კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნდობის აღდგენა მავთულხლართების ფონზე

29 ოქტომბერი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შორენა ბიჭიკაშვილი, 
შიდა ქართლი

ჩვენ თუ ვუყურეთ, როდის გაქრება ეს მავთულხლართები, რათა შემდეგ ხალხმა დაიწყოს დიალოგი, ძალიან დიდ დროს დავკარგავთ. საჭიროა მოქმედებები დავიწყოთ აქედანვე“, - ამ სიტყვებით გახსნა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა 23 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების თემაზე შეხვედრა. 

შეხვედრაში, რომელიც გაიმართა პროექტის - კოალიცია „ნდობის აღდგენისათვის“ აქტივობის ფარგლებში, მონაწილეობდნენ ნდობის აღდგენისა და შერიგების თემებზე მომუშავე ორგანიზაციები, ნიქოზში მცხოვრები მოქალაქეები და შიდა ქართლში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას უწყობენ ხელს და ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა აქვთ განხორციელებული. შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის დისკუსიის გამართვა და გამოცდილების გაზიარება, ნდობის აღდგენის პროცესებთან დაკავშირებით.

ნიქოზში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კვალი რამდენიმე საცხოვრებელ სახლს დღესაც ეტყობა. ნიქოზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ოკუპირებული ცხინვალია. სოფელში ამაღლებული ადგილიდან შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ცხინვალში საცხოვრებელი სახლები და ფეხით მოსიარულე ადამიანები. ცხინვალის ერთ-ერთი გარეუბანი - შანხაი პრაქტიკულად ნიქოზზე იყო მიბმული და სწორედ ამ დასახლებიდან გაჰქონდათ წლების განმავლობაში ნიქოზელებს ცხინვალში პროდუქტი გასაყიდად. სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნებამ 90-იანი წლების ომის შედეგად წარმოქმნილი დაძაბულობა თითქმის ნულამდე დაიყვანა. „2008 წლის ომამდე ნდობა აღდგენილი იყო“, - გვეუბნება ნიქოზში მცხოვრები მზია მოსიაშვილი, რომელიც ცხინვალში გასაყიდად წაღებულ პროდუქტს ხშირად ნისიად უტოვებდა მყიდველებს.   

მზია მოსიაშვილი ნიქოზში მცხოვრები: „1991 წლიდან ხომ გაწყდა ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ - ხალხმა მაინც შევძელით ნდობის აღდგენა. ღამეს არ ვათევდით ცხინვალში, თორემ ყოვედღე შეგვეძლო შევსულიყავით, გაგვეყიდა წაღებული პროდუქტი და სხვა რამ პროდუქტი გვეყიდა.  2008 წლის შემდეგ ეს ყველაფერი საბოლოოდ გაწყდა. კი, ნდობა უნდა აღდგეს ახლაც, მაგრამ 90-იან წლებთან შედარებით, ახლა უფრო რთული ვითარება. მაშინ რუსი სამხედროები არ იდგნენ ასე და არ იყო ამდენი ბლოკ-საგუშაგო. დღეს არც იქედან უშვებენ ადამიანებს და ვეღარც აქედან გადადიან“.
  
რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი გოგა აფციაური სამშვიდობო პროცესებზე ხშირად ამზადებს რეპორტაჟებს. პროფესიული საქმიანობის პარალელურად იგი აქტიურად არის ჩართული ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგში. 

გოგა აფციაური, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი: „არასამთავრობო ორგანიზაციებს მე ყოველთვის მოვუწოდებ, დატოვონ ოფისები, გავიდნენ სოფლებში და შეხვდნენ იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ შეეხო კონფლიქტები, რადგან ყველაზე მეტად მათ იციან მშვიდობის ფასი. მარტო თბილისიდან და გორიდან კი არ უნდა ვსაუბრობდეთ კონფლიქტების მოგვარებაზე, არამედ პირველ რიგში - იმ ადგილებიდან, სადაც ადამიანებს უშუალოდ შეეხო კონფლიქტი. აქაურებმა ყველაზე მეტად იციან მშვიდობის ფასი. ამავე დროს, ბევრი ორგანიზაცია მუშაობს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოგვარებაზე, მაგრამ ადამიანებმა, რომლებიც კონფლიქტის რეგიონში ცხოვრობენ, არ იციან მათი არსებობისა და საქმიანობის შესახებ. ამიტომ აუცილებელია, მოვიდნენ აქ და შეარჩიონ ახალგაზრდები, რომლებიც ჩაერთვებიან და მიიღებენ მონაწილეობას სამშვიდობო პროცესში“.

ლია ჩლაჩიძემ 2008 წლის ომის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „ერგნეთი“  დააფუძნა და სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. ჩლაჩიძე დღეს გორის მუნიციპალიტეტში მუშაობს. მისი განცხადებით, ნდობის აღდგენის გზებზე სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. „სამწუხაროდ, სახელმწიფო ძალიან აგვიანებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ვმუშაობ სახელმწიფო ორგანოში, ამას თამამად ვამბობ. ძალიან გვიანდება რესტიტუციის პრობლემების გადაჭრა. ოს მოქალაქეებს, რომლებსაც 90-იან წლებში, ქონება წაართვეს და ეთნიკური ნიშნით დევნიდნენ, ჯერჯერობით სამართალი არ უპოვიათ“, - განაცხადა ლია ჩლაჩიძემ. 

სამოქალაქო აქტივისტი, სამართლის ლექტორი არინა თავაქარაშვილი აცხადებს, რომ ნდობის აღდგენის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციურ კვლევებს, იქნება ეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა თუ სხვა ტიპის სამეცნიერო სამუშაოები. რაც მთავარია, ეს სამუშაოები, ძირითადად, უნდა მიმდინარეობდეს ე. წ. გამყოფ ხაზთან ახლოს, სადაც კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეები ცხოვრობენ.

ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: „მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლის რეგიონში რთული ვითარებაა და ხალხებს ჰყოფს მავთულხლართები, დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ როგორ უნდათ ადამიანებს ერთად თანაცხოვრება და როგორ შეიძლება ეს პროცესები განვითარდეს ისე, რომ საბოლოოდ მივიდეთ შერიგებამდე. შეხვედრაზე განვიხილეთ ის რესურსები, რაც შერიგების პროცესს ხელს შეუწყობს. კარგია, რომ ბოლო პერიოდში  ხორციელდება სპეციალური ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ოსი და აფხაზი მოქალაქეებისთვის. ასეთ პროგრამებში ჩართულები არიან ნიქოზში მცხოვრები მედიკოსებიც. ნიქოზში არსებობს ამბულატორია შესაბამისი ლაბორატორიით და მედიკოსებს აქვთ სურვილი, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარება გაუწიონ არა მარტო ნიქოზში მცხოვრებ პაციენტებს, არამედ მავთულხლართების იქეთ მცხოვრებ ადამიანებსაც. მართალია, აქვე არსებობს ხელოვნური ბარიერები, მავთულხლართების სახით, მაგრამ მთავარი მაინც არის ურთიერთობის სურვილი, რომელიც მავთულხლართებით გაყოფილ ორივე ხალხს აქვს. ასევე, არსებობს შერეული ოჯახების რესურსი, რომლებიც მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ კონტაქტებს თავიანთ ნათესავებთან მავთულხლართების მეორე მხარეს. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ისტორიები, რომ ერთმანეთს ურეკავენ ტელეფონით, ჭირში იქნება თუ ლხინში და ზოგჯერ ადამიანები ახერხებენ ერთმანეთთან შეხვედრას. ასევე გამოიკვეთა საჭიროება, რომ მეტი ხელშეწყობა იყოს ხელისუფლების მხრიდან ნდობის აღდგენის მიმართ, რათა ეს პროცესი უფრო სწრაფად განვითარდეს“.

 2012 წლიდან ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორობით სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახორციელებს პროექტს - „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“. საქართველოში პარტნიორები არიან ადამიანის უფლებათა ცენტრი და საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე მუდმივად იმართებოდა საჯარო დისკუსიები და ტელედებატები. ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ ოს და აფხაზ კოლეგებს. 

ახალი ამბები