კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასრულწლოვან პატიმართა შეწყალება და რესოციალიზაციის პროგრამები

20 ივლისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებულების - რაფიკ არუთინიანისა და ლაშა შენგელიას შეწყალების თხოვნით მიმართა. არუთინიანიც და შენგელიაც მსჯავრის გამოცხადებისას არასრულწლოვნები იყვნენ. 

მსჯავრდებული რაფიკ არუთინიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 11 დეკემბერს დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით. სასჯელის ვადად განესაზღვრა  ორი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.  დანაშაულის ჩადენის დროს მსჯავრდებული იყო არასრულწლოვანი. 2014 წლის 16 დეკემბერს, მსჯავრდებული მოათავსეს №11 არასრულწლოვანთა  დაწესებულებაში. 

პრეზიდენტის 2015 წლის 6 მარტის განკარგულებით, რაფიკ არუთინიანს გაუნახევრდა მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი. 2015 წლის 5 მაისს, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მსჯავრდებული გადაიყვანეს სასჯელაღსრულების  №15 დაწესებულებაში, სადაც დღემდე იმყოფება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, თამარ ავალიანის თქმით, რაფიკ არუთინიანის საქმესთან დაკავშირებით ორგანიზაციამ 3 ივლისს შეწყალების კომისიას მიმართა და მოითხოვა დარჩენილი სასჯელისგან მისი სრულად გათავისუფლება: „არუთინიანი სრულად აკმაყოფილებს შეწყალების კრიტერიუმებს. მას სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოხდილი აქვს. შეწყალების კომისიას მივმართეთ და დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ რაფიკ არუთინიანის მიმართ შეწყალება ერთხელ უკვე არის გამოყენებული. მას გაუნახევრდა სასჯელის ზომა“.

რაფიკ არუთინიანს დადებითად ახასიათებენ. ცალკე უნდა გამოიყოს მისი მუსიკალური ნიჭი. რაფიკ არუთინიანის ნიჭის შესაფასებლად humanright.ge ჯგუფ „ქუჩის მუსიკოსების“ წევრ ხვიჩა მაღლაკელიძეს დაუკავშირდა, რომელიც, ჯგუფთან ერთად, პირადად იმყოფებოდა არასრულწლოვანთა №11 დაწესებულებაში.

„ბავშვმა ფანდურზე რომ დაუკრა, ყველას ყბა ჩამოგვივარდა. შემდეგ ჩემს გიტარაზეც დაუკრა და იმღერა. ჩვენ, ფაქტობრივად, კონცერტი არ ჩაგვიტარებია. ეს ბავშვი ატარებდა კონცერტს. ძალიან სერიოზული მუსიკოსია ეს პატარა ბავშვი, თვითნასწავლი მარგალიტია. ნამდვილი ვირტუოზი. ამასთან, მას აქვს ჩამოყალიბებული რეპერტუარი“, - განაცხადა ხვიჩა მაღლაკელიძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, რაფიკ არუთინიანის ცხოვრებისეული ისტორია გვიჩვენებს, როგორი არაეფექტურია რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის სახელმწიფოს პროგრამები. 

„რაფიკ არუთინიანი ადრეც იყო ნასამართლევი. მას ჰყავს ავადმყოფი მამა, რომელსაც ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება. რაფიკმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მამამისისთვის წამლის შესაძენი თანხები კანონიერი შრომით მოეპოვებინა. იგი ქუჩაში განცხადებებს აკრავდა და მოქალაქეებს სთავაზობდა გიტარაზე დაკვრის შესწავლას, გარკვეული ანაზღაურების ფასად. თუმცა, ამ გზით, მედიკამენტის შესაძენი თანხა ვერ შეაგროვა. ამიტომ, როცა მამის მდგომარეობა დამძიმდა, მიმართა ფულის შოვნის უკანონო გზას. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რა მოჰყვებოდა მის ამ ნაბიჯს, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ იპოვა. ამ ისტორიაში მთელი სიმძაფრით ვხედავთ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელ პრობლემებს, როგორიცაა: უმუშევრობა, არაეფექტური სამედიცინო და სოციალური დახმარება, დანაშაულის პრევენცია და სხვა“, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი   

