კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა შეცვლილ ჩვენებებთან დაკავშირებით მართლმსაჯულებაში დანერგილი პრაქტიკის თაობაზე

8 ოქტომბერი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლო სისტემაში დანერგილი პრაქტიკის თაობაზე, როცა არ ხდება იმ მოწმეთა განცხადებების გათვალისწინება, რომლებიც მიუთითებენ, რომ პირველი ჩვენება წამების ან მუქარის ქვეშ მისცეს და ამ მიზეზით ცვლიან მას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვებით, მსგავსი პრაქტიკა უმეტესწილად ვრცელდება ბრალდების მხარის იმ მოწმეებზე, რომლებმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ (გათავისუფლდნენ რა წინა ხელისუფლების საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზეწოლისგან), ახალი ხელისუფლების პირობებში, განაცხადეს, რომ საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები მათ აიძულებდნენ, დაეწერათ ჩვენება ისე, როგორც ისინი უკარნახებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებოდნენ დაპატიმრებით, ცალკეულ შემთხვევებში კი უკანონოდ აკავებდნენ მათ ახლობლებს და მხოლოდ მას შემდეგ ათავისუფლებდნენ, რაც მიიღებდნენ სასურველ ჩვენებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაშია რამდენიმე საქმე, სადაც ბრალდების მოწმეებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თუმცა, მათ ქ. თბილისის პროკურატურიდან მიიღეს  პასუხი, რომლის თანახმად, გამოძიება არ დაიწყო იმ მოტივით, რომ ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა სასამართლოს პრეროგატივაა. პროკურატურა არ დაინტერესებულა დამატებითი დეტალებით, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო მოწმეთა აღიარებითი ჩვენება მათზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის შესახებ, რისი გამოძიება და სიმართლის დადგენა სწორედ საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა. ისეთ ვითარებაში, როცა სიმართლე არ არის დადგენილი, ჩნდება შესაძლებლობა, რომ არაერთი მსჯავრდებული უსაფუძვლოდ იხდიდეს სასჯელს. ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს რამდენიმე მსჯავრდებულს, რომლებიც აცხადებენ, რომ მოწმეთა ცრუ ჩვენებების გამო, უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.

ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა შუამდგომლობით მიმართა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, მაგრამ შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის მიერ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაული დადგენილი უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ან სხვა პროცესუალური დოკუმენტით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს: 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, კვალიფიციურად შეისწავლოს მსგავსი ტიპის საქმეები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტებზე და უზრუნველყოს მსჯავრდებულთა კანონიერი უფლებების დაცვა.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მსგავსი ტიპის საქმეებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაზე და საქართველოს მთავარ პროკურატურაზე განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შეიმუშაოს სათანადო სახელმძღვანელო განმარტებები აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები