კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ თივის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

31 ივლისი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ეკონომიკური მდგომარეობის გამო ახალგაზრდობა სოფლიდან მიდის და დაღესტანში გადადიან. სოფელი ცარიელდება.

სოფელ თივს არ აქვს ბუნებრივი აირი, ასვე არ აქვს სამედიცინო პუნქტიც. ექიმი კვირაში ორჯერ  ახალსოფლიდან დადის. ადგილობრივების განმარტებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფელი თივი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ. 

თივის სკოლის დირექტორის, გიორგი ხატიაშვილის განცხადებით, ამჟამად სკოლაში 30 მოსწავლე და 23 მასწავლებელია:  „თივი დიდი სოფელია.  ვიდრე დაღესტანში გადასვლას დაიწყებდნენ, სკოლაში 700 მოსწავლე იყო. სოფელში მხოლოდ მოხუცები დარჩნენ“.

ხატიაშვილის თქმით, თივში საბავშვო ბაღი არ არის, მაგრამ პოლონელების დახმარებით სკოლამდელი აღზრდის ჯგუფი გახსნეს: „3-4 წლის 9 ბავშვი სწავლობს სკოლამდელი აღზრდის ჯგუფში. ძალიან კარგი პროგრამაა, ბავშვებს სკოლისთვის ამზადებს, წერა-კითხვას შეასწავლის“.

სოფელ თივის მოსახლეობა მესაქონლეობით და მეცხვარეობით ირჩენს თავს. ადგილობრივების განცხადებით, საცალფეხო ხიდი, რომელიც ახალსოფელთან აკავშირებს თივს, ავარიულია. შემოვლითი გზა კი შორია.

„რამდენჯერმე მივმართეთ ყვარლის გამგეობას ხიდის შეკეთების მოთხოვნით, თუმცა პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. წვიმის დროს ხიდზე გადასვლა სახიფათოა. ცენტრალური გზა მაინც მოხრეშონ და ასფალტი დააგონ. არ გვაქვს ბუნერივი აირი და სასმელი წყალი. ყურადღებას კი არავინ გვაქცევს“, -განაცხადა სოფელ თივის მკვიდრმა, ზელიმხან ზელიმხანოვმა.

ადგილობრივი მცხოვრების, მურად ალიევის თქმით, სოფელში ელექტროენერგია აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტებისგან გამოიყვანეს, თუმცა 100 ვოლტი ენერგიის გამო ელექტროტექნიკა დაეწვათ და პრობლემაა ტელევიზორის ჩართვაც.

სოფელი მეჩეთის აშენებასაც ვერ ახერხებს, რადგან მიწა ვერ დაარეგისტრირეს და თივის მოსახლეობას სალოცავად სასაფლაოზე არსებულ მეჩეთში უხდება სიარული, სადაც ქალები ვერ შედიან.

„ქალები სახლში ვლოცულობთ. მეჩეთში მხოლოდ ერთხელ მივდივართ მარხვის დროს, სხვა დროს  იქ შესვლა ქალებისთვის აკრძალულია“-ამბობს ევა ჩუგანოვა.

ადგილობრივებს ასევე დოკუმენტაციის აღების პრობლემა აქვთ. არ აქვთ დაბადების მოწმობები, შესაბამისად, ვერ იღებენ პასპორტებსაც. 
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, თემურ სამყურაშვილის განცხადებით, სოფელ თივში სასმელი წყალიცაა და გარე განათებებიც და წარმოდგენა არ აქვს, რატომ ტოვებს მოსახლეობა სოფელს.

„ახალგაზრდები სკოლის დამთავრების შემდეგ დაღესტანში მიდიან. მათ არავინ არ ზღუდავთ. ჟურნალისტები ტვინს მიბურღავენ შეკითხვით, რატომ მიდიანო. სულელური ინფორმაციები აქვთ, მე რა ვიცი რატომ მიდიან. ორმაგი მოქალაქეობები აქვთ და ალბათ, ამიტომ მიდიან. ბუნებრივი აირი კი, კომერციულ კომპანია „სოკარ გაზს“ გაყავს.  როცა რიგი მოუწევთ,  მაშინ შეიყვანენ ბუნებრივ აირს თივში. რაც შეეხება ცენტრალურ გზას, მანდ ასფალტი არასოდეს ყოფილა, მოხრეშილი კი გვაქვს. როცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჭირო თანხა ექნება, შემდეგ მივხედავთ გზის პრობლემის მოგვარებასაც“, - აღნიშნა სამყურაშვილმა.

სოფელ თივის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, მალხაზ ხიზანიშვილი კი მათ ყველაფრის გარკვევას ჰპირდება.

ახალი ამბები