კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალი პატიმრები ჩხრეკისას დამამცირებელ მოპყრობაზე ჩივიან და ხანგრძლივ პაემნებს ითხოვენ

25 ივნისი, 2015
 
 ნათია გოგოლაშვილი

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გოგი გახარია ადამიანის უფლებათა ცენტრს იმ პრობლემებზე ესაუბრა, რაც ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა. გოგი გახარიას თქმით, არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება. საქმე ეხება პაემნების, ჩხრეკის, ტელეფონითა და ტელევიზიით სარგებლობის საკითხებს.

ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნების არარსებობა მდედრობითი სქესის პატიმრებს დისკრიმინაციულ მდგომარებაში აყენებს. ამ ტიპის პაემნის აკრძალვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად წლების განმავლობაში ქალი პატიმრების შესაძლო დაორსულების რისკი სახელდება, რაც შემდგომში სახელმწიფოსთვის დამატებით ხარჯებს გამოიწვევს. ამის მიუხედავად, გოგი გახარიას თქმით, ქალებში ხანგრძლივი პაემნების დანერგვა იგეგმება. 

„პრობლემებია საბიუჯეტო კუთხით. ხანგრძლივი პაემნების დანერგვას დიდი რაოდენობით ორსულობა მოჰყვება. ამიტომ დამატებით უნდა აშენდეს დედათა და ბავშვთა დაწესებულება და გაიმართოს ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს გოგი გახარია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არგუმენტი, რომ ინფრასტრუქტურა მზად არ არის ხანგრძლივი პაემნებისთვის, რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, მაგრამ დეპარტამენტის პოზიცია, ზოგადად, ბოლომდე მაინც გაუგებარია. საქმე ის არის, რომ ქალ პატიმრებს ხანგრძლივი პაემნების შესაძლებლობა არა მხოლოდ მეუღლეებთან, არამედ მშობლებთან და შვილებთანაც არა აქვთ. 

„ზოგიერთ მსჯავრდებულს მეუღლე არც ჰყავს და ოჯახის სხვა წევრებთან სურს ხანგრძლივი პაემანი. რატომ ეზღუდება მათ ამის უფლება? სახელმწიფომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღმოფხვრას ეს პრობლემა, რადგან ქალი პატიმრები ამჟამად, ფაქტობრივად, დისკრიმინაციას განიცდიან თავიანთი სქესის გამო“, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედბით, მნიშვნელოვანია, მიღებული იქნას ყველა აუცილებელი ზომა ქალ პატიმართა მიერ ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, მაგრამ რეკომენდაცია ჯერ არ შესრულებულა.

„გაეროს „ქალ პატიმართა მოპყრობისა და არასაპატიმრო სასჯელთა შესახებ“ ე.წ. ბანგკოკის წესების 27-ე მუხლის თანახმად, ქალ პატიმრებს უნდა ჰქონდეთ ოჯახური ტიპის პაემნებით სარგებლობის უფლება მამაკაცი პატიმრების თანაბრად. გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის კოდექსის თანახმად, მამრობითი სქესის მსჯავრდებულები 24-საათიანი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობენ, ხოლო, მდედრობითი სქესის მსჯავრდებულები - მხოლოდ 3-საათიანი საოჯახო პაემნით, პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული პირობები ეწინააღმდეგება „ბანგკოკის წესებით“ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტს. აღნიშნული ასევე ეწინააღმდეგება გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის სულისკვეთებას. პატიმრობის კოდექსის 124 მუხლის თანახმად, ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ, არა უგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა, უნდა უზრუნველყოს საჭირო პირობების შექმნა და ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელება ქალთა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში. 

ქალ პატიმართა უმრავლესობა აცხადებს, რომ №5 დაწესებულებაში ტელეფონი ხარვეზით მუშაობს, რაც პატიმრებს კომუნიკაციის პრობლემებს უქმნის. მათ ტელეფონით სამი ზარის განხორციელების უფლება აქვთ, მაგრამ ხარვეზის გამო ტელეფონმა შეიძლება მსჯავრდებულებს ეს ზარები გაუუქმოს. შესაბამისად, ისინი ვერ იყენებენ თავიანთ უფლებას - სატელეფონო კავშირი ჰქონდეთ ახლობლებთან. გოგი გახარიას განცხადებით, ციხის ტერიტორიაზე იგეგმება სხვა სატელეფონო კომპანიის შესვლა, რომელიც მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.

ქალი პატიმრები არასაკმარის სატელევიზიო არხებზეც საუბრობენ. მათი თქმით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ხშირ შემთხვევაში, არა აქვთ საშუალება, მათთვის გასაგებ ენაზე უყურონ სატელევიზიო არხებს. „დაწესებულებაში ერთი სატელიტია. ამიტომ ყველა პატიმრის მოთხოვნების დაკმაყოფილება სატელევიზიო არხებით ვერ ხერხდება“, - განმარტავს გოგი გახარია. 

