კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში

13 აგვისტო, 2015
 
ნინო წოწორია

არასრულწლოვანზე ძალადობა, განათლების უფლების დარღვევა, სიღარიბე  და ცხოვრების არასათანადო პირობები, სკოლამდელი აღზრდა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა - ეს ის პრობლემებია, რომლებიც სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის ბოლო მონიტორინგის შედეგებმა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის დროს გამოავლინა. როგორც ცენტრში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, ბავშვი სახელმწიფოსთვის წამყვან პრიორიტეტად იქცეს, უფლებრივი მდგომარეობის მოწესრიგებამდე კი ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასატარებელი. 

„უფლებრივი მდგომარეობა ჯერ კიდევ გაუმჯობესებას და განმტკიცებას მოითხოვს, სხვადასხვა სფეროში დიდი რაოდენობით ხარვეზებს ვხვდებით. გამორჩეული ყურადღება  რეგიონებს ესაჭიროება, ადგილებს, რომლებიც დიდი ქალაქებისგან მოწყვეტილია. ის სერვისები, რომლებიც ქალაქში მეტნაკლებად მუშაობს, ძალიან ნაკლებად მუშაობს რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში“, - აცხადებს Humanrights.ge-სთან საუბრისას სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი მაია გედევანიშვილი.

მისივე განცხადებით, რეგიონებში უფლებრივი მდგომარეობის ხარვეზები ძირითადად  ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ნაკლებობის ბრალია. ცენტრის რეკომენდაციების დიდი ნაწილი სწორედ კვალიფიციური და გამოცდილი კადრების საჭიროებას ეხება. რეკომენდაციების მეორე ნაწილი კი სერვისების განმტკიცებას და კომპეტენტური უწყებების თანამშრომლების ინფორმირებულებას მოიაზრებს, რომელთა ვალდებულება საზოგადოებამდე სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიტანაა.
 
„დიდ ქალაქებს მოწყვეტილ რაიონებში, სოციალური დახმარებების თვალსაზრისით, ინფორმირებულობის ნაკლებობაა. ვგულისხმობ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების სახელმწიფო პროგრამებს. არსებული სოციალური დახმარების პროგრამების შესახებ არათუ იმ ოჯახებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ,  არამედ მუნიციპალიტეტშიც კი არ იციან“, - ამბობს მაია გედევანიშვილი.

მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ირღვევა. პრობლემას წარმოადგენს ამ კუთხით, საყოველთაოდ აღიარებული განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლება. მაია გედევანიშვილის განცხადებით, რთული მდგომარეობაა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რაიონებში.

„მართალია, მთელი რიგი მიმართულებები გამოსწორდა, მაგრამ პირველადი ჯანდაცვის საკითხები ჯერ კიდევ გაუმჯობესებას საჭიროებს. ვგულისხმობ ბავშვებისთვის ამბულატორიების არსებობას, სასწრაფო დახმარებას, მედიკამენტებით მომარაგებას, ექიმი სპეციალისტების არსებობას  და ასე შემდეგ, რაც ჯანდაცვას ეხება. 2015 წლისთვის ამ მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს. იმედი ვიქონიოთ, რომ რაიონებსა და სოფლებს შედეგი რეალურად დაეტყობათ“, - აცხადებს ჩვენთან საუბრისას მაია გედევანიშვილი.

ცენტრის მონიტორინგის მიხედვით, უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, ბავშვზე ძალადობა ყველაზე მწვავე საკითხია. სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან პრობლემის აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯები კი არასაკმარისი. ამ მიმართულებით, განსხვავებული მდგომარეობაა სოფლებსა და ქალაქებში. რეგიონებში ომბუდსმენის ბავშვის უფლებათა ცენტრის დაკვირვებით, უფრო მეტად ფიზიკური ძალადობაა გავრცელებული, ქალაქებში კი ბულინგის  (ერთი ან რამდენიმე ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეურაცხყოფა ან ჩაგვრა) შემთხვევები.

მაია გედევანიშვილი, ბავშვზე ძალადობის საკითხზე საუბრისას, დაუსჯელობის განცდასა და სამოქალაქო თვითშეგნების ნაკლებობას გამოყოფს.

„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი რეგიონის სოფლიდან ახალგაზრდა გოგონამ, სტუდენტმა, დაგვირეკა და ფიზიკური ძალადობის შესახებ გვაცნობა, რომელსაც მის მეზობლად 9 წლის ბიჭზე ოჯახის წევრები პერმანენტულად ახორციელებდნენ. ბავშვი სერიოზული ძალადობის მსხვერპლია და დეპრესიულ აზრებს გამოთქვამს. სიცოცხლე აღარ უნდა და ამბობს, რომ არასდროს შეირთავს ცოლს, რათა ოჯახი არ ჰყავდეს. ბავშვზე ძალადობის მოწმე მხოლოდ ეს გოგონა არ ყოფილა, მაგრამ, როგორც წესი, ასეთ დროს მოქალაქეები, სამწუხაროდ, შესაბამისი ორგანოებისთვის  ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ. ეს არის საზოგადოების მოქალაქეობრივი ცნობიერების ნაკლებობის პრობლემა, რომელიც სახელმწიფოებრივი საქმეა“, - ამბობს Humanrights.ge-სთან საუბრისას მაია გედევანიშვილი. 

მისივე განცხადებით, მოქალაქეები ვერ ახდენენ იდენტიფიცირებას არის თუ არა მოცემული ქმედება ძალადობრივი შინაარსის და ის ადამიანებიც კი, რომლებიც პროფესიულად ვალდებულები არიან მსგავსი ფაქტების პრევენცია მოახდინონ, ძალადობრივი ქმედებების ფართო სპექტრიდან სამართლებრივი ნორმების გარჩევას ვერ ახერხებენ. 

ბავშვთა უფლებების დაცვას ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების ბავშვის მიმართ ყველა სახის ძალადობის აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ ბრძანებულება უზრუნველყოფს. აღნიშნული ბრძანებულების მიხედვით, სამი უწყების წარმომადგენლებს შორის საჭიროებისამებრ გადამისამართება ხდება და ის უწყება ერთვება საქმეში, რომლის კომპეტენციაშიც შედის კონკრეტული ქმედება.

ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კვლევისას ანგარიშში ე.წ. პრობლემატური ჯგუფების საკითხები ცალკეა ასახული. პრობლემატური ჯგუფები ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებსა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აერთიანებს.

უსახლკარო ბავშვების საკითხებზე მუშაობამ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად საბუთების უქონლობა გამოკვეთა.

„პრობლემაა ის, რომ ბავშვები ქუჩაში ცხოვრობენ და ამით ყველა უფლება, პრაქტიკულად, დარღვეული აქვთ, მაგრამ შეგვიძლია გამოვყოთ ტექნიკური უფლება, მათ არ აქვთ დაბადების მოწმობა, რაც, თავის მხრივ, რიგი პრობლემების წინაპირობაა. ვერ ხერხდება მათი რეგისტრირება და, შესაბამისად, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება. ეს არის ბავშვების ყველაზე უფრო რთული  ჯგუფი. სახელმწიფო ახორციელებს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს. ერთი ეს არის დღის ცენტრების გაკეთება, თბილისში დღესდღეობით ექვსი ასეთი ტიპის ბავშთა სახლია და მეორე, მობილური ჯგუფები, რომლებიც უსახლკარო ბავშვებთან პირდაპირ ქუჩაში მუშაობენ“, - აცხადებს ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი მაია გედევანიშვილი.

მობილური ჯგუფები  სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და თანატოლ - განმანათლებლისგან შედგება. თანატოლ - განმანათლებელი არის ახალგაზრდა, რომელსაც თვითონვე აქვს ქუჩაში ცხოვრების გამოცდილება და რომლის მიმართაც სახელმწიფომ გარკვეული ზრუნვით მისი ცხოვრების დარეგულირება და ქუჩიდან გამოყვანა მოახერხა.

