კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურებიან

16 ოქტომბერი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

NDI -ის კვლევის თანახმად, გორის მერის საქმიანობა მოსახლეობის 7 % დადებითად შეაფასა, 31 -% საშუალოდ,  19 % -ცუდად, ხოლო 34 % ამბობს, რომ მერის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

,,სულ ერთი წელია, რაც პოლიტიკაში ვარ და სოციალური კვლევის ტექნოლოგიებს არა ვფლობ და  შესაბამისად,  ვერ გეტყვით რამდენად კომპეტენტურია ან რამდენად არაკომპეტენტურია. ეს არის უცხოური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს თავისი რეიტინგი და ჯირკველიშვილის პოზიცია არაფერს არ შეცვლის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ შედეგებს არ ვეთანხმები“,- ეს განცხადება გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა 9 ოქტომბერს გამართულ მედიატურზე გააკეთა. 
NDI-ის  კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გორის მერმა კვირის ბოლოს გასამართი მედიატური, შუა კვირაში, 9 ოქტომბერს გამართა. ჯირკველიშვილმა ჟურნალისტებთან ერთად გორში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დაათვალიერა. მისი თქმით, 25 პროექტისთვის 6  მილიონამდე ლარი დაიხარჯა. 
„თქვენ დღეს ნახეთ, რომ NDI -ის კვლევის შედეგებიდან რადიკალურად განსხვავდება რეალური სურათი. ამიტომ სკეპტიკურად ვუყურებ აღნიშნულ კვლევას“, - აღნიშნა ჯირკველიშვილმა.

რაც შეეხება  ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძეს, მის საქმიანობას NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით კარგად 8% აფასებს,  საშუალოდ -29%, 11% - ცუდად, 10%-ს კი  არასოდეს სმენია საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის შესახებ.

,,ზოგადად კვლევებს  სკეპტიკურად ვყურებ. ჩემი  აზრით, კვლევის შედეგები გახლავთ პირობითი, რომელიც რეალურ სურათს არ გამოხატავს.  ყოფილა შემთხვევები  როდესაც პარტიას ჰქონია დაბალი რეიტინგი და არჩვენებისას პირიქით მომხდარა, ამიტომ ჩემთვის კვლევას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასევე, ასეთი გამოკითხვების დროს ხშირ შემთხვევაში ადამიანები საჯაროდ თავისი აზრის დაფიქსირებას ერიდებიან“,-აღნიშნა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, პაპუნა კობერიძემ.

კვლევის შედეგებზე  განსახვავებულია  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აზრი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გორის საინფორმაციო ცენტრის“ თავმჯდომარე მიშა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ 7 და 8% რომელიც ქალაქის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობას კარაგად აფასებს ეს მათი უპირობო მხარდამჭერია. ჩიტაძის განცხადებით, აქცენტები გამოკითხვის იმ ნაწილში უნდა გაკეთდეს, სადაც მერის და საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებენ. 

,,NDI-ის  ბოლო კვლევამ აჩვენა რეალური შედეგები. ვერც მერი და ვერც საკრებულოს თავმჯდომარე გადაწყვეტილებებს ვერ იღებს დამოუკიდებლად. ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტა  როგორც ქალაქის, ისე მოსახლეობის, ხშირ შემთხვევაში, ითხოვს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებების მიღებას, ამის უზრუნველყოფა კი არ შეუძლია "მორჩილ  ჩინოვნიკს“,- განაცხადა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წევრმა მიშა გოგინაშვილმა. 

 „იმის დასადგენად, რომ ყველაზე ნეგატიური შეფასება გორის მერს ექნებოდა, სულაც არ მჭირდებოდა NDI-ის კვლევის შედეგები. ამ შემთხვევაში არც ამ კვლევის სანდოობაზე ვილაპარაკებ, მის გარეშეც კარგად ვიცი ჩემი ქალაქის მდგომარეობა. ქალაქის მერი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, გარდა იმისა, რომ ქალაქის მერმა უნდა უხელმძღვანელოს თვითმართველობის მოხელეთა კორპუსს, ის ასევე უნდა იყოს კარგი პოლიტიკოსი, მან უნდა შეძლოს და შეინარჩუნოს, როგორც მოსახლეობის, ასევე საკრებულოს უმრავლესობის ნდობა. სამწუხაროდ, მერმა ვერც ერთი და ვერც მეორე უმთავრესი მოვალეობის შესრულება ვერ შეძლო. ქალაქი მოშლილია ინფრასტუქტურული თვალსაზრისით, ამაზე ბევრი ლაპარაკი არცაა საჭირო, 5 წუთით ქალაქში გასვლაც საკმარისია. რამდენიმე თვის წინ მოვუსმინე მის პრეზენტაციას, სამწუხაროდ,  მერმა ვერც ყველაზე მნიშვნელოვანი შეძლო და ვერ განსაზღვრა ქალაქის მცირე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიები, ვერ დასახა მიზნები, ამოცანები და რეალიზაციის გზები. გულსატკენია, რომ ქალაქის განვითარების პერსპექტივები არ ჩანს და ამით ჩვენ ვზიანდებით“,- განაცხადა სტუდენტმა ნოდარ ეცადაშვილმა.

NDI-ის კვლევა 2015 წლის აგვისტოს შედეგებს ეყრდნობა, გამოკითხვა 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, სულ 4 448 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +- 3 %-ია.

ახალი ამბები