17 ივნისს საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, რაც შესაბამის ტექნიკურ გამართვას ითვალისწინებს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ტექნიკური ჯგუფის ინფორმაციით, პრობლემა არ იქნება და ყველაფერი ტექნოლოგიურად გაიმართება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორი, ნინო ცაგარეიშვილი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ სხვა პრობლემებზეც საუბრობს: „ქალი პატიმრების უმრავლესობა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მათ დაწესებულების ადმინისტრაციისგან არ მიეწოდებათ საჭირო რაოდენობის ჰიგიენური საფენები, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც, ჰიგიენური საფენების შემცვლელად ისინი იყენებენ არაჰიგიენურ საშუალებებს, რაც  გართულებებს იწვევს. კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ქალ პატიმართა ჩხრეკის პროცედურები წარმოადგენს. პატიმართა განცხადებით, დაწესებულებაში მოთავსებისას ხორციელდება მათი ე.წ. სრული შემოწმება, რაც მოიცავს მათ გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთებას, რაც მათ მორალურ ზიანს აყენებს“.

№5 სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი, ნანა ფარჩუკაშვილი, რომელიც პროფესიით იურისტია, ჩხრეკის დამკვიდრებული წესების წინააღმდეგ იბრძვის: „ამ საკითხზე არაერთხელ მივწერე სახალხო დამცველს, სასჯელაღსრულების მინისტრს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს. როგორც გავარკვიე, დაწესებულების ადმინისტრაცია მინისტრის ბრძანების თავისებურ ინტერპრეტაციას ახდენს. ბრძანებაში ერთგან ნახსენებია ტერმინი „სრული გასინჯვა“, რაც მათი აზრით, გულისხმობს ნებისმიერ შემთხვევაში პატიმრის სრულად გაშიშვლებას და დამამცირებელი ბუქნების გაკეთებას. წარმოიდგინეთ, ხუთი ქალი გადგას თავზე და სრულიად შიშველი დამამცირებელ ბუქნებს აკეთებ! გასაგებია, რომ გარეთ გასვლისას ან შემოსვლისას, პატიმარმა სხეულით შეიძლება აკრძალული ნივთი გაიტანოს ან შემოიტანოს, მაგრამ ამისთვის ხომ არსებობს დეტექტორი?! თუკი დეტექტორი ხმას გამოსცემს, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს „სრული შემოწმება“. ესენი კი პირდაპირ აშიშვლებენ პატიმრებს, ისე, რომ დეტექტორს არც იყენებენ“.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე პატიმარ ნანა ფარჩუკაშვილის განცხადებას პასუხობს: „გაცნობებთ, რომ პარლამენტმა მიიღო საქართველოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნულ კანონპროექტში არ არის ჩანაწერი პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებულის გაყვანა/შემოყვანისას მისი ე.წ. „სრული შემოწმებისა“ და მით უფრო შემოწმებისას მსჯავრდებულთა პატივისა და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ“. 

ეს პასუხი ეკა ბესელიამ 2014 წლის 5 მაისს მისწერა ნანა ფარჩუკაშვილს. №5 სასჯელაღსრულების დირექტორი კი პატიმარს წერდა, რომ მსჯავრდებულთა მიმართ დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან სრული შემოწმება/დათვალიერების დროს პატივისა და ღირსების შემლახველ ფაქტს ადგილი არა აქვს. 

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაწესებულებაში მიღების დროს პატიმრის შემოწმება მოხდეს ისე, რომ არ შეილახოს მისი ღირსება. 

„განსაკუთრებულ პრობლემას N5 დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას სრული შემოწმების პროცედურა წარმოადგენს, რა დროსაც ხდება პატიმრების სრულად გაშიშვლება. ამასთან, სთხოვენ გააკეთონ ბუქნები, რაც მორალურ ზიანს აყენებს მათ. აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის შემოწმება ტარდება პატიმრის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისასაც და დაბრუნების ყველა შემთხვევაშიც. არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული პროცედურის გამო პატიმრები უარს აცხადებენ დაწესებულების გარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სასამართლო პროცესზე გაყვანაზე“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

ქალი პატიმრების უკმაყოფილებას სასმელი წყლის დაბალი ხარისხიც იწვევს. გოგი გახარიას თქმით, 2014 წლის მაისში ლაბორატორიული მაჩვენებლები წყალზე დამაკმაყოფილებელია და წყლის შემადგენლობა სასმელად ვარგისია. 

ნინო ცაგარეიშვილი პოზიტიურ ტენდენციებსაც გამოყოფს: „ქალი პატიმრების განცხადებით, სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ, 2012 წელს, ქალთა საპატიმროში აღარ ფიქსირდება ისეთი მწვავე პრობლემები, როგორიც არის პატიმართა ცემა, ასევე გარკვეული პატიმრების პრივილეგირებული მოპყრობა. პოზიტიური ტენდენციებიდან ასევე აღსანიშნავია, რომ ქალ პატიმრებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში. ასევე, საპატიმროში ფუნქციონირებს მაღალ დონეზე აღჭურვილი ბიბლიოთეკა, რომელიც უზრუნველყოფილია მრავალფეროვანი ლიტერატურით, შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით“. 

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები