კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ქალ პატიმართა ერთი ნაწილის დისკრიმინაციული მდგომარეობის თაობაზე

3 ივლისი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინციატივას და ახლა უკვე პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს, რომელიც სსკ–ის  260–ე მუხლის ახლებული რედაქციით ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის გასაღებისგან გამიჯვნა არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის ინდივიდუალურად განსაზღვრის პროცესს.

სამწუხაროდ, წარმოდგენილი ცვლილებები არ შეეხო სსკ–ის 262–ე მუხლს , რამაც  ქალ მსჯავრდებულებში უსამართლობისა და პროტესტის განცდა გააჩინა. 

ჯერ კიდევ  2012 წლის ამნისტიის აქტით, ქალ მსჯავრდებულებთან მიმართებით სსკ-ის 262-ე მუხლზე გავრცელდა მხოლოდ დანიშნული სასჯელის 1/3-ით  შემცირება. ამ კუთხით, განსაკუთრებით დაიჩაგრნენ ქალი მსჯავრდებულები, რომლებიც წლების განმავლობაში იხდიან არაადეკვატურად მაღალ სასჯელებს  სსკ–ის 262–ე მუხლის საფუძველზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სრულად იზიარებს მსჯავრდებულთა მოსაზრებას, რომ რადგან ამნისტიით 260-ე მუხლი ყველას მოეხსნა, თავის დროზე ალოგიკური იყო 262-ეს დატოვება.

სასჯელაღსრულების #5 დაწესებულების ვიზიტებისას, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი არაერთხელ შეხვდა ქალ მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს იხდიან სსკ–ის 262–ე მუხლის საფუძველზე. ამნისტიამდე მათ 30, 25 და მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. ისინი აცხადებენ, რომ  2012 წლის  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ ახალი ხელისუფლება დაპირდა სსკ–ის 260–ე და 262–ე მუხლების გადახედვას და ამ კუთხით, არაადეკვატურად მაღალი სასჯელების გადასინჯვის ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმის შექმნას, რაც ნაწილობრივ განხორციელდა. 

სამწუხაროდ, ცვლილებები დღემდე არ შეხებია სსკ–ის 262–ე მუხლს და ამავე დროს, სახელმწიფოს დღემდე არ შეუქმნია  უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენების გადახედვის ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი. დღემდე მსჯავრდებულები მოკლებულნი არიან  ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მისჯილი არაადეკვატურად მაღალი სასჯელების გადახედვის შესაძლებლობას, რაც არსებითად ლახავს მათ უფლებებს.

ქალ მსჯავრდებულთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ნარკოტიკული დანაშაულისათვის სსკ-ის 262-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც მოხდილი აქვთ დანიშნული სასჯელის ნახევარზე მეტი, ნაწილს ორი მესამედიც,  პრეზიდენტი და შეწყალების კომისია  უარს ეუბნება მათ შეწყალებაზე. 

პარალელურად, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მართლმსაჯულება ბევრად ლმობიერი გახდა და იგივე მუხლებით ქალ ბრალდებულებს მსჯავრად ედებათ 3 ან 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ კატეგორიის პატიმრებს უკვე შეწყალებაც კი შეეხოთ, რის გამოც ძველ პატიმრებს სამართლიანად აქვთ დისკრიმინაციული მოპყრობის შეგრძნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:

 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებს: 
შეასრულონ მსჯავრდებულთა მიმართ წინასაარჩენო დანაპირები და შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ლიბერალიზაციის კუთხით,  სსკ–ის 262–ე მუხლის რეგულაციის  გადახედვასთან დაკავშირებით. 
იზრუნონ უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენების გადახედვის ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმის დროული შექმნისათვის.

 საქართველოს პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას: 
მეტი გულისხმიერება გამოიჩინონ იმ მსჯავრდებული ქალბატონების მიმართ, რომლებიც  წლებია, არაადეკვატურად მაღალ  სასჯელებს იხდიან სსკ-ის 262-ე მუხლის საფუძველზე და მოკლებულნი არიან უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენების გადახედვის შესაძლებლობას.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები