კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქია შიდა ქართლში

16 ნოემბერი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

გადახდილი სახურავები, დატბორილი სარდაფები, მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა - ეს სურათი შიდა ქართლის რეგიონში 12 ნოემბერს სტიქიის შედეგად შეიქმნა.    
  
გორის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, 12 სოფელს  კი, ელექტროენერგია არ მიეწოდება.  გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით,   ზარალის შემსწავლელი კომისიის შექმნა მას შემდეგ გადაწყდება, რაც სრული ინფორმაცია ექნებათ სტიქიის შედეგებზე.

„ამჟამად მიმდინარეობს მხოლოდ ზოგადი მონაცემების განხილვა სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ ვიმსჯელებთ, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახური შეისწავლის ზარალს თუ კომისიის შექმნა გახდება აუცილებელი“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბრობენ  ხაშურის მუნიციპალიტეტში. ადიდებული მდინარე სურამულა კალაპოტიდან არ გადმოსულა, თუმცა საცხოვრებელი სახლები წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვარმა დატბორა ჩუმათელითის დასახლებაში.  ხაშურში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახდა. სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს. მუნიციპალიტეტში მცხოვრები 7 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
 
,,მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, რამაც გამოიწვია მდინარე სურამულას ადიდება თუმცა, საბედნიეროდ, მდინარე სურამულა კალაპოტიდან არ გადმოსულა. ნიაღვარი წარმოიქმნა არხებიდან და ფერდობებიდან, ძირითადად, დაწურული წყლით, რამაც დატბორა სარდაფები და საავტომობილო გზები.  მუნიციპალიტეტში  რამდენიმე სახლს აქვს სახურავი გადახდილი“, - განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი გურასპაშვილმა.

სტიქიას ებრძვიან ქარელის მუნიციპალიტეტშიც, ძლიერმა ქარმა  სახურავი რამდენიმე კორპუსს და სასწავლო დაწესებულებების შენობებს გადახდა.  სასწავლო პროცესი  შეჩერებულია საბავშვო ბაღებში.  ელექტროენერგია არ მიეწოდება 6 000 მდე აბონენტს.
„ამ ეტაპზე ძნელია ზარალის ოდენობის განსაზღვრა, კერძო სახლების გარდა დაზიანებულია კორპუსები,  ასევე -  საბავშვო ბაღები და სამუსიკო სკოლები,  რის გამოც დაზიანებულ შენობებში სასწავლო პროცესი შევაჩერეთ", - აღნიშნა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა გულიაშვილმა.

შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად  მუნიციპალიტეტები არსებულ მდგომარეობას მთავრობის კანცელარიის რეგიონების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი გაეცნო. 

ამ დროისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის   ზუსტი რაოდენობა უცნობია. შიდა ქართლის სამაშველო სამსახური ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

ახალი ამბები