ხვიჩა მაღლაკელიძის თქმით, იგი რაფიკ არუთინიანს დახმარებას დაჰპირდა: „თუკი რამე რესურსი გაგვაჩნია, რომ იგი ხალხმა ნახოს და გაიცნოს, მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. შევეცდები, წარმოვაჩინო ტელევიზიითა და რადიოთი. გავუკეთო ჩანაწერი უფასოდ, რათა შემდეგ მან მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია. ასევე დავეხმარები პედაგოგიური უნარების განვითარებაში. ვასწავლი, მომავალში როგორ ამეცადინოს ბავშვები“.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნინო ბისეიშვილის თქმით, რაფიკ არუთინიანმა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვა: „რაფიკ არუთინიანი არასრულწლოვანთა №11 დაწესებულებიდან 2016 წლის იანვარში თავისუფლდება. პროგრამის სოციალური მუშაკები რაფიკს შეხვდნენ დაწესებულებაში განხორციელებული გეგმიური საინფორმაციო შეხვედრების დროს. მან გამოთქვა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის სურვილი. რაფიკ არუთინიანთან დაკავშირება მოხდება მისი გათავისუფლების შემდეგ, თუმცა 2015 წლის დეკემბერში ცენტრის სოციალური მუშაკები განმეორებით შეხვდებიან მას გეგმიური საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში“.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა კიდევ ერთი პატიმრის, ლაშა შენგელიას შეწყალების თხოვნით მიმართა კომისიას: „18 მაისს მივმართეთ ადგილობრივ საბჭოს და მოვითხოვეთ, როცა კი პატიმარ შეგნელიას საბუთები შევიდოდა, რაც შეიძლება მალე  დაეკმაყოფილებინათ. ფაქტობრივად, მსჯავრდებულს სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს. მართალია, იგი ახლა სრულწლოვანია, მაგრამ დანაშაული ვინაიდან ჩადენილი აქვს არასრულწლოვნობის დროს, საბჭო მის საქმეს იხილავს, როგორც არასრულწლოვნის მიერ ჩადენილ დანაშაულს“, - აღნიშნა თამარ ავალიანმა.

„კვლევებით დადგენილია, რომ 19-21 წლის ასაკში მათი დიდი უმრავლესობა აღარ აგრძელებს „კრიმინალურ კარიერას“ და აღარ ჩადის კანონსაწინააღმდეგო ქცევას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, განხორციელდეს დროული ჩარევა 14-21 წლის ასაკში, რადგან სწორად დაგეგმილი ინტერვენციის ეფექტურობის ხარისხი ამ ასაკში საკმაოდ მაღალია. ამ მიზნით, ჩვენს ცენტრში ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვან ყოფილ პატიმრებთან ინდივიდუალურად მუშაობს სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი. ვთავაზობთ განვითარების ინდივიდუალურ გეგმას, ტრენინგებს, სპორტულ-შემეცნებით აქტივობებს. არასრულწლოვანი პრობაციონერები და ყოფილი პატიმრები აქტიურად არიან ჩართული „ტატუს მოცილების“ პროექტშიც“, - აცხადებს ნინო ბისეიშვილი.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, რესოციალიზაციის პროგრამაში ჩასართავად, არასრულწლოვნის სურვილის გარდა, საჭიროა მშობლის თანხმობაც, რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემებს ქმნის.

„ჩვენი პროგრამის სოციალური მუშაკები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოველთვიურად ხვდებიან მსჯავრდებულებს გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე. შეხვედრები გვაქვს №11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვნებთანაც. ამ შეხვედრის ფარგლებში სოციალური მუშაკი ინდივიდუალურად ხვდება თითოეულ არასრულწლოვანს, რომელსაც აცნობს პროგრამის მიზნებასა და იმ სერვისებს, რომელსაც ცენტრი სთავაზობს თავის ბენეფიციარებს. დაწესებულებაში არასრულწლოვნები გამოთქვამენ მზაობას და პროგრამაში ჩართვის სურვილს, თუმცა პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა, რაც ხშირ შემთხვევაში ქმნის პრობლემას. ეს შეიძლება იყოს მშობლების მხრიდან დაბალი მოტივაცია,  უნდობლობა, ინფორმაციის ნაკლებლობა, გულგრილობა, არსებული სიტუაციის არაადეკვატური აღქმა. ზოგჯერ მშობლები საკუთარი უნდობლობისა და გულგრილი დამოკიდებულების დემონსტრირებით განწყობას უცვლიან გათავისუფლებულ არსრულწლოვანს, რაც ძალიან ართულებს და ზოგჯერ შეუძლებელსაც კი ხდის მათი მოტივაციის გაზრდას და პროგრამაში ჩართვას“, - აღნიშნავს ნინო ბისეიშვილი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს ქალთა და არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების მონიტორინგს. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფოსთვის. ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი საპატიმროში მეორედ და მესამედ ხვდება. შესაბამისად, სახელმწიფომ არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის უფრო ეფექტური პროგრამები უნდა შეიმუშავოს.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.
 

ახალი ამბები