კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მძიმედ დაავადებულ პატიმრებს კომისია არ ათავისუფლებს

8 ივლისი, 2015
 ნათია გოგოლაშვილი

მსჯავრდებული ინგა წულაძე მეხუთე წელია, სასჯელაღსრულების №5 დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ინგა წულაძის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ავალიანი იცავს. მან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას ინგა წულაძის დარჩენილი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.  მიმართვიდან ერთი თვე გავიდა და კომისიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

სასამართლოს შეუძლია, სასჯელისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ასევე, სასამართლოს შეუძლია, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალები 65 წლიდან, მამაკაცები 70 წლიდან), თუ მას მისჯილი არა აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი მსჯავრდებულის გათავისუფლება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მაგრამ პრაქტიკა ხშირ შემთხვევაში,  განსხვავებულია.

ინგა წულაძე სასჯელს სსსკ-ის 109-ე მუხლის საფუძველზე იხდის. მას ბრალად საკუთარი მეუღლის მკვლელობის შეკვეთა ედება. 2013 წელს, საბოლოოდ,  მას 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მსჯავრდებული ქმრის მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისი თქმით, განაჩენი უკანონოა. ამავე დროს, წულაძე აცხადებს, რომ იგი წამების მსხვერპლია - გამომძიებელმა პროკურორებმა, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით და თბილისში არსებული უძრავი ქონების დათმობის მიზნით, აწამეს. სასამართლო-სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ „სად-ში შეყვანისას ინგა წულაძეს ნამდვილად აღენიშნებოდა სხეულზე ფიზიკური დაზიანებები“. 

მსჯავრდებულმა ინგა წულაძემ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილთან. ექსპერტიზა 14 თვე მიმდინარეობდა (2013 წლის 21 სექტემბრიდან 2014 წლის 25 დეკემბრამდე). დასკვნის მიხედვით, მისი დაავადებები პროგრესირებს. თუკი 2013 წლის აპრილში გამოხატული იყო მხოლოდ ორკარედი სარქველის ნაკლოვანება, 1,5 წლის შემდეგ, 2014 წლის ოქტომბერში უკვე გამოხატულია ორკარედი, სამკარედი და ფილტვის არტერიის სარქველების უკმარისობა. ექსპერტის დასკვნით, დაავადების ასეთი სწრაფი პროგრესირება სრულმასშტაბიანი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის არარსებობის ფონზე, მსჯავრდებულ ინგა წულაძეს ართმევს ჯანმრთელობის არსებითი გაუმჯობესების შანსს. შესაბამისად, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება მის სიცოცხლეს. 

კარდიოლოგიურ პრობლემებთან ერთად მსჯავრდებულს სხვა მძიმე დაავადებებიც აქვს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ: „მკურნალობა ადეკვატურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პათოლოგიური პროცესი  პროგრესირებს და ვრცელდება გულის სხვადასხვა სარქველზე. ბოლო ერთი წლის მანძილზე უკვე გამოიხატა სარქველების მნიშვნელოვანი უკმარისობა, პულმონური ჰიპერთენზია, ქვედა კიდურების შეშუპება, ლიმფოსტაზი. ინგა წულაძის ძირითად დაავადებას ართულებს რეინოს დაავადება, რომელიც ავადმყოფს განუვითარდა სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსების შემდეგ. რეინოს სინდრომი სისლძარღვების სპაზმით მიმდინარე დაავადებაა. ინგა წულაძეს აღენიშნება კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები, თირკმელების დაავადებები, ნერვული დაავადებები“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ავალიანის თქმით, მსჯავრდებულმა აღნიშნული დაავადებები, არასათანადო მკურნალობისა და ციხეში არსებული მძიმე პირობების შედეგად, სასჯელის მოხდის პერიოდში შეიძინა. ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას ინგა წულაძემ 2013 წელსაც მიმართა, მაგრამ გათავისუფლებაზე უარი მიღო.

„2013 წლის 18 ოქტომბერს, მსჯავრდებულ ინგა წულაძეს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის მხრიდან უარი ეთქვა ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე. 2013 წლის ოქტომბრიდან დრემდე, არსებითად გაუარესდა მსჯავრდებულ ინგა წულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაზეც პასუხისმგებელი არის სახელმწიფო, მათ შორის - მუდმივმოქმედი ერთობლივი კომისია, რომელმაც სათანადოდ ვერ შეაფასა ინგა წულაძის დაავადებების სიმძიმე და სიცოცხლის საფრთხე“, - აცხადებს თამარ ავალიანი.

თამარ ავალიანის თქმით, მსჯავრდებულთა განაცხადების განხილვის პრაქტიკა არასწორია. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროსა და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაც დაუსაბუთებელია: „პრაქტიკა ისეთია, რომ პატიმრებს მხოლოდ სიკვდილის წინა პერიოდში ათავისუფლებენ. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე მსჯავრდებულებსაც კი არ ათავისუფლებენ. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა იმ ნუსხას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მიერ არის დამტკიცებული, სრულად აკმაყოფილებდა მსჯავრდებული, მაგრამ პატიმრის გათავისუფლებაზე კომისიამ რატომღაც უარი განაცხადა. ძალიან დაუსაბუთებელია ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაც. ის პირდაპირ ამბობს - „თქვენ არ აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს და უარს გეუბნებით გათავისუფლებაზე“. გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა არის ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის პრობლემა, ასევე დროულად საქმის განხილვაც. ინგა წულაძის საქმე თითქმის ორი თვეა, შეტანილი გვაქვს და პასუხი არც დადებითი ვიცით და არც უარყოფითი“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით სასჯელაღსრულების №5 დაწესებულების მსჯავრდებულმა ვაკონა ბერიშვილმაც მიმართა. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და დღითიდღე კიდევ უფრო მძიმდება. მკურნალი ექიმის მიერ განსაზღვრული აქვს წოლითი რეჟიმი. ამასთან, ვაკონა ბერიშვილი გათავისუფელებას ხანდაზმულობის ასაკის გამოც ექვემდებარება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამუნა ლუკავას განცხადებით, მსჯავრდებული ვაკონა ბერიშვილი სრულიად ექვემდებარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს კანონის პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ვ“ პუნქტითა და 39 მუხლით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი №181/№01-72/ნ ბრძანების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მსჯავრდებულის ინფორმაციით, სად-ის №5 დაწესებულებიდან მიმდინარე წლის 9 მარტს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროსა და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიაში გადაიგზავნა განცხადება მსჯავრდებულ ვაკონა ბერიშვილის ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. თუმცა, მსჯავრდებულ ვაკონა ბერიშვილის განცხადებაზე კომისიას დღემდე გადაწყვეტილება არა აქვს მიღებული. 

„ორგანიზაციის სახელით არაერთხელ მივმართე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას, მსჯავრდებულ ვაკონა ბერიშვილის ხანდაზმულობის ასაკის გამო, სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვის დაჩქარების მოთხოვნით, მაგრამ -უშედეგოდ.  კომისიას საკითხი არ განუხილავს. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ აქამდე არსებული პრაქტიკით, ხანდაზმულობის ასაკის გამო, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაგზავნილ შუამდგომლობას მსჯავრდებულთა სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია დაჩქარებული წესით იხილავდა და მსჯავრდებულები სასჯელის მოხდისაგან კომისიის გადაწყვეტილებით თავისუფლდებოდნენ, კომისიისადმი მიმართვიდან არაუმეტეს 10 დღისა“, - აცხადებს თამუნა ლუკავა.

იურისტის თქმით, შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით, მან მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, მაგრამ მიუხედავად, ამისა კომისიის მიერ საკითხის განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები