კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად შექმნას სამართალდამცველთა დანაშაულების ეფექტური საგამოძიებო მექანიზმი

28 ივლისი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას პოლიციის განყოფილებებში ადამიანის უფლებების დარღვევების მზარდი ტენდენციის თაობაზე და მოუწოდებს ხელისუფლებას, იზრუნოს მსგავსი შემთხვევების დროული და ეფექტური გამოძიების მექანიზმის - დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შესაქმნელად.

ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მომართა მოქალაქე მაია კეკელიამ, რომელიც მიმდინარე წლის 9 ივნისს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს  განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარტვილის რაიონული სამმართველოს ბანძის განყოფილების  თანამშრომლისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.  

მაია კეკელია აღნიშნავს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის უსაფუძვლო და ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებული, ვინაიდან,  მას დანაშაული არ ჩაუდენია.  

კეკელიას ინფორმაციით, მის მიერ 2014 წლის 16 ოქტომბერს - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარტვილის რაიონული სამმართველოს ბანძის განყოფილების  თანამშრომლისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მეტიც, როგორც კეკელია აცხადებს, 2014 წლის 16 ოქტომბერს განყოფილების თანამშრომლებმა თვითონ გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. კერძოდ: განყოფილების თანამშრომლები იმყოფებოდნენ ალკოჰოლური თრობის ქვეშ და მაია კეკელიას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. 

ზემოაღნიშნულის თაობაზე მაია კეკელიამ არაერთხელ მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს, აგრეთვე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას, გენერალურ ინსპექციას და მოითხოვა გამოძიების დაწყება მარტვილის რაიონული სამმართველოს ბანძის განყოფილების  თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. გარდა ამისა, მაია კეკელიამ მოითხოვა განყოფილების თანამშრომლებისათვის ალკოტესტის ჩატარება. 

ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინების შემთხვევაში, დადასტურდებოდა მაია კეკელიას უდანაშაულობა და გამოიკვეთებოდა პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. თუმცა, მოქალაქის კანონიერი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და პოლიციამ მას იქით წაუყენა ბრალდება.

მაია კეკელიას განცხადებები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს,  აგრეთვე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის და გენერალურ ინსპექციის მიერ განხილვისა და შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილ იქნა ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, სადაც, მითითებული განცხადებები განიხილა კეკელიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელმა გრიგოლ თოფურიამ, რომელმაც არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და არ დაიწყო მითითებულ ფაქტებზე რეაგირება . მეტიც, მაია კეკელიას ინფორმაციით, გამომძიებლის მიერ ადგილი ჰქონდა კეკელიას მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომ მას ეღიარებინა დანაშაული.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს: 

საქართველოს მთავრობას, შეასრულოს საქართველოს სახალხო დამცველისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ექპერტების რეკომენდაცია და იზრუნოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს დროულად შესაქმნელად, რათა ეფექტურად და მიუკერძოებლად იქნეს გამოძიებული სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულები და ადამიანის უფლებების დარღვევები. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, შეისწავლონ მაია კეკელიას საქმე და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარტვილის რაიონული სამმართველოს ბანძის განყოფილების თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტებზე. 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს,   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაზე განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები