტის ბოლო მონაკვეთზე არასწორად წარმართული სამეურნეო სამუშაოები სახელდება.

„რატომ მოხდა კატასტროფა, ამის ობიექტური ახსნა ძნელი არ არის. ფაქტორი ორია, ერთი - ბუნებრივი და მეორე - ადამიანური. ბუნებრივი ფაქტორიდან გასათვალისწინებელია ის, თუ რითი იქმნება მდინარის ფენა. მდინარის ფენა ითვლება ატმოსფერული ნალექით მოსული წყლით და მისი გადანაწილებით, ანუ, როგორ გადანაწილდება მოსული ნალექი დროში. ვერეს აუზში სტიქიის ღამეს სამსაათიანი წვიმის შემდეგ სულ მცირე 80 მმ ნალექი მოვიდა. 80 მმ ნალექი, 2-3 საათში მოსული, ორი თვის ნორმაა თბილისისთვის. ესე იგი, ორ თვეში რაც გადანაწილებით უნდა მოსულიყო, მოვიდა 2-3 საათში.  ამან გამოიწვია უზარმაზარი წყლის ფენის წარმოქმნა და ეს წყალი დაგროვდა მდინარის კალაპოტში“, - განაცხადა ჭიჭიკო ჯანელიძემ.

მისივე განმარტებით, წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად მდინარის ხეობაში 40-50 წლოვანი ხეების საფარის არსებობაა აუცილებელი, ვერეს ხეობაში კი ტყის საფარი 8%-დან 0,4%-მდეა შემცირებული და იქაც 20 წელზე მეტი წლის ხეები თითქმის არ გვხვდება. ამის გათვალისწინებით, ტყეს წყალშემაკავებელი ფუნქცია დაკარგული აქვს. ჭიჭიკო ჯანელიძის განმარტებით, მდინარე ვერეს ათასწლეულობის განმავლობაში ჩამოყალიბებული წყალგამტარუნარიანობის თვისებაც აღარ აქვს, რის გამოც, წყალი მდინარის ბუნებრივ კალაპოტში აღარ ეტევა და ჭალის საზღვრებს სცილდება.

„ამ კატასტროფას რატომღაც ზოოპარკიდან გაყვანილ ახალ გზას უკავშირებენ, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ვერეს ხეობაში მილი რომ ჩადეს, მაშინ ინჟინრებმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს, რადგან ის მილი გათვლილი იყო მაშინდელი მდინარე ვერეს წყალგამტარუნარიანობაზე. მაგრამ მერე მდინარემ თავისი გამტარუნარიანობა დაკარგა  და 1961 წელს ასეთივე სიძლიერის წყალდიდობა მოვარდა, გვირაბმა ვეღარ გაატარა და გმირთა მოედნის ქვეშ მოხდა შეტბორვა. შეტბორვამ  კი მდინარის წყლის ფონის მაღლა აწევა გამოიწვია. დღევანდელი ტრაგედია, არა ზემოდან წამოსულმა წყალმა, არამედ ამ შეტბორვამ გამოიწვია, შედეგად კი წყლის დონემ აიწია. შვიდი მეტრით აიწია წყალმა და ზოოპარკზე, გმირთა მოედანსა და ლაგუნა ვერეზე ზემოდან გადავიდა. ამის მიზეზი კი 1931 წელს ჩადებული გვირაბი იყო. თუმცა, ამაზე არავინ არაფერს ამბობს“, - განაცხადა შეხვედრაზე ჭიჭიკო ჯანელიძემ. 

ექსპერტმა 13 ივნისის ტრაგედიის ადამიანურ მიზეზებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ვერეს ხეობაში ჭალაზე სახლების მშენებლობა ადამიანების დაუდევრობას გამოხატავს და უსაფრთხოების ზომების დაცვა არ ხდება.

„თბილისის მიდამოებში დროებით საკუთრებაში მოწინავე მუშებს  მიწის ნაკვეთები გადაეცათ, ეს იყო მიწის დასამუშავებული ნაკვეთები.მეპატრონეებმა კი იქ ქოხები ააშენეს. მერე შეიცვალა ხელისუფლება, მოვიდა ახალი მთავრობა და იმ ქოხების მაგივრად მესაკუთრეებმა სახლები ააშენეს. ამაზე უარესი დანაშაული კი ამ ტერიტორიებზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობაა. მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორია არის ჭალა. ყველამ იცის, რომ ჭალა არის ერთ ფერდობზე  შემაღლებული ტერიტორია, რომელიც ძლიერი წყალდიდობის დროს იტბორება. ეს არის ტრივიალური ჭეშმარიტება და ამ ჭეშმარიტების გაგება არავის არ უნდა“, - ამბობს ექსპერტი ჭიჭიკო ჯანელიძე.
გეოლოგის განმარტებით, მსგავსი სიძლიერის წყალდიდობა მომავალშიც განმეორდება და ადამიანები მზად უნდა იყვნენ ამისთვის.

„ჰიდროლოგიაში არის ტერმინი - ხარჯის უზრუნველყოფა, 1 პროცენტიანი, 0,1 პოცენტიანი 0,01 პროცენტიანი. ეს ნიშნავს, რომ 10 წელიწადში, 50 წელიწადში, 100 წელიწადში თუ 1000 წელიწადში ერთხელ დატბორვა მოხდება. წელიწადის რა დროს მოხდება, არ ვიცით, მაგრამ  1961 წელს მოხდა, წელს დაიტბორა და აუცილებლად განმეორდება მომავალშიც. ეს გარდაუვალია და ყველამ უნდა გაითავისოს. არსებული ტრაგედია ბუნების ბრალი არ არის. ბუნების დაუდგენელი კანონია და ბუნება ყოველთვის აკეთებს ამას, რის წინააღმდეგაც ადამიანი ვერასოდეს წავა. დღეს არსებული შედეგი კი უბრალოდ ადამიანის არაგონივრული და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ღონისძიების გამო მივიღეთ“, - განმარტა გეოლოგმა ჭიჭიკო ჯანელიძემ.

CENN-ის ანალიზის მიხედვით, ორმა მიწისქვეშა გვირაბმა არასაკმარისი დიამეტრის გამო დიდი მოცულობის წყლის ნაკადი თავისუფლად ვერ გაატარა. ამასთანავე, კატასტროფა გამოიწვია ნაკადის მიერ წამოღებულმა ხის მორებისა და ტოტების ჩახერგვამაც. ნაკადის შეტბორვამ კი, თავის მხრივ, მდინარის დონის აწევა და გვირაბების მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია.

ჰიდროლოგი ცისანა ბასილაშვილი კატასტროფას ნაწილობრივ კვლევების არარსებობას უკავშირებს. მისი თქმით, 90-იანი წლების შემდეგ მდინარეთა ხარჯების აღრიცხვა აღარ ხდება, რის გამოც ობიექტური ანალიზის გაკეთება ჭირს, რადგან წყლიანობა ძალიან ცვალებადი მაჩვენებელია და მისი გაზომვა მხოლოდ  ზედაპირული დონეების მიხედვით არ ხდება.

„მდინარე ვერე იწყება დიდგორის ქედიდან. 1670 მეტრ სიმაღლეზე. ფართობი 200 კვადრატული კილომეტრია, ტყიანობა კი 8 %-დან, 0,4 %-მდეა შემცირებული. ტყე არის წყალდიდობის მნიშვნელოვანი შემაკავებელი. სამწუხაროდ, უმისამართო ჩეხვა ტრაგედიებს იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ყოველგვარი წესების გარეშე და საკუთარი სურვილის მიხედვით, არ მოჭრან ხეები. ვერეს ხეობაში წვიმის დროს მოჭრილი ხეები, დამუშავებული მორები ჩამოვიდა და  მდინარის კალაპოტი გადაიკეტა, ამან წყლის შეგუბება გამოიწვია. როგორც ვიცით, მეწყერი პირველ საათზე მოხდა. ამ მეწყერმა, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო, თუმცა, დიდი კატასტროფა პირველ საათამდე მოხდა. გარდა ამისა, სხვა ხელშემწყობი ფაქტორებიც იყო. წინა დღეებში არსებული წვიმების გამო მიწა დატენიანებული იყო, რამაც გაამზადა მიწის ეს მასა დიდი წვიმის დროს ჩამოსაშლელად“, - განმარტა ჰიდროლოგმა ცისანა ბასილაშვილმა.

ექსპერტების განმარტებით, წყალმოვარდნა 20 მმ ნალექის მოსვლის შემთხვევაში იწყება, 13 ივნისს კი ერთ ღამეში 49 მმ ნალექი მოვიდა. ცისანა ბასილაშვილის თქმით, კატასტროფის მიზეზების კვლევისას მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელოვნური, ადამიანური მიზეზებიც.

„ადამიანები დაუკითხავად ითვისებენ  მდინარის ხეობას, ჭალებს და ზედ შენობებს აშენებენ, რაც ჭალაზე დაუშვებელია. საშიშროების უგულებელყოფა არ შეიძლება. ადამიანები ამას დაუკითხავად აკეთებენ და მომავალში რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს, არ ფიქრობენ“,- განაცხადა შეხვედრაზე ცისანა ბასილაშვილმა. 

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი,CENN-ის ანალიზის მიხედვით, საკმაოდ რთულია, რადგან ბუნებას თავისი დაუწერელი კანონი აქვს და 13 ივნისის სიძლიერის წყალდიდობა მომავალშიც აუცილებლად განმეორდება. კატასტროფის თავიდან ასაცილებლად კი მდინარის ხეობისთვის ბუნებრივი მორფოლოგიური იერის დაბრუნებაა საჭირო. ჰიდროლოგ ცისანა ბასილაშვილის რეკომენდაციით, მდინარის ხეობის კალაპოტის გაწმენდა, სიღრმის მიცემა და ამოღებული მიწით ნაპირების დაშენება უნდა მოხდეს. მისივე განმარტებით, საჭიროა, ხეობის ფერდობების დატერასება და გარდი-გარდმო ხვნა-თესვის დაწყება, რადგან მორწყვის დროს წყლის პირდაპირი ჩადინებით საფრთხე ხელოვნურად არ გაიზარდოს.

CENN-ის ანალიზის მიხედვით, ასევე, მნიშვნელოვანია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტყის აღდგენა, მდინარის ხეობაში მცირე ზომის წყალსაცავების აშენება და წყალგამტარი გვირაბების დიამეტრის გაზრდა. როგორც ცნობილია, დღეს არსებულ გვირაბებს მხოლოდ 40-50 მ2/წამი მოცულობის წყლის ხარჯის გატარება შეუძლია, მაშინ როდესაც ვერეს ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის უფროსის მერაბ ალავერდაშვილის დაკვირვებით, 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს მაქსიმალურმა ხარჯმა 400-500 მ2/წამს გადააჭარბა.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2000 წლიდან თბილისის ტერიტორიის შესწავლა, ანალიზი და მონიტორინგი ბუნებრივი კატასტროფების მდგომარეობის კუთხით გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობაში აღარ შედის და უკვე 15 წელია კატასტროფების რისკების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების გატარება აღარ ხდება.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდებამ ქალაქის ცენტრალური ნაწილის დატბორვა გამოიწვია, რასაც 20-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ქალაქს კი 100 მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა.

ახალი ამბები