კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წიგნის პრეზენტაცია - „ნდობა და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“

9 ნოემბერი, 2015
რატი ხარატიშვილი

5 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის „ნდობა და მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროექტ კოალიცია „ნდობის აღდგენის“ ფარგლებში გამოიცა. წიგნის მიზანია, მოიძებნოს რესურსები დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის, რათა სამხრეთ კავკასიის ხალხების ისტორიაში დაიწყოს ახალი ეტაპი - ნდობის აღდგენა. წიგნში თავმოყრილია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და რეგიონების წარმომადგენელთა განსხვავებული მოსაზრებები. 

კოალიცია „ნდობის აღდგენისთვის“ ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიაში და აერთიანებს გაეროს წევრ სამ ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე - არაღიარებულ რესპუბლიკებს: აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღს. 

„პროექტი „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ დასასრულს მიახლოვდა. მას ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ახორციელებდა, საქართველოში კი მისი პარტნიორები ადამიანის უფლებათა ცენტრი და მრავალეროვანი საქართველო იყვნენ. ჩვენ ვმუშაობთ კოალიციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რათა შემდეგ, ახალი პროექტებისა და აქტივობების ფარგლებში, შევძლოთ კოალიციამ იმუშაოს ნდობის აღდგენისა და შერიგების თემებზე“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

წიგნი „ნდობა და მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ 5 თავისგან შედგება, რომელშიც სხვადასხვა ავტორის სტატიებია თავმოყრილი. 

„ამ წიგნის ავტორებს საშუალება მიეცათ, საკუთარი აზრი გამოეხატათ არსებულ კონფლიქტებზე. მაგალითად, მკითხველმა არ იცის, რას ფიქრობს აფხაზი და ოსი მოსახლეობა ჩვენ შორის არსებულ დაპირისპირებაზე, შეიძლება, ზოგიერთი მათგანის აზრი მიუღებელი იყოს ვინმესთვის, თუმცა ჩვენ შევთანხმდით, რომ მათ მიერ დაწერილ სტატიებს უცვლელად მივიტანდით საქართველოს მოსახლეობამდე. შეიძლება, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ბევრ საკითხზე წარმოდგენა შეეცვალოს მკითხველს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო ტლაშაძემ. 

წიგნის ერთ-ერთი პუბლიკაციის ავტორია საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში უნდა გაიზარდოს სახელმწიფო ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის, მედიის, ეკლესიისა და, მთლიანად, საზოგადოების ჩართულობა.

„ასეთი მონაწილეობითი ნაშრომის გამოცემა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი მცდელობა იმისა, რომ ვისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რომელიც ეხება კონფლიქტის მოგვარებას, კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებსა  და გარდამავალ მართლმსაჯულებას. ჩემთვის სასიხარულოა, რომ წიგნში ჩემი სტატიაც არის შესული. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ეს საკითხები უფრო მეტად იყოს განხილული, აუცილებელია მეტი დისკუსია და დებატები კონფლიქტის ტრანსფორმაციასა და მოგვარების თემაზე. მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდეს სახელმწიფო ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციების როლიც არ არის მთლიანად გამოყენებული, ვფიქრობ, მეტი რესურსი არსებობს მსგავსი საქმიანობების განსახორციელებლად. უნდა აღინიშნოს მედიის როლიც. ასევე, აუცილებელია ამ პროცესში ოსური და აფხაზური თემების მონაწილეობაც“, - განაცხადა ომბუდსმენმა. 

 „ვფიქრობ, რომ უფრო ფართოდ შეიძლებოდა ამ საკითხის წარმოჩენა, მაგრამ ამასაც აქვს თავისი გამართლება, რადგან სამხრეთ კავკასიაში ამხელა მოცულობისა და მასშტაბის კვლევის წარმოება არ არის ადვილი საქმე. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ შემდგომში ცალკე რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით შეისწავლიან კონფლიქტებს და უფრო ფართო სპექტრით წარმოგვიდგენენ ინიციატივებს, რომელთა მიზანი ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობა იქნება“, - განაცხადა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნაირა ვეპიევიმა.

კოალიცია „ნდობის აღდგენისთვის“  განაგრძობს მუშაობას სამოქმედო გეგმაზე, რათა შეიცვალოს საზოგადოების განწყობა და დაიწყოს დიალოგი აფხაზ, ოს და ქართველ ხალხს შორის.

ახალი ამბები