კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნის ინიციატივა პირველი მოსმენით მიიღო

29 ივნისი, 2015
 
სივილ ჯორჯია

პარლამენტმა 27 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა მსხვილი პაკეტი, რომელიც სამინისტროდან უსაფრთხოების სტრუქტურების გამოყოფას ითვალისწინებს.

ცვლილებებს განხილვიდან ორი კვირის თავზე ეყარა კენჭი და მას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი შაბათს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე.

კანონპროექტის თანახმად, 1 აგვისტოდან შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება და მთავრობასთან ერთად, ასევე ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.

რეფორმის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამჟამად შსს-ის სტრუქტურაში შემავალი შემდეგი დანაყოფები გაერთიანდებიან: კონტრტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო  ე.წ. სუს-ი, რომლის სახელწოდებაც შესაძლოა შეიცვალოს, ანტიკორუფციული სააგენტო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი- ამ უკანასკნელს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ევალება. რეფორმის შედეგად, შსს-ს ძირითადად საპოლიციო ფუნქციები დარჩება.

უსაფრთხოების ახალი უწყების ხელმძღვანელს, კანონპროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი შეარჩევს და შესთავაზებს მთავრობას, რომელიც მოწონების შემთხვევაში, პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად კანდიდატურას, რომლის ასაკიც არ უნდა იყოს 35 წელზე ნაკლები, მას ასევე არ უნდა ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა და უნდა იყოს უპარტიო.

საკანონმდებლო ორგანო წარდგენიდან მაქსიმუმ 14 დღეში, როგორც ინიციატორებმა აღნიშნეს, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით დაამტკიცებს  თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, რომლის უფლებამოსილების ვადა  6 წელს შეადგენს - ეს ვადა საქართველოში დადგენილ არცერთ საარჩევნო ციკლს არ ემთხვევა. 

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დამტკიცების კვორუმი, ისევე როგორც პარლამენტის მიერ მისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები პარლამენტის რეგლამენტში გაიწერება.

თუ პარლამენტის მიერ ვერ იქნა არჩეული სამსახურის უფროსი, მაშინ მისი არჩევის პროცედურა იწყება თავიდან, კანონპროექტის თანახმად. ერთი და იგივე პირი პარლამენტს ასარჩევად შეიძლება წარედგინოს მხოლოდ ორჯერ.  ასევე, სამსახურის უფროსს ზედიზედ ორჯერ ამ თანამდებობის დაკავება აკრძალული ექნება.

კანონპროექტის თანახმად, სამსახურის უფროსის მოადგილეებს მისივე წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. მათ უფლებამოსილება ასევე შეუწყდებათ იმ შემთხვევაშიც, თუ სამსახურს ახალი უფროსი ჩაუდგება სათავეში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოქმედება 2015 წლის აგვისტოდან არის კანონპროექტით გათვალისწინებული და წლის ბოლომდე ის 36 743 994 ლარით დაფინანსდება შსს-სთვის დამტკიცებული ბიუჯეტიდან. წინასწარი გათვლებით, ახალ უწყებაში, დაახლოებით, 4 ათასი თანამშრომელი იმუშავებს.

ამასთან ერთად, კანონპროექტი მისი თავდაპირველი ვარიანტის დაზუსტების შედეგად,  განსაზღვრავს, რომ მისი გამოქვეყნებიდან 5 დღეში პრემიერ-მინისტრმა სამსახურის უფროსის კანდიდატურა უნდა შესთავაზოს მთავრობას, ხოლო მთავრობამ მოწონების შემთხვევაში ასევე მაქსიმუმ 5 დღის ვადაში წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად. ახალი უფროსი, არჩევის შემთხვევაში, უფლებამოსილების შესრულებას 1 აგვისტოდან შეუდგება. მაგრამ თუ ამ დრომდე სამსახურის უფროსი პარლამენტმა ვერ აირჩია, მაშინ პრემიერ-მინისტრი დანიშნავს სამსახურის უფროსის და მისი მოადგილეების დროებითი მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებსაც უფლებამოსილება პარლამენტის მიერ სამსახურის უფროსის არჩევისთანავე შეუწყდებათ.

უსაფრთხოების სამსახურის პარლამენტისადმი ანგარიშვალდებულება მის მიერ დეპუტატებისთვის ყოველწლიური მოხსენების წარდგენაში გამოიხატება.

უმრავლესობის დეპუტატები მიესალმებიან შსს-ს გაყოფას, როგორც ერთ უწყებაში მოქცეული ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაციისკენ მიმართულ პროცესს. თუმცა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მოხდა 2004 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამინისტროს გაერთიანება, აცხადებენ, რომ ეს რეფორმა არ არის გააზრებული და წარმოადგენს უწყების „მექანიკურ“ გაყოფას.

ბევრი ის შენიშვნა, რომელიც პირველი მოსმენით საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო მოსმენების დროს გამოითქვა, ძირითადად, უწყებების გაყოფის შედეგად მათი უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნის და დუბლირებების თავიდან აცილების კუთხით, ინიციატორმა გაითვალისწინა და ასევე გამოხატა მზაობა მეორე მოსმენით პაკეტის მუხლობრივად განხილვისას ფორმულირებების დახვეწის თაობაზე.


ახალი ამბები