კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შესაძლოა, გამოიძიოს საქართველოში ჩადენილი დანაშაულები

14 ოქტომბერი, 2015
 
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) და საქართველოში მისი წევრი  ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი პრეს-რელიზი

პარიზი, თბილისი, ჰააგა, 2015 წლის 14 ოქტომბერი. FIDH და ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის თხოვნას, დაიწყოს 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის გამოძიება. პროკურორის განცხადებით, არსებობს გონივრული საფუძველი, გვჯეროდეს, რომ სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ქართველების გამოსაძევებლად ჩადენილი იყო ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინაშე. ასევე, მოხდა როგორც საქართველოს ასევე სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო ძალებზე თავდასხმები. შეიარაღებული კონფლიქტიდან შვიდი წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლები ისევ ელიან სამართლიანობის აღდგენას.
„საქართველოში გამოძიების ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გახდნენ სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილების, სოფლების სრული განადგურებისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლი. ვინაიდან არც რუსეთის ფედერაციას და არც საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდათ სურვილი ან ვერ შეძლეს მიეღოთ კონკრეტული ზომები რეალურად გამოეძიებინათ კონფლიქტის ორივე მხარეს ჩადენილი დანაშაულები, დროა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩაერთოს ამ საქმეში და დამნაშავეები დასაჯოს კანონის შესაბამისად“, -  განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ცქიტიშვილმა.

საქართველოში გამოძიების დაწყება მნიშვნელოვანია თვითონ სასამართლოსთვისაც, ვინაიდან ეს იქნება პირველი გამოძიება, რომელიც განხორციელდება აფრიკის კონტინენტის გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარდა და ის გრძელდება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სასამართლოს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მხოლოდ აფრიკის კონტინენტზეა ფოკუსირებული, რითაც სხვა დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან სხვა ადგილებში ჩადენილი სისასტიკეებისათვის.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ჩვენ დღეს ვხდებით ახალი ეტაპის დაწყების მოწმე. პროკურორმა მოითხოვა საქართველოში გამოძიების დაწყება. მან დაიწყო წინასწარი მოკვლევა უკრაინასა და პალესტინაში და აგრძელებს დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მიერ ერაყში და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ავღანეთში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შეფასებას. ბევრს სჯერა, რომ სასამართლოს მიერ კოლუმბიაში ჩატარებულმა წინასწარმა გამოძიებამ დადებითი გავლენა მოახდინა სამშვიდობო პროცესში. ჩვენ ახლა უკვე ვხედავთ რეალურ საერთაშორისო სასამართლოს,  რომელიც მზადაა გლობალური გავლენისთვის“, -  განაცხადა ფედერაციის (FIDH) პრეზიდენტმა კარიმ ლაჰიდიმ. 
FIDH მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატას, დადებითად უპასუხოს პროკურორის მოთხოვნას, დაიწყოს გამოძიება ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე, და ამასთან, მიიღოს ახალი ზომები საქართველოში ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლებისათვის სამართლიანობის აღდგენის იმედის მისაცემად. 

წინაისტორია 

საქართველოს ჯარსა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ სამხედრო ძალებს შორის შეტაკება დაიწყო 2008 წლის აგვისტოს პირველ დღეებში, რასაც მოჰყვა 10 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემოსვლა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. 12 აგვისტოს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მაგრამ დანაშაულების ჩადენა კვლავ გრძელდებოდა. რუსეთმა პირობა დადო, რომ 2008 წლის 10 ოქტომბრამდე გაიყვანდა ჯარებს. 2008 წელსვე სასამართლოს პროკურატურამ დაიწყო საქართველოში ჯერ კიდევ მიმდინარე კონფლიქტის წინასწარი გამოძიება. კონფლიქტის შედეგად ათი ათასობით ეთნიკური ქართველი გახდა იძულებით დევნილი. ამ მასობრივი იძულებითი გადაადგილების გამოძიება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იქნება საერთაშორისო სასამართლოსთვის.

საქართველოს კონფლიქტის შესახებ დამოუკიდებელი საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის (IIFFMCM) მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 850 ადამიანი დაიღუპა, 100 000-მდე ადამიანი კი იძულებული გახდა, მიეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები.

რუსულ და ქართულ საგამოძიებო უწყებებს შორის თანამშრომლობის მცდელობის არარსებობამ და იმ ფაქტმა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია, გამოძიება ჩაატაროს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე მძიმე დანაშაულებია ჩადენილი, ხელი შეუშალა საქართველოს, თუნდაც სურვილის შემთხვევაში, ეფექტურად გამოეძიებინა 2008 წლის ომის ყველაზე სერიოზული დანაშაულების ნაწილი მაინც. ადგილობრივი ხელისუფლების უუნარობამ თუ სურვილის არქონამ, ჩაეტარებინათ მიუკერძოებელი გამოძიება რომის სტატუტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, შექმნა სიტუაცია, როცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ბოლო იმედის სასამართლოს.

ამჯერად საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლოს წინასასამართლო პალატამ, რათა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მე-15 მუხლის მიხედვით, პროკურორი სასამართლოს მოსამართლეებისაგან ითხოვს უფლებას, რათა დაიწყოს ნებისმიერი გამოძიება თავისი სურვილის მიხედვით. სხვა შემთხვევაში, გამოძიების მოთხოვნა უნდა მოდიოდეს ან თავად ქვეყნებიდან ან გაეროს უშიშროების საბჭოდან. 

ახალი ამბები