„თბილისში ბავშვთან ერთად მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს ხშირად ვხვდებით და ასეთები ბევრნი არიან. ისინი შეიძლება გარკვეულ ქუჩებზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ პოლიცია და სოციალური სამსახური მათ ყურადღებას არ აქცევს. როგორც ჩანს, ეს რეფერალი კარგად არ მუშაობს და ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქმიანობის სწორად განხორციელებაა. ერთი საკითხია, რომ საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერება გაძლიერდეს და მეორე, იმ მუშაკებმა იმუშაონ, ვისაც ბავშვის მიმართ ძალადობასთან დააკავშირებული ქმედებების  აღსრულება ეკუთვნით“, - ამბობს Humanrights.ge-სთან საუბრისას მაია გედევანიშვილი.

არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამთა ბაბუნაშვილმა მათივე მონიტორინგის შედეგების მიხედვით ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი.

„მონიტორინგი ძირითადად თემატურად სტანდარტების მიხედვით ტარდება. ეს არის გაეროს მინიმალური წესები, იგივე პეკინის წესები, სადაც ძირითადი სტადნარტებია განსაზღვრული. მონიტორინგის დროს მოცემული სტანდარტების შემოწმება ხდება. ძირითადი ტენდენცია, რისთვისაც ბავშვები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვდებიან ეკონომიკურ - სოციალური ფაქტორებითაა განპირობებული. ძალიან მაღალია ასევე განმეორებითი დანაშაულის ფაქტებიც და, როგორც წესი, იმავე ბრალდებით“, - ამბობს იურისტი თამთა ბაბუნაშვილი.

მისივე განცხადებით, არასრულწლოვანთა დაწესებულებების შიგნით კონკრეტული აქტივობები ხორციელდება, რომლებიც მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისკენაა მიმართული.

„სასჯელაღსრულების №11 დაწესებულება 123-ე საჯარო სკოლასთან  არის  მიბმული,  მსჯავრდებულებს ჩვეულებრივ უტარდებათ გაკვეთილები და იღებენ სერთიფიკატს. მნიშვნელოვანია დაწესეულების დატოვების შემდეგ აუცილებელი სამუშაოების გატარებაც, საზოგადოებაში რესოციალიზაციის მიზნით, რათა განმეორებითი დანაშაულის პრევენცია მოხდეს“, - აცხადებს ბავშვის უფლებათა ცენტრის იურისტი თამთა ბაბუნაშვილი.

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის მაია გედევანიშვილის განმარტებით, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი კონვენციაა, რომელიც, ბავშვის ფუნდამენტურ უფლებებთან ერთად, ყველა სხვა ზოგად უფლებას აერთიანებს.

„ბავშვის ყველა უფლება მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია პრობლემატურ ჯგუფებთან მუშაობა. პრობლემებს ვხედავთ ყველგან. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვისადმი მოპყრობაა. საქართველოს მოსხლეობის 60%-ს ძალადობრივი მეთოდებით ბავშვის აღზრდა მისაღებ მეთოდად მიაჩნია, ეს იუნისეფის 2013 წლის მონაცემებია და საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პრობლემაა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა რეგიონებში, განათლების კუთხით კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. საჭიროა ბავშვთან მომუშავე პროფესიონალების განათლების დონის გაზრდა და ჰუმანიზაცია, ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი კომპონენტია მშობლების შემთხვევაშიც“, - განაცხადა Humanrihts.ge-სთან საუბრისას მაია გედევანიშვილმა.

სამოქალაქო ცნობიერების გაზრდასთან ერთად, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციით, სახელმწიფოსთვის ბავშვის წამყვან პრიორიტეტებში შეყვანაც სახელდება, რაც, მათი ვარაუდით, ყველა იმ პრობლემას ეტაპობრივად მოაგვარებს, რომელიც არასრულწლოვნებს დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ექმნებათ.

ახალი ამბები