კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეწყალების მექანიზმი საქართველოში - პრობლემები და გამოწვევები

4 აგვისტო, 2015
 ნათია გოგოლაშვილი

30 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მრგვალი მაგიდა გამართა, თემაზე: „შეწყალების მექანიზმი საქართველოში - პრობლემები, გამოწვევები“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე - შეწყალების კომისიის ამჟამინდელმა და ყოფილმა თავმჯდომარეებმა ზვიად ქორიძემ და ელენე თევდორაძემ. დისკუსიისას რამდენიმე საკითხზე გამახვილდა ყურადღება.

„შეწყალება ეს არის ჰუმანური აქტი. შეწყალება არის პრინციპი ჰუმანიზმის, რომელიც სახელმწიფოს ფუნდამენტში დევს. ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომელსაც ჰუმანურობის ხაზგასასმელად იყენებენ. შეწყალება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც შეწყალების მექანიზმს საზოგადოებაში აქტუალურს ხდის. შეწყალებას არაფერი აკავშირებს სამართლებრივობასთან და სამართლიანობასთან. როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, იქ უკვე სამართლიანობის პრინციპი ირღვევა“, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ. 

ზვიად ქორიძის თქმით, ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარვეზები დღემდე არ აღმოფხვრილა, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის, რადგან უფლებადარღვეული ადამიანები შეწყალების მექანიზმს აიგივებენ მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმთან, რაც ასე არ არის.

„პოლიტიკური ვითარების გამო, იმის გამო, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულებას სერიოზული პრობლემა ჰქონდა და ვადამდე გათავისუფლების კომისიები არ იყო სათანადოდ აღჭურვილი, შეწყალების კომისიას ბევრმა პატიმარმა მიმართა. პოლიტიკურმა კლასმა არ დახარჯა არანაირი დრო იმისათვის, რომ მართლმსაჯულების ხარვეზები აღმოფხვრილიყო. საპატიმრო დაწესებულებებში მიდიან პოლიტიკოსები და პატიმრებს ეუბნებიან, რომ რადგან მართლმსაჯულების აღმოფხვრის კომისიას ვერ ქმნიან, მიმართონ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის მიხეილ ლოლაძის თქმით, უმჯობესი იქნება თუ პრეზიდენტი მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას დაასაბუთებს.

„უკეთესი იქნება, თუ უფრო მეტად დასაბუთებული იქნება პრეზიდენტის განკარგულება, რომელსაც იგი კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ გამოსცემს. უნდა იცოდნენ მსჯავრდებულებმა, ძირითადად, რა შემთხვევაში იყენებს პრეზიდენტი შეწყალებას და რა შემთხვევაში - არა. მნიშვნელოვანია, მსჯავრდებულებმა იცოდნენ, პრეზიდენტმა გადაწყვეტილებების მიღებისას რა გარემოებები გაითვალისწინა. ამის შემდეგ მსჯავრდებულებს ეცოდინებათ, რა გამოასწორონ“, - განაცხადა მიხეილ ლოლაძემ.

ზვიად ქორიძე და ელენე თევდორაძე კი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება არ უნდა დაასაბუთოს. 

„პრეზიდენტი შეწყალებაზე უარს არავის ეუბნება, პრეზიდენტი იწყალებს. არშეწყალებაზე აქტი არ გამოიცემა. ციხეში მიდის სია იმ მსჯავრდებულების, ვის საქმეებსაც კომისია იხილავდა. სხვა შემთხვევაა, ე.წ. უდოს გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელია დასაბუთებული იყოს, რადგან შემდეგ მისი გასაჩივრებაა შესაძლებელი. შეწყალება კი პრეზიდენტის მხრიდან ჰუმანური აქტია“, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ. 

„თუ პრეზიდენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის იქნება მიუღებელი, ეს იქნება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. მე ვფიქრობ, რომ დებულებით იურიდიულად პრეზიდენტს ვერ შეზღუდავ, რადგან კონსტიტუციაში რაც არის გაწერილი, იმის საწინააღმდეგოდ ვერც დებულება და ვერც კანონი ვერ იმოქმედებს“, - განაცხადა საქართველოს ადვიოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა.

ელენე თევდორაძის აზრით, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როდის შეუძლია მსჯავრდებულს მიმართოს  კომისიას შეწყალების თხოვნით.

„საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი როცა შემოვიდა, შევთანხმდით, რომ შეწყალებისთვის სასჯელის 1/3 ან 1/2 აითვლებოდა მთლიანი სასჯელიდან (როგორც საპატიმრო, ასევე პირობითიდან). ჩემი აზრით, როცა სასამართლო მსჯავრდებულს უსჯის 1 წელს საპატიმრო, ხოლო 4 წელს პირობით სასჯელს, მსჯავრდებულმა საპატიმრო სასჯელის 1 წლიდან ექვსი თვის შემდეგ შეწყალება არ უნდა მოითხოვოს. მაშინ სასამართლო რაში გვჭირდება?! ეს არ ეწერა დებულებაში, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებდით. ახლა კი მიდგომა შეიცვალა“, - განაცხადა ელენე თევდორაძემ.

ზვიად ქორიძის აზრით კი, შეწყალების მექანიზმი რაც უფრო მეტად იქნება მსჯავრდებულის მხარეს გადახრილი, მით უკეთესია.

შეწაყალების მექანიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების შესასწავლად ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო ახალი პროექტი - „შეწყალების მექანიზმის კვლევა საქართველოში“, რომლის მიზანია შეწყალების მექანიზმის გამჭვირვალე და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი, სხვადასხვა დემოკრატიული ქვეყნის მოდელების საფუძველზე, შეისწავლის საქართველოში არსებულ შეწყალების მოდელს, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოსავლენად. რეკომენდაციები მიეწოდება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, შეწყალების კომისიასა და სხვა სამიზნე ჯგუფებს. პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ახალი ამბები